თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლები კოლეგებს შორენა ჩარბაძესა და ასმათ გზობავას იხსენებენ. შორენა ჩარბაძე და ასმათ გზობავა იმ უამრავ ადამიანთა რიცხვში შედიან, რომლებიც კოვიდპანდემიამ შეიწირა.
„საუნივერსიტეტო ურთიერთობები თბილი, კოლეგიალური და მისაბაძია. ეს ადამიანები ამ ურთიერთობების ლამაზ და მტკივნეულ ისტორიად იქცნენ...“ — ამბობენ ფაკულტეტზე.
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია: „გულისტკივილით უნდა ითქვას, რომ იურიდიული ფაკულტეტისთვის 2021 წელი მძიმე და დანაკარგიანი იყო. საყოველთაო პანდემიამ ჩვენს ფაკულტეტს ძალიან ძვირფასი თანამშრომლები — ასმათ გზობავა და შორენა ჩარბაძე გამოაცალა.
ასმათ გზობავა და შორენა ჩარბაძე ჩვენი ფაკულტეტის იმ თანამშრომელთა რიცხვში იყვნენ, რომელთა ასე უდროოდ წასვლა დიდი ტკივილი და დანაკლისია თითოეული ჩვენთაგანისათვის. ასმათი და შორენა განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ როგორც სტუდენტებში, ისე აკადემიურ პერსონალში. მათმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელ ფაკულტეტს დასწყვიტა გული. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტის სივრცეში მყოფი სტუდენტისა და პროფესორ-მასწავლებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხთან არის დაკავშირებული.“
იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მაია ივანიძე: „მონატრება, სევდა, გულისტკივილი... — ამ სიტყვებს, ერთად აღებულს, არ შეუძლია იმ განცდის გადმოცემა, რომელიც ჩვენი ძვირფასი კოლეგების — შორენა ჩარბაძისა და ასმათ გზობავას გახსენებისას მეუფლება.
ორივე საქმიანი, თბილი და გულისხმიერი ქალბატონი გახლდათ. სამწუხაროდ, ორივე ქალბატონი პანდემიამ იმსხვერპლა.
შორენა ჩარბაძე და ასამათ გზობავა იურიდიულ ფაკულტეტზე წლების განმავლობაში საქმიანობდნენ და თავისი ერთგული დამოკიდებულებით მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს იმსახურებდნენ. სწორედ ეს სიყვარული დაგვიტოვეს მათ.
შორენა პანდემიამდე, ბოლოს, უნივერსიტეტში საქმიანი შეხვედრისას ვნახე... მაშინ მითხრა პირველად, რომ ჩემს სახლთან ახლოს ეკლესიაში გალობდა... ძალიან გამეხარდა... 2021 წლის ზაფხულში კოლეგებმა ჯერ ასმათის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ, შემდეგ კი შორენას ავადმყოფობამ ყველანი დაგვზაფრა. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა.
საუნივერსიტეტო ურთიერთობები თბილი, კოლეგიალური და მისაბაძია. ამ ურთიერთობების ლამაზი ნაწილი იყო ჩვენი შორენა და ასმათი — ორივე სიკეთით სავსე, მზრუნველი და პოზიტიური.
მუდამ ასეთი მემახსოვრებით ძვირფასო ქალბატონებო!“
იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი მირანდა მინდაძე: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მუშაობა 2009 წელს დავიწყე და იმავე დღეს გავიცანი შორენა. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, მაშინვე დავმეგობრდით. ის უნივერსიტეტში 2007 წლიდან მუშაობდა და იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. პროფესიით იურისტი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა და უნივერსიტეტში თავის საქმიანობას გალობას, მედავითნეობასა და რეგენტობასაც (მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი) უთავსებდა. გალობდა უამრავ ტაძარში, მათ შორის, რეგიონებშიც და თანაც — სრულიად უსასყიდლოდ. მისი ისტორია მეც ახლახანს გავიგე, არ უყვარდა საკუთარ თავზე საუბარი, ჩრდილში ყოფნა და საქმის კარგად კეთება ერჩია. ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო და მეგობრებთან, მშობლებთან დამოკიდებულებისას სითბოთი და ყურადღებით გამოირჩეოდა. უსაზღვროდ კოლეგიალური იყო — კოვიდპანდემიის დაწყებიდან სამსახურში მორიგეობა გვიწევდა და თუ იცოდა, რომ მე მარტო უნდა ვყოფილიყავი, მოდიოდა და ჩემთან ერთად მუშაობდა. იმ პერიოდში, როდესაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა, თავისი მანქანით აუცილებლად მიგიყვანდა სახლში, მაქსიმალურად ცდილობდა ადამიანებს გაფრთხილებოდა. დოქტორანტებთან მეგობრობდა, ყველაფერი დეტალურად ჰქონდა გაწერილი და ცდილობდა — მაქსიმალურად დახმარებოდა. იმდენად არ უყვარდა ადამიანების შეწუხება, ცუდად რომ იყო, მაშინაც კი, მისი გართულებული მდგომარეობის შესახებ, უცხო ადამიანმა დაგვირეკა და გვითხრა.“
იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი შორენა წენგუაშვილი: „ძნელია წარსულში ისაუბრო ისეთ ძვირფას ადამიანზე, როგორიც გახლდათ ასმათ გზობავა. ქალბატონი ასმათი სამი ათეული წელი იყო იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომელი — გამორჩეულად თავმდაბალი, კეთილშობილი, მშრომელი, ერთგული, მოსიყვარულე, მზრუნველი, ყველასათვის საყვარელი — „ყველას ასმათუნა“. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ასეთი უზარმაზარი სიყვარული და გულისტკივილი გაყოლოდა თან კოლეგების, მეგობრების, ნათესავების, სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულების. ქალბატონი ასმათი რამდენიმე წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას. ეს სიფრიფანა ქალი უძლიერესი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის ბრძოლაში, მაგრამ ამ ვერაგმა პანდემიამ შეიწირა მისი ბრძოლით და წვალებით შენარჩუნებული სიცოცხლე.“