ესაუბრა თამარ დადიანი
„covid-19“-ის გავრცელების გლობალურმა საფრთხემ მსოფლიოში დღის წესრიგი შეცვალა, მათ შორის, სტუდენტებისთვისაც როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ნაწილი ქვეყანაში დაბრუნდა, ნაწილი კი საზღვარგარეთ დარჩა. ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უცხოეთში დარჩნენ და დახმარება ესაჭიროებათ, შეუძლიათ მიმართონ „დიასპორების ალიანსს საქართველოსთვის“.
პანდემიის გავრცელების შემდეგ თუ რა ბედი ეწიათ თსუ-ის სტუდენტებს, რომლებიც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა.
- ამ ახალ რეალობაში რა არჩევანი გააკეთეს ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითი სასწავლო პროგრამებით საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში იმყოფებოდნენ?
- ქართველი სტუდენტების უმრავლესობა დარჩა საზღვარგარეთ და მობილობას აგრძელებს ადგილსამყოფელ უნივერსიტეტში. მცირე ნაწილი კი, რომელიც მარტის განმავლობაში დაბრუნდა საქართველოში, სწავლას თსუ-ში აგრძელებს ან მიმღებ უცხოურ უნივერსიტეტში გადის სასწავლო პროგრამას ელექტრონულად.
- რა კომუნიკაცია გაქვთ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან, რომლებიც არ ან ვერ ჩამოვიდნენ საქართველოში, რა პრობლემების წინაშე დადგნენ ისინი და როგორ ეხმარება თსუ ასეთ სტუდენტებს?
- თსუ-ის ყველა საერთაშორისო გაცვლითი სტუდენტი, რომელიც მიმდინარე სემესტრში უნდა ჩამოსულიყო თბილისში, ჩამოვიდა პანდემიის გამოცხადებამდე.
- როგორ ფიქრობთ, პანდემიის გამო ხომ არ არის მოსალოდნელი საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა რიცხვი შემცირდეს?
- ჩემი აზრით, პანდემია არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას ჩვენი სტუდენტების მოტივაციაზე ისწავლონ საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობებისთვის კონკურსი უკვე გამოცხადებულია სწავლების სამივე საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის და აპლიკანტთა მხრიდან აქტიურობა მაღალია.
- ახალ რეალობაში როგორ მუშაობთ და რა გამოწვევების წინაშე დადექით?
- მივყვებით მთავრობის რეგულაციებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს; სტუდენტებთან, ისევე როგორც თსუ-ს სხვადასხვა რგოლთან და დეპარტამენტის შიგნით თანამშრომლებს შორის კომუნიკაციისთვის ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ელექტრონულ საშუალებებს. მაგალითად, 2020 წლის 27 აპრილს გაცვლითი პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ Facebook Live-ის მეშვეობით; შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 100-ზე მეტი შეკითხვა დაისვა პოტენციური აპლიკანტების მხრიდან და Live-ის მაყურებელთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა.