ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხს ცოტა ხნის წინ დიდი მღელვარება მოჰყვა, რამაც საზოგადოების აზრი ორად გაყო: ნაწილი მისი მშენებლობის მომხრეა, ნაწილმა კი მშენებლობის შეჩერება ერთგვარ „გამარჯვებად“ და „გადარჩენად“ შეაფასა. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობის შესახებ ქართულ მედიაში ნაკლები ყურადღება მიექცა პროფესიონალთა მოსაზრებებს – რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა ნამახვანის აშენებას, ან რა შემხვედრი ღონისძიებები უნდა გატარებულიყო ტყის გაჩეხვის, დაცლილი სოფლების და განადგურებული სავარგულების კომპენსაციისთვის.
ცოტა ხნის წინ თსუ-ის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის ვებვერდზე გამოქვეყნდა საინტერესო სტატია, რომელიც საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს გვთავაზობს. ნაშრომში ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ზურაბ კერესელიძე და ზამირა არზიანი აანალიზებენ ყველა ტიპის ენერგეტიკული რესურსების გამოყენების მიზანშეწონილობას საქართველოში და გამოკვეთენ იმ ფაქტორებს, რომელსაც ქვეყნის ენერგორესურსებით დაკმაყოფილება შეუძლია.
საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შეფასება და ეკოლოგიური პრობლემები
ზურაბ კერესელიძე, ზამირა არზიანი
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას საქართველო იყო იმ რესპუბლიკათა შორის, რომელიც ენერგომატარებლებზე, კერძოდ, ელექტროენერგიაზე საკუთარი რესურსებით მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში განვითარდა საკმაოდ ღრმა ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც დღეს მხოლოდ ნაწილობრივ არის დაძლეული. წარსულის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრისათვის აშკარა გახდა, რომ შეუძლებელია ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარეშე. ცხადია, რომ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ამ პრობლემის გადაწყვეტის ძირითადი ფაქტორია იმ ენერგეტიკული რესურსის რაციონალურად გამოყენება, რომელიც საქართველოს გააჩნია.
ბუნებრივია, რომ ჩვენი მთავარი სიმდიდრეა ჰიდრო რესურსი, რომლის პოტენციალის ხელახალი გადაფასება დღეს მწვავე კამათის საგანს წარმოადგენს, რაც, ჩვენი შეხედულებით, მიმდინარეობს ადრე დაგროვილი ინფორმაციის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულების ფონზე. ამის მთავარ მიზეზად მიგვაჩნია აშკარა ფაქტი, რომ დისკუსიაში ჩართული ადამიანების უმეტესობას გააჩნია კომპეტენციის დეფიციტი ენერგეტიკის სფეროში.
მიუხედავად ჰიდრორესურსებით განსაკუთრებული სიმდიდრისა, მათი ათვისების დონით საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს. ამ მხრივ გასაოცარ შედეგს მიაღწიეს ნორვეგიაში, რომელიც, საქართველოს მსგავსად, ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაა და ამჟამად იგი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის გამომუშავების მიხედვით.
ჰიდრორესურსებისაგან განსხვავებით, საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკაში აუცილებელი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სერიოზული მარაგები, თუმცა მათი დაზვერვა საბჭოთა ეპოქის შემდეგაც სისტემატიურად მიმდინარეობს. ამ მიმართულებით პერსპექტივასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული შეფასებები. კერძოდ, დროდადრო ჩნდება იმედი, რომ უახლოეს მომავალში საქართველო დაიკმაყოფილებს ნედლ ნავთობზე მთლიანი მოთხოვნილების ნახევარს მაინც, ანუ არანაკლებ ერთ მილიონ ტონას წელიწადში. არსებული მონაცემებით, საქართველოს ამჟამად გააჩნია დაახლოებით 12 მილიონი ტონა ნავთობის რესურსი, ხოლო ოპტიმისტური პროგნოზით, თუ შავი ზღვის სანაპირო შელფზე აღმოჩნდება ნავთობი, ეს ციფრი რამდენიმე ათეულჯერ შეიძლება გაიზარდოს და 500 მილიონ ტონას მიაღწიოს. დღეს ეს ოცნებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ვარაუდობენ, რომ ჩვენი წიაღი მას შეიცავს 2-დან 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე, თუმცა დღემდე საქართველოში გაზის სამრეწველო მოპოვება არ განხორციელებულა. გარდა ნავთობისა, გარკვეული პერსპექტივა გააჩნია, აგრეთვე, გეოთერმული წყლების მოპოვებას და მათ სამრეწველო ექსპლოატაციას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ეს პროცესი სრული დატვირთვით განხორციელდება, ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით მიღწეული იქნება ისეთი ენერგეტიკული ეფექტი, რომელიც არანაკლებ 1,3-1,5 მილიონი ტონა პირობითი საწვავის ექვივალენტურია.
