ნინო კაკულია
14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პანდემიის პირობებშიც მოახერხა ქართული ენის კარგად ფლობისთვის დაჯილდოების ცერემონია წარემართა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით გაიმართა. რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად ცერემონიალში მონაწილეობდნენ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.
ეთნიკურად არაქართველი წარმატებული საქართველოს მოქალაქეების წახალისება ქართული ენის დაცვის დღეს იმ ტრადიციებზე პასუხია, რაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმის კეთებისთვის უნივერსიტეტის მუდმივ პოზიციონირებას უკავშირდება. როცა ქვეყანაში უმცირესობის წარმომადგებლებისთვის ქართულის შესწავლის პრობლემა სხვადასხვა კუთხით იჩენს ხოლმე თავს, უნივერსიტეტის ჟესტი დიდ სტიმულად აღიქმება. მისია შესრულებულია, კერძოდ: ქართული ენის სწავლასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სპეციალური სერტიფიკატები და უნივერსიტეტის ოქროს მედლები გადასცა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს, იტალიის ელჩს საქართველოში ენრიკო ვალვოს, გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს, ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ქართული ენის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასწრება, ისევე როგორც ქართული ენის სწავლის პროცესი. მოხარული ვარ, რომ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ქართული ენისა და კულტურის განვითარებაში,“ — აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ.
ჯილდოები ლიტერატურული ქართული ენით მეტყველებისთვის გადაეცათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს ლიანა მარქარიანს და რამილია ალიევას. 14 აპრილს დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის „1+4“ პროგრამის კურსდამთავრებულები და ესეების კონკურსში „ჩემი სახელმწიფო ენა — ქართული“ გამარჯვებული სტუდენტები.