შურთხია ბეროშვილი
თსუ-ის მედიევისტიკის მიმართულების დოქტორანტისთვის თეა გოგოლიშვილისთვის 2021 წელი განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდა: მან DAAD-ის კვლევითი გრანტი მოიპოვა და 2021 წლის შემოდგომის სემესტრში გერმანიაში, იენის უნივერსიტეში გაიმდიდრებს ცოდნას. მან, ასევე, თსუ-ის გაცვლითი პროგრამის სტიპენდია მოიპოვა, რის საფუძველზეც 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში ვენეციაში, კა’ფოსკარის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.
„დიდი მოლოდინით ველი უცხოელ კოლეგებთან მუშობის დაწყებას. მსგავსი სახის შესაძლებლობა, გარკვეულწილად, განაპირობებს ახალგაზრდა სტუდენტის სამეცნიერო მომავალს. მიხარია, რომ ეს წელი ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ჩემთვის, გაცვლით პროგრამებს დაემატა არანაკლებ მნიშვნელოვანი გამარჯვება — შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტთა გრანტი მოვიპოვე. გრანტის ფარგლებში დავამუშავებ ჩემი სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთ მონაკვეთს და შემდეგ მონოგრაფიის სახით გამოვცემ. თავისთავად კარგია, როდესაც გრანტს იგებ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად პრესტიჟი და დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც არა მარტო რუსთაველის ფონდის, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის წინაშეც მაკისრია, რადგან, პირველ რიგში, თსუ-ის სახეს წარმოვადგენ. ჩემი აზრით, თვითონ გრანტის მოგებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, როდესაც სხვა, შენზე გამოცდილი მეცნიერები გაფასებენ... ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევა და დიდი სტიმულია. მოტივირებული ვარ, რომ ჩემი სამუშო პირნათლად შევასრულო და ჩემი მონოგრაფია აკადემიურ და სამეცნიერო კონტექსტში ღირებული და მნიშვნელოვანი იყოს. აქვე მინდა ვუთხრა ყველა სტუდენტს: ვინც კი ამას წაიკითხავს, შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი დაისახოთ, გაიაზროთ — როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა და შემდეგ დაგეგმოთ მისი მიღწევის გზები. მიიღეთ უფროსი კოლეგების და პედაგოგების რჩევები, გაითვალისწინეთ მათი ობიექტური შენიშვნები, რადგან ეს თქვენ პიროვნულ ზრდაში დაგეხმარებათ“, — აბობს თეა გოგოლიშვილი.