ნატო ობოლაძე
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი არჩილ ჯავახიშვილი სწავლას ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის — პენის მაგისტრატურაში გააგრძელებს. „ცოტა ხნის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩარიცხული ვარ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2021 წლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. უშუალოდ დეკანის თანაშემწესთან გასაუბრების შედეგად კი მაცნობეს, რომ მოვიპოვე კოლოსალური სტიპენდია და სწავლა მთელი პროგრამის მანძილზე დამიფინანსდება“, — წერდა არჩილ ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში სიახლის შესახებ, რომლითაც როგორც საკუთარ წარმატებას, ასევე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების საერთაშორისო უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს. არჩილ ჯავახიშვილი, პარალელურად, ევროპის შვიდმა და ამერიკის ხუთმა უნივერსიტეტმა მიიღო. თუ რატომ შეაჩერა არჩევანი პენსილვანიის უნივერსიტეტზე, როგორია გზა თსუ-დან პენი-მდე, რა სირთულეების გადალახვა მოუწია და რას ურჩევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს? — ამის თაობაზე თავად გვესაუბრება.
პრაქტიკული რჩევები სტუდენტებს,
ვინც საზღვარგარეთ სწავლითაა დაინტერესებული
პენსილვანიის უნივერსიტეტში სამართლის რომელ მიმართულებაზე გააგრძელებ სწავლას?
პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში კერძო სამართლის მიმართულება ავირჩიე. მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამას ამ სემესტრში ვამთავრებ და, შესაბამისად, გადავწყვიტე ამერიკაშიც იმავე მიმართულებაზე მესწავლა, რათა ეს სფერო კიდევ უფრო ღრმად ამეთვისებინა. დამატებით ამერიკაში უცხო ქვეყნის დიპლომის მქონე საერთაშორისო სტუდენტებს ასწავლიან სავალდებულო კრედიტების ფარგლებში ამერიკის სამართალს, რომელიც დაგვეხმარება ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ იმ ძირითად განსხვავებებზე, რაც ჩვენი ქვეყნისა და ამერიკის სამართლებრივ სისტემებს შორის არსებობს.
რა ეტაპების გავლა მოგიწია ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებად?
გულწრფელად რომ ვთქვა, ეტაპების გავლა ადვილი არ ყოფილა არც ფინანსური თვალსაზრისით და არც მოთხოვნილი დოკუმენტაციისა თუ სხვა დეტალების გათვალისწინებით. ამერიკის უნივერსიტეტი მთხოვდა სამ სარეკომენდაციო წერილს, რომელთაგან მინიმუმ ერთი ყოფილი ლექტორის და ერთი დამსაქმებლის უნდა ყოფილიყო. ასევე მომიწია სამოტივაციო წერილების შევსება — პირველი წერილი იმის თაობაზე, თუ რატომ უნდა ამარჩიოს უნივერსიტეტმა ათასობით აპლიკანტს შორის მაინცდამაინც მე, ხოლო მეორე წერილში, დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, ჩემი ფინანსური საჭიროების შესახებ დასაბუთებული მსჯელობა უნდა წარმედგინა. ასევე უნივერსიტეტმა მომთხოვა როგორც აკადემიური კუთხით ჩემი მიღწევების მითითება (დოკუმენტაციის დართვით), ასევე აქტივობისა და სამუშაო გამოცდილების კუთხით. ითხოვდნენ მინიმუმ 1-წლიან გამოცდილებას იურიდიული პროფესიის მიმართულებით. მომიწია როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის ნიშნების, დიპლომის, სარეიტინგო სიების გაგზავნა დალუქული წერილის სახით. დამატებით ჩავაბარე ასევე ინგლისური ენის გამოცდა IELTS, სადაც ავიღე 7.0 ქულა, რომელიც უნივერსიტეტისგან მოთხოვნილ ქულაზე მაღალი აღმოჩნდა. დეტალურად შემავსებინეს ინფორმაცია ჩემი ოჯახური მდგომარეობის, საზღვრის კვეთის და სხვა საკითხების შესახებ. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე შემისწავლეს ჩარიცხვის წერილის გამოგზავნამდე.
რამ განაპირობა შენი არჩევანი — რატომ ამერიკა და არა ევროპის რომელიმე უნივერსიტეტი?
