ბლიც-ინტერვიუ ლადო ჭანტურიასთან
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ლადო ჭანტურია „COVID-19“-ის პანდემიით დამდგარ რეალობას სტრასბურგის მაგალითით გვაცნობს. თსუ-ის პროფესორი ემზადება დისტანციური სწავლის პროცესში ჩართვისთვის და ამბობს, რომ „ეს ის შემთხვევაა, როცა სახლში დარჩენით დიდი სიკეთის და კარგი საქმის გაკეთება შეიძლება“.
- რა ვითარებაა თქვენთან ახალი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით?
- 12 მარტის შემდეგ სტრასბურგში ყველაფერი დაიკეტა, ისევე, როგორც მთელს საფრანგეთში. ქალაქი დაცარიელდა. ქუჩებში მოძრაობა თითქმის აღარ არის. ძნელი დასაჯერებელია სიცოცხლით სავსე ამ ქალაქში დაკეტილი პარკები, ცარიელი ქუჩები, მოედნები, სკვერები, მაგრამ მოსახლეობა ამას გაგებით და მშვიდად ხვდება. ქუჩაში გასასვლელად სავალდებულოა სპეციალური ფორმულარის შევსება.
- როგორ მუშაობთ ამ ეტაპზე?
- მართალია, ადამიანის უფლებათა სასამართლოს შენობა დაკეტილია, მაგრამ მუშაობა მაინც გრძელდება. პროექტების განხილვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებების მიღებაც ხდება ონლაინ რეჟიმში. შეიძლება ითქვას, რომ საქმიანობა არ შეწყვეტილა.
- რას ამბობენ თქვენთან საქართველოში ვირუსის გავრცელებაზე ქართული მთავრობის რეაგირების ხარისხზე?
- კოლეგები ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე. საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა, როგორც ჩანს, დადებითი შედეგი გამოიღო, რაც უდავოდ იმსახურებს ქებას.
- როგორც თსუ-ის პროფესორი, თუ ჩაერთეთ დისტანციური სწავლის რეჟიმში?
- ვემზადები დისტანციური სწავლის რეჟიმისთვის, რადგან ჩემი კურსი მოგვიანებით იწყება.
- რას ნიშნავს თქვენთვის ამ რთულ დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა?
- ამ უაღრესად რთულ ვითარებაში ყველაზე დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა არის სახლში დარჩენა, სპეციალისტების რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვა. ეს ის შემთხვევაა, როცა ნაკლები აქტიურობით დიდი სიკეთის და კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დადებით შედეგებს გამოიღებს და ცხოვრება მალე ისევ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.
ესაუბრა ნინო კაკულია