პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების სრულყოფილებაზე ნაკლებად საუბრობენ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, უნდა ითქვას, რომ ზოგი რამ აშკარად სასიკეთოდ გარდაიქმნა – ონლაინ-სწავლებაზე ფორსირებული გადასვლის შედეგად მოიძებნა სხვადასხვა გზა სწავლისა და სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწა სალექციო მასალები, გამრავალფეროვნდა დავალებები და თუ აქამდე პროფესურა ნაკლებად იყენებდა ელექტრონულ სასწავლო პორტალს, სადაც თავმოყრილი და ორგანიზებულია მთლიანი სემესტრის სასწავლო მასალა, ამ ეტაპზე სტუდენტებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ მათთვის ხელსაყრელ დროს გაეცნონ სასწავლო და დამატებით ლიტერატურას, მოუსმინონ ვიდეოლექციებსა და ონლაინ-ლექციების ჩანაწერებს.
მუშაობის ფორმები გარდაქმნა ადმინისტრაციამაც. მოიძებნა სტუდენტებთან კომუნიკაციის ფორმები და მათთვის ნებისმიერი მომსახურების გაწევა უკვე ელექტრონული ფორმითაა შესაძლებელი. ამ პროცესებში ტრადიციულად გამოირჩევა თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელსაც კონკურსები გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის არ შეუწყვეტია. როგორ გადაეწყვნენ დროის შესაბამისად და როგორ იმუშავეს აპლიკანტებთან? — გვესაუბრება თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თეა გერგედავა:
– რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თსუ-ის გაცვლით პროგრამებზე და იყო თუ არა COVID19-ის გავრცელების მასშტაბები ხელისშემშლელი ქართველი და უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის?
– მიუხედავად პანდემიისა, სტუდენტების მობილობა ორივე მიმართულებით არ შეწყვეტილა. მხოლოდ 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან, ამ მომენტის ჩათვლით, 36-ზე მეტი კონკურსი ჩავატარეთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 558-მა სტუდენტმა. ამ კონკურსების გარკვეული ნაწილი იყო ერთ-კომპონენტიანი, თუმცა რამდენიმე მათგანი იყო მრავალ-კომპონენტიანი კონკურსი. მრავალ-კომპონენტიანი კონკურსების შემთხვევაში, სტუდენტს საშუალება ეძლევა პოტენციურ მიმღებ უნივერსიტეტად აირჩიოს არაუმეტეს სამი უნივერსიტეტისა.
ჩვენ მიერ მიმდინარე სასწავლო წელს გაიცა მობილობის 141 სტიპენდია. შემოდგომის სემესტრში გამარჯვებულები (51 სტუდენტი) მიმდინარე სემესტრს ატარებენ მიმღებ უნივერსიტეტში, ხოლო ამ სემესტრში გამარჯვებულები (90 სტუდენტი) მომავალი აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს გაატარებენ საზღვარგარეთ.
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომელი ფაკულტეტების სტუდენტები გამოირჩევიან აქტიურობით და ძირითადად რომელი ქვეყნების უნივერსიტეტებში აგრძელებენ კონკურსში გამარჯვებულები სწავლას?
– ფაკულტეტების მიხედვით მიღებული სტიპენდიების რაოდენობებია: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი — 44; იურიდიული — 30; ეკონომიკა და ბიზნესი — 27 (მათ შორის, ISET — 15); ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტი — 23; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები — 10; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი — 4; მედიცინის ფაკულტეტი — 3.
უნდა ვთქვათ, რომ, პანდემიის მიუხედავად, ინტერესი გაცვლითი პროგრამების მიმართ მზარდია. მათ შორის გაიზარდა სწავლების ერთსაფეხურზე მეორე და მეტი სტიპენდიის მიღების მსურველი სტუდენტების რაოდენობა, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვნად შემცირდა არაინგლისურენოვან ადგილებზე აპლიკანტების რაოდენობა (როგორც იცით, ჩვენ სტაბილური გაცვლითი პროგრამები გვაქვს ისეთ უნივერსიტეტებში, სადაც სწავლების ენაა გერმანული, იტალიური, ესპანური, ფრანგული, თურქული, პორტუგალიური). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მცირეა იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს (ზოგიერთი მიმღები ქვეყანა სტუდენტური ვიზის წინაპირობად მოითხოვს ასეთ სერტიფიკატს, მაგალითად, ირლანდია. შესაბამისად, ირლანდიაში ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები არ იღებენ თსუ-ს ინსტიტუციონალური ტესტის შედეგებს).
– როგორ მოხერხდა პანდემიის პირობებში კონკურსების და გამოცდების ჩატარება, რა დამატებითი ღონისძიებების გამართვა გახდა საჭირო, რომ ეს პროცესი ობიექტური და გამჭვირვალე ყოფილიყო?
– პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, მიმდინარე სასწავლო წელს ორჯერ მოვახერხეთ ორგანიზება 8 უცხოურ ენაში ინსტიტუციური ტესტირებისა (სემესტრების დასაწყისში), რომელზეც 1248 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული; მათ შორის, მიმდინარე ტესტირებებზე გამოცხადდა მხოლოდ 648, რომელთაგან მინიმალური (71 ქულა 100-დან) ზღვარი 394-მა სტუდენტმა გადალახა.
ამასთანავე, ნაწილობრივად პანდემიის „წყალობით“ ძალიან სწრაფ ტემპში დავასრულეთ სტუდენტთა და პერსონალის მობილობის მართვის ელექტრონული პორტალის (mobility.tsu.ge) აწყობა, გატესტვა და რეალურ რეჟიმში გაშვება.
ჩვენ მიერ ადმინისტრირებული მობილობის ყველა პროექტის მართვა მიმდინარე აკადემიური წლიდან მხოლოდ ელექტრონული პორტალის მეშვეობით ხორციელდება; ამ წუთას მიმდინარეობს პორტალის ინგლისური ვარიანტის ტესტირება (თუმცა, ცალკეული კომპონენტები პორტალის პირველი ფაზიდანვე ორენოვანია). აღნიშნული პორტალი საშუალებას იძლევა ვმართოთ მთელი პროცესი ელექტრონულად, ენის ტესტზე რეგისტრაციიდან სტიპენდიის მინიჭების ჩათვლით (მათ შორის, სააპლიკაციო დოკუმენტაციის ატვირთვა, რეკომენდაციის მოპოვება, ენის ტესტირებაში მიღებული ქულის ნახვა და სხვ.). პროცესის ყველა ეტაპზე სტუდენტის მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე შეტყობინება ელექტრონულია, სტუდენტს რეგისტრაციისთანავე ენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო კოდი და ყველა შემდეგ ეტაპზე ინფორმაცია დაშიფრულად, კოდის გამოყენებით მოძრაობს. ეს ყველაფერი გვიზოგავს დროს და ამასთანავე, გვიცავს პერონალური ინფორმაციის გავრცელებისგან.
პორტალზე შესარჩევი კომისიის ყველა წევრისთვის იქმნება შეფასების ინდივიდუალური გვერდი, სადაც მას დაშვება აქვს მხოლოდ იმ აპლიკანტებზე, რომელმაც წარმატებით გაიარეს იმ კონკურსის პირველი ეტაპი (აპლიკაციის შევსება და დოკუმენტაციის შემოწმება), სადაც მოცემული წევრი დასახელდა კომისიის შემადგენლობაში ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ. კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღებაში. პორტალზე შეფასების შეყვანის ან/და ქულის შესწორების უფლება იზღუდება გასაუბრების დასრულებისთანავე, რაც გამორიცხავს შედეგის გამოცხდების შემდგომ პერიოდში პოტენციურ ჩარევას.
მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იყენებენ პორტალს mobility.tsu.ge, ჩვენ უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ პორტალის გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას (ჯერ ქართულ ენაზე, მოგვიანებით კი — ინგლისურადაც).
– პანდემიის მესამე ტალღამ კიდევ ერთხელ შეაფერხა ცხოვრების ჩვეული რიტმი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ამ ფონზე როგორ გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები 2021–22 წლებში?
– 2021 წელს საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამას, დიდი ალბათობით, პროექტების მიღება არ ექნება; უახლოესი პერიოდი, როცა ამ ან მსგავს პროგრამაზე ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნებისთვის პროექტების მიღებას დაიწყებს, 2022 წლის შემოდგომაა, თუმცა 2020 წელს დაფინანსებული პროექტების განსაკუთრებულად მაღალი რიცხვი და მათი განხორციელების პერიოდი (2023 წლის 30 ივნისამდე) საშუალებას მაძლევს ვივარაუდო, რომ მიუხედავად საკონკურსო წლის "ჩაგდებისა", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სტუდენტური მობილობების შეთავაზება ჩვენი სტუდენტებისთვის უწყვეტად შეგვეძლება (იმ დაშვებით, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება). ამას, ცხადია, ემატება ჩვენი ტრადიციული ბილატერალური გაცვლითი პროგრამები.
– ბევრი სტუდენტი აღიშნავს, რომ ზოგჯერ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაგროვებული კრედიტების აღიარების პროცესი ჭიანურდება. ხომ არ არის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები ამ პროცესის დასაჩქარებლად?
– კრედიტების აღიარების პროცესის გამარტივების და პროექტების ანგარიშებისთვის აუცილებელი სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების გამარტივების მიზნით, ვმუშაობთ მობილობის მართვის პორტალში კრედიტების აღიარების გვერდის დამატებაზე, სადაც ფაკულტეტის მასშტაბით პასუხისმგებელ პირს აღიარებული კრედიტების რაოდენობის და სხვა რელევანტური დეტალების დაფიქსირების საშუალება მიეცემა აღიარების პროცესის დასრულებისთანავე. გვჯერა, რომ ეს პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაგვიზოგავს მნიშვნელოვან დროს.
მოამზადა მაია ტორაძემ