მხოლოდ ამერიკაში საბუთები ნამდვილად არ გამიგზავნია იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალი ძალიან ახლოს დგას გერმანულ სამართალთან. ამ ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტშიც მქონდა აპლიკაციები გაგზავნილი. ამერიკაში საბუთები ალალბედზე გავაგზავნე, რადგან ყველას მოგვეხსენება, თუ რა კოლოსალური თანხები გჭირდება იმისათვის, რომ ამ ქვეყნის რომელიმე უნივერსიტეტში ისწავლო. ჩემი ძირითადი გათვლა მაინც ევროპისკენ იყო მიმართული, რადგან მცირე დაფინანსების შემთხვევაშიც შესაძლებელია სწავლის გაგრძელება, რადგან გადასახადი 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ამერიკაში. ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტების სწავლის დონე რომ შევადარო, შეიძლება სუბიექტური ვიყო, თუმცა ამერიკას მაინც უფრო წინა ეტაპზე დავაყენებ. როდესაც ამერიკის უნივერსიტეტებს ვათვალიერებდი, შემოთავაზებული აქვთ ძალიან ბევრი პრაქტიკული შესაძლებლობები: ანაზღაურებადი სტაჟირებები წამყვან იურიდიულ კომპანიებში, სხვა შტატებსა და ქვეყნებში რამდენიმე თვიანი სამუშაო მივლინებები უნივერსიტეტიდან და მრავალი სხვა. ჩემს უნივერსიტეტს აქვს თავისი საბანკო დაწესებულება, საკუთარი კლინიკა და დაზღვევა, რომელიც თავიდან ბოლომდე სტუდენტებისათვის მაქსიმალურად დაბალ თანხებში მომსახურების გაწევაზეა ორიენტირებული. უნივერსიტეტის ალუმნების ორგანიზაცია კიდევ 70,000 სტუდენტს აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ახლად ჩასულ სტუდენტებს დიდ მხარდაჭერას გვიცხადებენ და გვიწევენ. ამერიკის სამთავრობო პოლიტიკაც, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თავიდან ბოლომდე მიმართულია პერსპექტიული უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის ხელშეწყობაზე და მათი ცოდნის და გამოცდილების რეალიზაციაზე. სწორედ ეს ელემენტებია, რითაც ვთვლი, რომ ამერიკული სწავლება გამოირჩევა ევროპისა თუ სხვა ქვეყნების უმაღლესი განათლებისაგან.
როგორ წარიმართა გასუაბრება დეკანის თანაშემწესთან და რა კრიტრიუმებით საზღვრავენ სტიპენდიის გაცემას?
დეკანის თანაშემწესთან გასაუბრება ცოტა უცნაურად წარიმართა. პირველ რიგში წარმოდგენა მქონდა, რომ ამ გასაუბრებიდან გამომდინარე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ჩარიცხვების თაობაზე. სამწუხაროდ, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ მოვემზადე შესაძლო კითხვებზე ამომწურავი პასუხების გასაცემად და მოუმზადებლად მომიწია ჩართვა. როდესაც მივწერე, რომ მზად ვიყავი ინტერვიუს დასაწყებად, მომწერა, რომ 15 წუთში დამირეკავდა, რადგან სასწრაფო საქმეს აგვარებდა. ეს მიმოწერა იმდენად უშუალოდ და არაფორმალურად წარიმართა, რომ უკვე დადებითი წარმოდგენა შემექმნა როგორც ამ პიროვნებაზე, ისე, ზოგადად, უნივერსიტეტზე. მოგვიანებით, როდესაც ვიდეო ზარით დავურეკე, სახელი და გვარის მეტი არაფერი უკითხავს, პირდაპირ თვითონ დაიწყო საუბარი და მაცნობა, რომ მიღებული ვიყავი უნივერსიტეტში და მოვიპოვე კოლოსალური სტიპენდია (კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ მაქვს უფლება საჯაროდ დავასახელო კონკრეტული თანხა). გაოგნებული ვუყურებდი ეკრანს, ფილმებში თუ მქონდა ნანახი, რომ ამხელა თანხით ვინმეს აფინანსებენ, განსაკუთრებით შორეული ქვეყნის მოქალაქეს. როდესაც ეს ინფორმაცია გავიაზრე და ემოციებით დავიხარჯეთ, მომაყოლა ჩემ შესახებ, ამიხსნა — თუ როგორ დამეხმარებოდა უნივერსიტეტი ამერიკაში ჩასვლის მომენტიდან. მათი მიზანი გამოიკვეთა, რომ ჩემი რეალიზება მოვახდინო ახალ ქვეყანაში და ასევე შემომთავაზა ნახევარ განაკვეთზე უნივერსიტეტში დასაქმება, რომ დავფარო ცხოვრებისა და კვების ხარჯები. ასეთი მეგობრული, უშუალო და ხელშემწყობი მიდგომა არც ერთი უნივერსიტეტისგან არ მიგრძვნია, სადაც საბუთები გავაგზავნე. ცნობისთვის ამასაც დავამატებ, რომ პარალელურად ევროპის შვიდმა და ამერიკის ხუთმა უნივერსიტეტმა მიმიღო, თუმცა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაწყვეტილება შემოთავაზებულმა დაფინანსებამ და ზემოთ აღწერილმა დეტალებმა მიმაღებინა. სტიპენდიის გაცემა ემყარებოდა ჩემს უმაღლეს მიღწევებს როგორც სწავლის, ასევე სამუშაო გამოცდილებისა და აქტიურობის კუთხით. სკაიპში ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი სწორედ ამ აქტივობებზე საუბარს დაეთმო და უნივერსიტეტი ბოლომდე დაინტერესდა ყველა იმ გამოცდილებით, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა.