ბუნებრივი რესურსებიდან საქართველოს ყველაზე მეტი ოდენობით გააჩნია საკმაოდ დაბალი ხარისხის ქვანახშირი. სპეციალისტების შეფასებით, მისი მარაგი ტყიბულში, ტყვარჩელში და ახალციხეში 700 მილიონ ტონას აღწევს. რაც შეეხება მაღალი ხარისხის ქვანახშირს, ამ საწვავით საქართველო არც ისეთი მდიდარი ქვეყანაა, ამიტომ გამართლებული იქნება მისი არაპირდაპირი მოხმარება, ანუ გარდაქმნა აირად და თხევად პულპად, რაც ეკოლოგიურად გაამართლებს მის გამოყენებას.
რამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა
ბევრს მიაჩნია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ ფაქტორთა შორის, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, განსაკუთრებული როლი შეიძლება შეასრულოს ქარისა და მზის ენერგიამ. ზოგადად, ეს იდეა ყოველმხრივ მიმზიდველია, თუმცა, მისი ფართო მასშტაბიანი რეალიზაცია შორეული პერსპექტივის საგანია. დღეს ალტერნატიული წყაროების გამოყენებით მიღებული ელექტროენერგია ეკონომიურად უფრო მომგებიანი იქნება მდიდარი ქვეყნებისათვის, ვიდრე ღარიბებისათვის.
როდესაც ენერგიის არატრადიციულ განახლებად წყაროებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ ბიოენერგეტიკის შესაძლებლობებს. აშკარაა, რომ ჩვენი კლიმატური პირობები საკმაოდ შესაფერისია ბიომასის დიდი რაოდენობით წარმოებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული ეკონომიკურ-ტექნიკური საფუძვლები გააჩნია ბიოგაზის მიმღები დანადგარების პოპულარიზაციასაც. განსაკუთრებით პერსპექტიულია ასეთი დანადგარები მთიანეთის პირობებში, სადაც მესაქონლეობა მოსახლეობის საქმიანობის ტრადიციულ სახეს წარმოადგენს.
შეიძლება თუ არა საქართველოს პირობებში ისე ვაწარმოოთ ახალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, ან უკვე არსებულის ექსპლოატაცია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ნეგატიური ზემოქმედება გარემოზე? მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, სათანადო სურვილისა და დაფინანსების შემთხვევაში, შესაძლებელია დასაშვებ ფარგლებამდე დავიყვანოთ, ან სულაც მთლიანად ავიცილოთ ტექნოგენური ზემოქმედება ბუნებრივ წონასწორობაზე. მაგალითისათვის განვიხილოთ წყალსაცავების მშენებლობა.
საკითხი, თუ რამდენად საჭიროა საქართველოს მასშტაბებით დიდი წყალსაცავები, განსაკუთრებით პრინციპული დავის საგანი გახდა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული. რამდენიმე ათწლეულის წინ დაწყებული გაცხარებული პოლემიკა, ერთი მხრივ, ენერგეტიკოსებსა და ჰიდრომშენებლებს, ხოლო, მეორე მხრივ, ბუნების დამცველებს შორის, კვლავ მთელი ძალით გაღვივდა ჯერ ხუდონის, დღეს კი ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით. გავიხსენოთ, რომ საქართველოს ჰიდრორესურსებს ახასიათებს სეზონური ცვლილებები, რაც დაკავშირებულია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მდინარეთა ჩამონადენის მკვეთრ შემცირებასთან. იმისათვის, რომ დაიფაროს წყლის დეფიციტი, უნდა ხდებოდეს მისი აკუმულირება ხელოვნურ რეზერვუარებში. წყალსაცავები საშუალებას იძლევა ჰიდროელექტროსადგურებზე შევინარჩუნოთ ელექტროენერგიის გამომუშავების მეტ-ნაკლებად სტაბილური დონე. ეს ნიშნავს, რომ, გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში, იარსებებს შესაძლებლობა, რომ ჰესები გამოვიყენოთ არა მარტო ენერგიაზე პიკური მოთხოვნილებების დასაფარავად, არამედ, საჭიროების მიხედვით, გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი ვამუშაოთ ბაზისურ რეჟიმში. გავიხსენოთ, რომ ახლო წარსულში, საშინელი ენერგეტიკული კრიზისის დროს, ბაზისურ რეჟიმში მომუშავე ენგურჰესი აღმოჩნდა, ფაქტობრივად, ქვეყნის გადამრჩენელი სრული ეკონომიკურ-სოციალური კოლაფსისაგან. ამიტომ, თუ ენერგეტიკული პრობლემის ჩვენი ძალებით გადაწყვეტა მართლაც გვინდა, საქართველოში ან უნდა შეიქმნას თბოელექტროსადგურების ძლიერი ბაზა, ან უნდა აშენდეს ახალი, საკმაოდ მძლავრი ჰესები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში, ბაზისურ რეჟიმში იმუშავებენ. მაგრამ, ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შევძლებთ თანამედროვე, მძლავრი ჰიდროენერგეტიკული ობიექტების შექმნას, საკმაო მოცულობის მქონე, წყლის ხარჯის მარეგულირებელი წყალსაცავების გარეშე..
