ნატო ობოლაძე
12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. სტუდენტები 140 დელეგატს აირჩევენ. კენჭისყრა პირდაპირი წესით წარიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი სხდომა 14 სექტემბერს გამართა, სადაც კომისიის თავმჯდომარედ თეა წითლანაძე (სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე), თავმჯდომარის მოადგილედ — ვასილ ბარამიძე (იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) და საარჩევნო კომისიის მდივანად — ზურაბ მურადაშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი) აირჩიეს.
დელეგატის კანდიდატად აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირება.
კოვიდპანდემიის გათვალისწინებით ცვლილებები შევიდა საარჩევნო დებულებაში და, ასევე, გამოირიცხა არჩევნების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზები თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დაააზუსტა.
„პანდემიის მიუხედავად, შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება და ფაკულტეტების მიხედვით განლაგდება. წინასაარჩევნო პროცესი რთული იქნება ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა ვფიქრობ, რომ ის სტუდენტები, რომლებიც იმ პერიოდისთვის დედაქალაქში იქნებიან, აუცილებლად მივლენ საარჩევნო უბანზე და ხმას სასურველ კანდიდატს მისცემენ. ქვეყანაში არსებული კოვიდვითარებიდან გამომდინარე, სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება გეგმავს გადაწყვეტილების მიღებას საარჩევნო დებულების 46-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილების თაობაზე, რაც არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აქამდე არსებული 10%-იანი ბარიერის ერთჯერადად გაუქმებას ითვალისწინებს.
სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ მოიძია და შეისწავლა სხვა საშუალებები, თუ რამდენად იქნებოდა შესაძლებელი ჩვეული ფორმატის შეცვლა. შედეგად, ერთადერთ ალტერნატივად არჩევნების დისტანციურად და ელექტრონულად ჩატარება მოიაზრებოდა. დისტანციურად ელექტრონული არჩევნების ჩატარება, თავის მხრივ, სხვადასხვა გადაუჭრელ პრობლემებთან და კოლოსალურ თანხებთან გახლავთ დაკავშირებული. გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას საკუთარი ბიუჯეტი არ გააჩნია, აღნიშნული კოლოსალური თანხების გადახდა მოუწევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რაც უნივერსიტეტისთვისაც წარმოუდგენელ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. გარდა ფინანსური პრობლემისა, დისტანციურ-ელექტრონული არჩევნები საფრთხეს უქმნიდა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენას, რადგანაც უშუალოდ ხმის მიცემის პროცესი დამკვირვებლებით ვერ გაკონტროლდებოდა, ჩნდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის საშიშროება. ასევე, ჩვენს მიერ მოკვლეული ვერც ერთი IT კომპანია ვერ გვაძლევდა გარანტიას, რომ ფარულობის პრინციპი იქნებოდა სრულად დაცული და აღკვეთილი იქნებოდა არჩევნების პროცესში ჰაკერული ჩარევები. სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობა შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული დელეგატებისაგან, დისტანციურ-ელექტრონული არჩევნები კი საფრთხეს უქმნის არჩევნების ფარულობას, შედეგების ობიექტურობას და არჩევნების მთავარ არსს — თავისუფალი ნების გამოხატვას. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, არჩევნები ჩვეულებრივ რეჟიმში წარიმართება“, — განმარტა ალექსანდრე გაბაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატების რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.