დაზღვევისა და წიგნების თანხის მოძიებასთან დაკავშირებით თუ არის კარგი სიახლე?
სამწუხაროდ, ჯერ არანაირი სიახლე ამ მიმართულებით არ არის. რამდენიმე ორგანიზაცია მითხრეს, რომელიც დარჩენილი ხარჯების დაფინანსებაში ეხმარება სტუდენტებს, გაგზავნილი მაქვს აპლიკაციები და ველოდები მათი მხრიდან პასუხებს. ვაპირებ, თსუ-შიც შევიტანო განცხადება, რომ ნაწილობრივად მაინც ამინაზღაურდეს დარჩენილი ხარჯები. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, რომელი ქართული ორგანიზაცია გაუწევს კონკურენციას ამერიკის უნივერსიტეტს ჩემი ხარჯების ანაზღაურებაში. სამწუხაროდ, ჯერ ქართული მხრიდან პოზიტიური სიახლეები არ ისმის.
რას ურჩევ სტუდენტებს, ვისაც სურს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება...
ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დაიწყოთ უცხოურ უნივერსიტეტში ჩაბარებისათვის მზადება ბოლო წელს თუ სემესტრში. აღნიშნულისთვის მზადება უნდა დაიწყოთ 5 წლით ადრე, მოაგროვოთ ცოდნა, გამოცდილება, რაც დიდ ზეგავლენას მოახდენს უნივერსიტეტებზე თქვენი აპლიკაციის განხილვისას. სკაიპში გასაუბრებისას დეკანის თანაშემწემ პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ ჩემი სტიპენდიის მოპოვება დაკავშირებულია ძალიან მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად იმ მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებასთან და აქტივობებთან, რომლებიც მე ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა. ვიყავი წლების მანძილზე სტუდენტურ თვითმმართველობაში ჯერ იურიდიული ფაკულტეტის თავმჯდომარე, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი, ვარ ორჯერ არჩეული იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრი და ასევე არჩეული სენატის წევრი, ორჯერ ვიყავი საქართველოს წარმომადგენელი ევროპის სტუდენტთა გაერთიანებაში და მრავალი სხვა, რამაც ჩემ სასარგებლოდ უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. ვურჩევ იმ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში სწავლის გაგრძელებით არიან დაინტერესებული, რომ იმუშაონ წლების მანძილზე ამ საკითხზე, კარგი შედეგები დააგროვონ საგანმანათლებლო კუთხით, ასევე ჩაერთონ ყველა შესაძლო აქტივობაში, ორგანიზაციებში და დააგროვონ უდიდესი გამოცდილება, რომელიც ძალიან ფასობს უცხოურ უნივერსიტეტებში. ამ ყველაფერთან ერთად, რასაკვირველია, აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ფლობა, რომ უნივერსიტეტი დარწმუნებული იყოს, რომ თქვენ სხვა ენაზე სწავლის უნარი გაგაჩნიათ. შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ მარტივად არაფერი მოდის, პანსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩარიცხვის წერილშივე ეწერა, რომ მილოცავდნენ ამ სტიპენდიის მოპოვებას და ხვდებოდნენ, რომ ეს მიღწევა ჩემი უდიდესი შრომის შედეგი იყო.