საქართველო ღარიბია ბუნებრივი შიდა წყალსატევებით. ჩვენს ტერიტორიაზე სულ 200-მდე ბუნებრივი ტბაა, თანაც ძირითად ძალიან მცირე ზედაპირული ფართის მქონე. ხელოვნური წყალსაცავების ზომებიც არც თუ ისე დიდია. ბუნებრივია, რომ, როცა კაშხალის საშუალებით ხდება მდინარის კალაპოტის გადაკეტვა და წყლის დატბორვა, იკარგება ჩვენი, ისედაც მცირემიწიანი ქვეყნისათვის სასარგებლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხშირ შემთხვევაში წყლით იფარება სოფლები. ამიტომ, ყველა წყალსაცავის საპროექტო ხარჯებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ტყის დანაკარგების, ე.ი. მერქნის რესურსის კომპენსაცია, ანუ უნდა მოხდეს დანაკარგის ტოლფასი ტყის გაშენების ფინანსირება.
წყალსაცავების მშენებლობას ხშირად თან ახლავს განსაკუთრებულად უარყოფითი მომენტი, სოფლების გადასახლება. იმის გარანტი, რომ მშენებლობიდან აყრილი ოჯახების წევრებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მიეცემათ შესაფერისი კომპენსაცია და გაუჩნდებათ ღირსეული მომავლის პერსპექტივა, უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, პირველ რიგში დაიცვას მოსახლეობის, ხოლო შემდგომ მშენებლის ან ჰიდროენერგეტიკული ობიექტის ექსპლოატატორის ინტერესები.
არსებობს, აგრეთვე, დიდი წყალსაცავების მშენებლობით გამოწვეული, პრაქტიკულად ძნელად კომპენსირებადი ზარალი, რომელიც მდინარეების იხტიო ფაუნას ეხება. კაშხლები ზღუდავენ თევზის მიგრაციისა და გამრავლების ბუნებრივ გზებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასშტაბების ეკოლოგიურ და ეკონომიკურ ზარალს იწვევს მდინარეების მყარი ნატანის აკუმულირება ხელოვნურ წყალსაცავებში. სწორედ ეს ქმნის მყარი ნატანის დეფიციტს შავი ზღვის სანაპირო ზოლში და თუ არ მოხდა ამ ინერტული მასის დანაკარგის ხელოვნური კომპენსაცია, ჩვენი პლიაჟები დროთა განმავლობაში შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
ეკოლოგების აზრით, დიდი წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილება, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ადგილობრივ მეტეოროლოგიურ პირობებზე და ფლორაზე. არსებობს მსოფლიო მონაცემები, რომლებიც ობიექტურად მეტყველებენ ასეთ ცვლილებებზე განსაკუთრებით დიდი ხელოვნური წყალსაცავების რაიონებში. თუმცა, ჩვენთან, მაგალითად, ენგურის ან ჟინვალის წყალსაცავების გავლენით კლიმატური და ატმოსფერული გეოფიზიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება.
საზოგადოდ, მიკროკლიმატურ ცვლილებებზე აპრიორი ცალსახად უარყოფით კონტექსტში ლაპარაკი არაკორექტულია, რადგანაც უნდა გვახსოვდეს, რომ ატმოსფერო არ წარმოადგენს ჩაკეტილ ფიზიკურ (თერმოდინამიკურ) სისტემას. ამიტომ, ატმოსფერული პარამეტრების მცირე ლოკალურ შეშფოთებას არ შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები მასშტაბური კლიმატური ცვლილებების სახით.
სტატიის სრული სახით წაკითხვა შეგიძლიათ მისამართზე: (http://ig-geophysics.ge/IG/language/ka/archives/1373)
მოამზადა მაია ტორაძემ