შურთხია ბეროშვილი
თსუ-ის ისტორიის მიმართულების მაგისტრანტს ლევან ჯანჯღავას ბედნიერება ჰქონდა — მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მიეღო განათლება, ცოდნაც შეეძინა და დიდი გამოცდილებაც დაეგროვებინა, მაგრამ მაინც თვლის, რომ ამჯერად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა მისთვის ყველაზე დიდი პატივია...
„ქართული და ინგლისური განათლება ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. ბრიტანეთის უნივერსიტეტებში განათლება ბიზნესად იქცა. ამასთან, ბრიტანეთის უნივერსიტეტში პროფესურას ნაკლები კონტაქტი აქვს სტუდენტებთან. რა თქმა უნდა, ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს — შეუძლებელია ორ მილიონ სტუდენტთან ახლო ურთიერთობის საშუალება გქონდეს, რაც სწავლის ხარისხზეც აისახება. საქართველოში სხვაგვარად არის: აქ თაობები პროფესორების თვალწინ იზრდებიან. მე მქონდა პატივი მესწავლა ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. მიუხედავად ოქფორდსა თუ კემბრიჯში მიღებული განათლებისა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ისტორიკოსები თსუ-ში ბევრად განათლებული და ავტორიტეტულები არიან თავის საქმეში. ჩვენს უნივერსიტეტში სტუდენტს უფრო მეტი საშუალება აქვს — რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიოს და მოვლენების ანალიზი გააკეთოს. პოფესურა მაქსიმალურად მეხმარება ჩემს სფეროში ცოდნა გავიღრმავო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა...“ — ამბობს მაგისტრანტი, მომავალი ისტორიკოსი ლევან ჯანჯღავა. როგორც ლევანი ამბობს, მისთვის ისტორია ცხოვრების ერთ-ერთი „ფორმულაა“, რაც ცხოვრების „განტოლების ამოხსნაში“ დაეხმარა... ისტორიისადმი სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება, ჯერ დედა უკითხავდა წიგნებს, რომლებიც ძირითადად ბერძნულ-რომაულ და ეგვიპტურ მითოლოგიას ეხებოდა. შემდეგ იყო ენციკლოპედიების ქექვა, განსაკუთრებით ძველი ეგვიპტის ამბები ხიბლავდა... „თითქოს ბედმა გამიღიმა — ჩემი მშობლების პროფესიის გამო რამდენიმე წლით ეგვიპტეში მოგვიხდა ცხოვრება, შემდეგ კი ირანში. მახსოვს, როგორ დავდიოდით მე და მამა ეგვიპტისა და ირანის სხვადასხვა ქალაქებში და ამ ორი უძველესი ცივილიზაციის ისტორიას ვეცნობოდით. ამიტომ პროფესიის არჩევისას დიდხანს არ მიფიქრია...
კილის უნივერსიტეტში 2015 წელს ჩაააბარა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ისტორიის განხრით, სადაც ახალი ისტორიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის სწავლით დაკავდა.
„მაშინ 17 წლის ვიყავი, ბრიტანეთში ჩემი ბავშვური ენთუზიაზმი თავიდან აშკარად ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი პოზიტიური ენერგიით გაჟღენთილი მონდომება — გავმხდარიყავი ძლიერი ისტორიკოსი, ნაკლებად ადარდებდა პროფესურას. მაგრამ მაინც არ ვიხევდი უკან. შემდეგ რუსეთის უახლესი ისტორიის ფაკულტეტზე გავიცანი პროფესორი — მეთიუ უაიმანი, რომელსაც დღემდე ვუმადლი ჩემს აკადემიურ წარმატებას ბრიტანეთში. მესამე კურსი უმაღლესი ქულებით დავამთავრე. მაგრისტრატურაზე სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში ჩავირიცხე და გადავწყვიტე ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ახალი და უახლესი ისტორია შემესწავლა. ეს ნამდვილად დიდი გამოცდილება იყო“, — ამბობს ლეო ჯანჯღავა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომ „დედა უნივერსიტეტში“ გაეგრძელებინა სწავლა. თვლის, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო... ლეო ჯანჯღავა ამბობს, რომ უნივერსიტეტის სიყვარული მისთვის „გენეტიკურია“... „ჯანჯღავები უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე აქ სწავლობენ... ტრადიცა არც მე დავარღვიე. პროფესიის პრესტიჟი ნაკლებად მაინტერესებს. შეუძლებელია ვერ დაინახო, რომ ისტორიკოსის პროფესია პოპულარობას მართლაც რომ კარგავს, მათ შორის, დასავლეთშიც. ისტორიის კურსდამთავრებულების უმცირესი ნაწილი თუ მიჰყვება ბოლომდე ამ პროფესიას, თუმცა, ჩემი აზრით, ტექნოლოგიურ და მომავლის სამყაროში წარსულის „ქექვა“ მართლაც რომ საინტერესო არჩევანია... ჩვენ ვართ მემატიანეები, ხიდი მომავალი თაობებისთვის... ამავე დროს, ისტორია ჩემთვის ცხოვრების განუყოფილი ნაწილია... ამჟამად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ვმუშაობ, კერძოდ, კულტურის დარგში. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს ჩემი წვლილი შევიტანო ქართული კულტურის განვითარებაში, რომელიც ითვალისწინებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და მოფრთხილებას“, — ამბობს ლეო ჯანჯღავა.