თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტები 2021 წელს 800 000 ლარით დაფინანსდება. თემატიკა მოიცავს საგანმანათლებლო, კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ მიმართულებებს. პროექტების განხილვა, წლის მანძილზე, სამ ეტაპად ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის შესაბამისად, პროექტებს სპეციალურად შექმნილი საკონკურსო საბჭო დეტალურად გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს. საბჭო თითოეული პროექტის მიზნისა და ამოცანების, პროექტის ბენეფიციარების, პროექტის დასაბუთების, დაგეგმილი აქტივობების, მოსალოდნელი შედეგების, პროექტის მდგრადობის, ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის გაანალიზების შედეგად ავლენს გამარჯვებულებს.
2021 წლის პირველი საკონკურსო ეტაპის საუკეთესო პროექტები უკვე გამოვლენილია — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 42 სტუდენტურ პროექტს დააფინანსებს, მათ შორის არის: „დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი პლატფორმა"; „ამერიკელი მოგზაურები საქართველოში (XIX საუკუნის I ნახევარი)“; „CD-180 გაშუალებული სასიგნალო გზები Mec1 უჯრედულ ხაზში“; „ნანონაწილაკებისა და ქიმიოთერაპიული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმების შესწავლა სიმსივნის ექსპერიმეტალურ მოდელში“; „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა“; „ვისწავლოთ, როგორ ვასწავლოთ“; „საქართველო შუა საუკუნეების ევროპული და აღმოსავლური კულტურის კონტექსტში“; „სოფელ ხანის ეთნოგრაფიული კვლევა“; „რაჭის არქეოლოგიური სადაზვერვო ექსპედიცია“; „ესეების კონკურსი — წარმატება და წარმატების ხელოვნება“; „სტუდენტური ექსპედიცია გურიაში“; „სტუდენტური ექსპედიცია სვანეთში“; „საგანმანათლებლო ფესტივალი სტუდენტებისთვის“; „აიღე თსუ“; „დაინახე და დაანახე“; „მელომანია“; „საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სფიჩის წერა“; „უპასუხე თსუ-ს“; „კონფერენცია საერთაშორისო სამართლის მიმართულებით“; „კონფერენცია სამართლის მეთოდებისა და ისტორიის მიმართულებით“; „კონფერენცია სამოქალაქო სამართის მიმართულებით“; „კონფერენცია საჯარო სამართის მიმართულებით“; „კონფერენცია სისხლის სამართის მიმართულებით“; „შექმენი კანონპროექტი“; ტრენინგი „არტ-თერაპია“; ტრენინგი „გეშტალტთერაპია“; „გონების თამაშები“; „ინტელექტუალთა ბრძოლა“; „რა სად როდის“; „სტარტაპერი“; „სტუდენტური კონფერენცია“; „ფოტოკონკურსი — გააცანი შენი თავი“; „ყველაზე ჭკვიანი“; „ოლიმპიადა ბიოლოგია-ქიმიაში“; „ოლიმპიადა ფიზიკაში“; „ბრიტანული საპარლამენტო სტილის დებატები“; „ინტელექტ-ლიგა“; „საკალათბურთო ტურნირი 2021“; „მინი ფეხბურთის ტურნირი“; „პროფესიული ორიენტაციის დღეები“; „სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2021“; „ჭადრაკის ტურნირი“.
როგორც სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს ხელმძღვანელი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი აცხადებს: „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს სახელზე შემოსული 64 პროექტიდან დაფინანსდა 42. კომისია მუშაობდა ერთი პრინციპით: მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო იმ პროექტებისათვის, რომლებიც ტექნიკურად და შინაარსობრივად დებულებით გაწერილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. გამარჯვებული პროექტები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა ფაკულტეტების და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილ მიმართულებებზე“.
მაია მესტვირიშვილმა სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ჩაანაცვლა.
„აღნიშნული მოვალეობის შესრულების პროცესში ჩემთვის მთავარი პრიორიტეტები იქნება კვლევების ინიცირების და განხორციელების, სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიებებისა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებისთვის გამიზნული შემეცნებითი-გასართობი პროექტების მაქსიმალურად ხელის შეწყობა. ჩვენ, კომისიის წევრები, მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტების ყველა ინიციატივა წავახალისოთ“, — აღნიშნა მაია მესტვირიშვილმა.
სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს ახალი ხელმძღვანელი, თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მისი კვლევის სფერო სოციალური იდენტობების, მორალური ორიენტაციის, სელფისა და მისი ფუნქციების საკითხებს უკავშირდება.
მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად კონკურსს კიდევ ორჯერ გამოაცხადებს. განაცხადების მიღების ზუსტი თარიღი თსუ-ის ვებ-გვერდზე განთავსდება.
მოამზადა ნატო ობოლაძემ