ნატო ობოლაძე
სქესობრივი განათლების სწავლების ფორმებსა და მეთოდებზე მსჯელობა არ წყდება. საზოგადოების ნაწილი სკოლებში სქესობრივი განათლების საკითხების სავალდებულო ფორმატით სწავლებას ითხოვს, ნაწილი — წინააღმდეგია. 4 წლის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა, შედეგად სქესობრივი და რეპროდუქციული საკითხები სხვადასხვა საგანში გადანაწილდა და დაინერგა. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში კი თბილისის რამდენიმე სკოლაში ახალი საგნის — „ექიმის საათი“ — პილოტური სწავლება მიმდინარეობდა. რა ვითარებაა ამჟამად, რას გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სქესობრივი განათლების მიმართულებით დანერგილი სტანდარტების გასაუმჯობესებლად და სწორი საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა გვესაუბრება.
— 4 წლის წინ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელდა ცვლილებები და სასწავლო პროგრამაში სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული სიახლეები აისახა. რა შედეგი გამოიღო აღნიშნულმა ცვლილებამ?
— რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე გარკვეული ინფორმაცია წინა თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც იყო გაწერილი, თუმცა ძველი პროგრამა შედეგზე ორიენტირებული სწავლებისთვის არასაკმარისად ჩაითვალა. შემდეგ, გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად, ზოგადად, საგნობრივი სტანდარტები გადავამუშავეთ (მათ შორის ბიოლოგიაშიც) და სქესობრივი განათლების ნაწილი გავაძლიერეთ. მინდა ვთქვა, რომ ამ დროისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის, სქესობრივი ჯანმრთელობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები გადანაწილებულია 6 საგანში: დაწყებით საფეხურზე ამ თემებს მოიცავს „ბუნებისმეტყველება“, „მე და საზოგადოება“, „ჩვენი საქართველო“, საბაზო საფეხურზე კი — „ბიოლოგია“, „მოქალაქეობა“ და „სპორტი“. დაწყებით საფეხურებზე ყურადღება გამახვილებულია პირად ჰიგიენაზე, ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე, ჯანმრთელობაზე მოქმედ სხვადასხვა მავნე ფაქტორებზე. საბაზო საფეხურზე ისწავლება ისეთი საკითხები, როგორიცაა: გარდატეხის ასაკი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს თემები გაშლილია როგორც ბიოლოგიური, ასევე სამოქალაქო განათლების მიმართულებით.
— რაც შეეხება სექსუალური ძალადობის ამოცნობის საკითხს, ეს მიმართულება ისწავლება?
— დაწყებით საფეხურზე არ ისწავლებოდა, თუმცა ჩვენ გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში, იუნესკოს სტანდარტის გათვალისწინებით, გავაკეთეთ შესაბამისი საკითხების ჩამონათვალი, რაც დაწყებითი საფეხურის სასწავლო პროგრამაში აისახება. ამ საკითხებს შორის არის სკოლაში ბულინგის და, ამავე დროს, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ამოცნობა. ვფიქრობთ, აუცილებელია ბავშვმა იცოდეს — თუ რა არის პირადი სივრცე, როგორ დაიცვას თავი, როგორ მოიქცეს უცხო ადამიანთან, რა არის კარგი და ცუდი საიდუმლო, სად არ შეიძლება შეხება, რა უნდა გააკეთოს — თუ დაიკარგება, როდესაც სახლში მარტოა და ა.შ. ეს საკითხები I-VI კლასების პროგრამაშია გაწერილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ახალი საგნის — „ექიმის საათი“ — პილოტური სწავლება თბილისის 6 სკოლაში გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში მიმდინარეობდა, წინასწარ გადავამზადეთ სკოლის ექიმები. სწავლება ტრენინგ-მოდულის ფორმატში განხორციელდა. გაკვეთილებს კლასის დამრიგებლებიც ესწრებოდნენ.
