დღის ახალ რუტინაზე გვესაუბრება თსუ-ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი
ნინო ჭალაგანიძე
— როგორ ართმევს ქართული ჟურნალისტიკა თავს „კოვიდ-19“-ის თაობაზე ინფორმაციის გაშუქებას?
— ვფიქრობ, რომ მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა, რომ ჩვენი პროფესია მეტად საჭირო და არსებითია საზოგადოებისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და პატივისცემას დავუდასტურებ ყველა კოლეგას, ვინც ამ რთულ და დაძაბულ ვითარებაში, რისკის ფასად, საზოგადოების ინფორმირებისთვის შრომობს. მართალი, გადამოწმებული, დაბალანსებული ინფორმაცია დაცულობასა და უსაფრთხოებას ნიშნავს. აქვე აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ჟურნალისტებთან ერთად, განათლების სფეროშიც ისეთივე კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს, როგორც ჯანდაცვის სექტორში. შესანიშნავია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა — „ტელესკოლა“. ასეთი შრომითა და მობილიზებით ბევრი დიდი ქვეყნის მაღალბიუჯეტიანი მედია ვერ დაიკვეხნის.
— თავად რომელ სატელევიზიო არხს ირჩევთ, როცა გინდათ ინფორმაციის მოსმენა ამ რთულ პერიოდში?
— ჩემი, ასე ვთქვათ, იერარქია მაქვს: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით ვიწყებ ხოლმე, ტრადიციულად, და თუ ეთერში იმ მომენტში არ იქნა ახალი ამბების გამოშვება, მერე „იმედზე“ ვრთავ. ასევე, ვეყრდნობი და ვენდობი ციფრული მედიის მონაცემებსაც, უპირატესად, IPN-ს.
— რომელ სატელევიზიო არხს უცხადებთ ბოიკოტს, რათა არ დაითრგუნოთ?
— ბოიკოტს არცერთს არ ვუცხადებ. ჟურნალისტის მხრიდან ეს სწორი არ იქნებოდა. თუმცა, გამოცდილებიდან გამომდინარე, სანდოობის თვალსაზრისით, არ ვარ „მთავარის“, „ფორმულასა“ და, ბოლო დროს, „ტვ პირველის“ მაყურებელი.
— სახლში გამოკეტვის პირობებში რას საქმიანობთ?
— სახლში გამოკეტილს, გაცილებით მეტი საქმე მაქვს, ვიდრე ოდესმე. ვწერ საკითხავ მასალებს თითოეული ლექციისთვის. მაქსიმალურად ვცდილობ, სტუდენტებს გავუიოლო ისედაც მძიმე პერიოდი. ასევე, დისტანციურად ვეწევი ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების საქმიანობის ადმინისტრირებას; პარალელურად, ვმუშაობ ახალ დოკუმენტურ ფილმზე და ოჯახის საქმესაც რა გამოლევს: ბავშვის მეცადინეობით დაწყებული და ყველაფერი დანარჩენი, რისი კეთებაც, სტანდარტულად, დიასახლისს უწევს.
— როგორ გაართვით თავი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესს?
— როგორც სუდენტებისთვის, ისე პროფესორ-მასწავლებლებისთვის გამოწვევა იყო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. გამომდინარე იქიდან, რომ მე, წლებია, მულტიმედია ტექნოლოგიებში ვმუშაობ, თსუ-ს E-Learning-ის პლატფორმაც წლების წინ მქონდა ნაცადი და გამოყენებული, ნაკლებად გამიჭირდა, თუმცა ერთია ჰიბრიდული სწავლება, რაც აუდიტორიაში მუშაობის პარალელურად ითვალისწინებს დამხმარე დისტანციური ხელსაწყოების გაამოყენებას და მეორე, როდესაც სტუდენტს მხოლოდ ეკრანიდან იცნობ. მაინც მგონია, რომ ჩემმა კოლეგებმა და მეც გავართვით თავი ამ რთულ საქმეს, პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და უკვე ახალი გამოცდილებაც დავაგროვეთ. მთავარი შემფასებელი კი მაინც სტუდენტია.
— რა არის პოზიტიური და რა - უარყოფითი ემოციის აღმძვრელი ახალი დღის რუტინის პირობებში?
— უარყოფითია გაურკვევლობაში ყოფნა: რა იქნება, რამდენ ხანს გასტანს? — ამაზე ფიქრი. უდიდესი ემოციური დატვირთვაა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება. არ მინდა დრამატიზება, მაგრამ გონიერი ადამიანი ხედავს, თუ როგორ იცვლება მის ირგვლივ არსებული რეალობა. ვფიქრობ, მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც „კოვიდ- 19“-ის გამოჩენამდე იყო. მთავარია, რომ „კორონას გაკვეთილებმა" რაღაც გვასწავლოს და უკეთესობისკენ შეგვცვალოს.
რაც შეეხება პოზიტიურს: ნებსით თუ უნებლიედ, მეტი დრო გამოგვითავისუფლდა ოჯახის წევრებთან კონტაქტისთვის, მათზე ზრუნვისთვის. და კიდევ — ვერ წარმოიდგენთ, რამხელა კმაყოფილებას მანიჭებს თითოეული ჩაწერილი ლექციის შემდგომ იმაზე დაფიქრება, რომ სასარგებლო საქმე მოვილიე. ჟამიანობის შედეგი იქნება ლექციების სრული ვიდეოციკლი საგნების მიხედვით, რაც მშვიდობიან პერიოდშიც ძალიან გამოგვადგება.
P.S. ნინო ჭალაგანიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დისშვილის — 7 წლის ნინო ძიძიგურის ჩანახატი გამოაქვეყნა, რომელშიც სულ პატარა გოგონას განცდები და იმედი ჩანს სწორედ ახალი კორონავირუსის თემაზე. სიტუაციის იმდენად კეთილი ბავშვური აღწერაა ამ ჩანახატში, რომ გადავწყვიტეთ მისი გამოქვეყნება, რათა დარჩეს ისტორიას არ რთული პერიოდის ბავშვური აღქმები.
ესაუბრა ნინო კაკულია