გაზაფხულზე „ექიმის საათის“ პილოტურ სწავლებას არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონების სკოლებშიც დავიწყებთ. ვგეგმავთ სკოლის ექიმების ფართომასშტაბიან გადამზადებას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ყველა სკოლას არ ჰყავდა ექიმი, პარლამენტმა სამინისტროს დაავალა ამ საკითხის გამოსწორება და ამ მიმართულებით ეტაპობრივად ვმუშაობთ.
— ასევე, იგეგმებოდა არჩევითი საგნის — „ჯანმრთელობა“ — დანერგვა უფროსკლასებისთვის, ამ მიმართულებით რა ვითარებაა?
— ამ მიმართულებით ორგანიზაცია „თანადგომასთან“ ერთად ვმუშაობთ, რომელმაც ერთსემესტრიანი არჩევითი კურსი შემოგვთავაზა. კურსი მოიცავს რეპროდუქციულ და სქესობრივ ჯანმრთელობას. ეს პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.
— როდესაც ვსაუბრობთ, რომ სექსობრივი განათლების საკითხთან დაკავშირებული საგნები იქნება არჩევითი და არა — სავალდებულო, ამას საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელიც კი შეიტანა სასამართლოში... ამ საკითხთან მიმართებით თქვენ რა პოზიცია გაქვთ?
— თუ საგანს — „ჯანმრთელობა“ — გულისხმობთ, ეს არჩევით კურსად დარჩება. მინდა აღვნიშნო, რომ სქესობრივი განათლება, როგორც სავალდებულო საგანი, არცერთ ქვეყანაში არ არის დანერგილი. ეს თემები ინტეგრირებულია ბიოლოგიაში და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებში. საქართველოში, როგორც აღვნიშნე, ეს საკითხი გადანაწილებულია ახალი სტანდარტებით შედგენილ შესაბამის სახელმძღვანელოებში, რაც, შესაბამისად, ნიშნავს, რომ ამ საკითხების სწავლება არის სავალდებულო. სხვათაშორის, „ექიმის საათიც“ არაფორმალური განათლების ნაწილად მოიაზრება, მაგრამ ვეგმავთ, რომ გახდეს სავალდებულო.
— აქტუალური საკითხია იმ პედაგოგების გადამზადება, რომელსაც საგნის პროგრამის მიხედვით ევალებათ სქესობრივი და რესპროდუქციული საკითხების სწავლება, თუმცა უმრავლესობა აღნიშნულ თემებზე მოსწავლეებთან საუბარს თავს არიდებს...
— შესაძლოა, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ კერძოს სურს, რომ ეს საკითხები უფრო სიღრმისეულად ისწავლებოდეს, თუმცა მინიმალური სტანდარტი, ამ ეტაპზე, დაფარული გვაქვს. ამ ეტაპზე, მთავარია, რომ შემუშავებული სტანდარტები სრულყოფილად დაინერგოს. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი მასწავლებლის საგამოცდო პროგრამაშიც ჩაიდოს.
— სქესობრივი განათლების მნიშვნელობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით რა საინფორმაციო კამპანიებს გეგმავს სამინისტრო?
— მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებას ვგეგმავთ. მაგალითად, იმისათვის, რომ რეგიონებში დაიწყოს „ექიმის საათის“ პილოტური სწავლება, ჩვენ სკოლების დირექტორებსა და დამრიგებლებს ვთხოვეთ, მშობლებისთვის აეხსნათ გადაწყვეტილების მნიშვნელობა და აქტუალობა. აუცილებელია მათ განვუმარტოთ, რომ სქესობრივი განათლების საკითხების სწავლება მათი შვილების უსაფრთხოების წინაპირობაა. ბავშვებზე ძალადობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევა გვახსოვს, ამიტომ მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ ამოიცნონ მოძალადე. ასევე, კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი იციან მოზარდებმა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, მით უფრო ნაკლებია ნაადრევი ქორწინების რისკი. შესაბამისად, ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის სწორი და დროული ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.