თამარ დადიანი
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რატი მექვაბიშვილის სადისერტაციო ნაშრომის — „სახელმწიფო ინსტიტუტების როლი პროსოციალური ქცევის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში“ — საჯარო დაცვა გაიმართა (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე, პროფესორი კრის სტამერი (ოქსფორდის უნივერსიტეტიდან).
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი და სხვები. ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, რაც დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის მაღალ ხარისხსა და მკვლევრის გამორჩეულ სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევებზე მეტყველებს.
„დისერტანტ რატი მექვაბიშვილის მიერ ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი ნაშრომი — „სახელმწიფო ინსტიტუტების როლი პროსოციალური ქცევის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში“ წარმოადგენს აქტუალური პრობლემებისადმი მიძღვნილ დასრულებულ გამოკვლევას, რომელიც მეცნიერული კვლევის დონით და შედეგების საფუძვლიანობით პასუხობს მსგავსი გამოკვლევებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. აღნიშნული კვლევა პროსოციალური ქცევის პირველი ექსპერიმენტული კვლევაა, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ექსპერიმენტული დიზაინი ახალია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. კვლევის შედეგებით მრავალი საინტერესო აღმოჩენები დაფიქსირდა: მოცემული ექსპერიმენტით საქართველო პროსოციალური ქცევის და თანამშრომლობის დონით ბევრად წინ აღმოჩნდა, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყანა. საყურადღებო შედეგები იქნა მიღებული „გადადინებაზე დაფუძნებული“ და მოტივაციის „განდევნაზე“ დაფუძნებული ეკონომიკური თეორიებისათვის. კვლევის შედეგებმა არ დაადასტურა გადადინებაზე დაფუძნებული ეკონომიკური თეორია, მაგრამ კვლევის შედეგები მოტივაციის „განდევნის“ თეორიის შესაბამისი აღმოჩნდა. მნიშვნელოვანი დაკვირვება დაფიქსირდა ძლიერი და სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტის როლზე საზოგადოებრივი თამაშის სოციალური დილემის პირობებში და მის გავლენაზე ეკონომიკური ინდივიდების თანამშრომლობით ქცევაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტს შეუძლია ოპორტუნიზმის დაძლევა და თანამშრომლობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, ხოლო სუსტს — არა.
დოქტორანტის ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. კვლევითი შედეგების პრაქტიკაში გამოყენება და გათვალისწინება შესაძლებელია როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციების მმართველობითი ფუნქციონერების და მენეჯმენტის ნაწილში, ასევე სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის დროს. კვლევითი შედეგები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს აკადემიურ სწავლებაში და შესაბამისი პროფილის საგნების ლექციათა კურსებში“, — ასე აფასებს რატი მექვაბიშვილის სადისერტაციო ნაშრომს ერთ-ერთი სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე.
თუ რამ გადააწყვეტინა ამ თემაზე ნაშრომის მომზადება და რამდენად აქტუალურია აქ განხილული საკითხები, ამაზე თვითონ დოქტორანტი რატი მექვაბიშვილი გვესაუბრება
რატი მექვაბიშვილი:
- ეკონომიკური კვლევის ჩატარება ექსპერიმენტული ეკონომიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩემს დიდ ინტერესს წარმოადგენდა, ვინაიდან ეს მეთოდი ახალია და აუთვისებელი. ამ მიმართულებით მრავალი ახალი საინტერესო აღმოჩენის გაკეთება და სიახლის მიგნება არის შესაძლებელი.
რაც შეეხება სადისერტაციო ნაშრომის საკვლევ თემას, ჩვენი აზრით, თემა აქტუალურია, ვინაიდან იგი ეხება სოციალური დილემის გადაჭრის და უცნობ ინდივიდთა შორის ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის მიღწევის მექანიზმების ძიებას, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დოვლათის ეფექტიანი წარმოებისათვის. ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ეკონომიკაში, კერძოდ, თანამშრომლობა ანუ პროსოციალური ქცევა მრავალ უცნობ ინდივიდს შორის, რომლის გარეშე ვერ მიიღწევა საზოგადოებრივი დოვლათის საკმარისი რაოდენობით წარმოება. ასეთ დროს იკვეთება სოციალური დილემა: დაპირისპირება კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. გამოწვევად რჩება ოპორტუნისტული ქცევის რისკი, რამაც შესაძლებელია ეკონომიკა დაბალეფექტიან ეკონომიკურ შედეგებამდე მიიყვანოს, როგორიც არის, მაგალითად, დაბინძურებული გარემო, კორუფცია, უთანასწორო შრომითი ხელშეკრულებები და მრავალი სხვა. სწორედ აქ ჩნდება სახელმწიფო ინსტიტუტების როლი, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების ოპორტუნიზმის რისკისგან დამცველის. თუ სახელმწიფო ინსტიტუტი კომპეტენტური და პატიოსანია (ანუ ძლიერი), მაშინ იგი უზრუნველყოფს ოპორტუნისტული ქცევის რისკების მინიმიზებას. ჩვენს ექსპრიმენტში საზოგადოებრივი დოვლათის თამაშის პირობებში, რომელიც პატიმართა დილემაზე ბაზირებული სტრატეგიული თამაშია, გამოიცადა სუსტი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის როლი ეკონომიკურ ინდივიდთა შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სოციალური დილემის პირობებში.
ნაშრომში ძირითადი აქცენტი გაკეთდა შემდეგ თემებზე: 1) ექსპრიმენტული მეთოდოლოგიის გამოყენებით განგვესაზღვრა პროსოციალურობის დონე საქართველოს მაგალითზე; 2) სოციალური დილემის პირობებში გამოგვეცადა სუსტი და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტის როლი და გავლენა ინდივიდთა პროსოციალური ქცევის, კერძოდ, თანამშრომლობის და ეფექტიანი ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირებაში.
ჩვენი ექსპერიმენტული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თუ სახელმწიფო ინსტიტუტი ძლიერია, კერძოდ, ეფექტიანად უზრუნველყოფს ოპორტუნისტული ქცევის მინიმიზებას, მაშინ ინდივიდთა შორის მიიღწევა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მაღალი დონე და ხდება საერთო სარგებლის მაქსიმიზება. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტი სუსტია, ასეთ დროს ოპორტუნისტული ქცევა მძლავრობს და საერთო სარგებელის მაქსიმიზება ვერ ხდება. ამდენად, უცნობ ინდივიდთა შორის თანამშრომლობის მაღალი დონის მისაღწევად ძლიერი ინსტიტუტები კრიტიკულია, განსაკუთრებით გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, როგორც საქართველოა.
ამასთანავე, იმედის მომცემია ის, რომ ჩვენი კვლევების შედეგად გამოვლინდა პროსოციალურობის (ანუ თანამშრომლობის საკმაოდ მაღალი დონე საქართველოს მაგალითზე, იგი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა 16 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ანალოგიური ექსპრიმენტის შედეგებს შორის (ისეთი ქვეყნების, როგორც არის აშშ, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, საუდის არაბეთი, თურქეთი, საბერძნეთ და სხვა)).
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელებს: თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს მარინე ნაცვალაძეს და ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორს, ექსპერიმენტული ეკონომიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს კრის სტრამერს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის და მეტად საჭირო თუ სასარგებლო რჩევა-დარიგებებისათვის.
* * *
როგორც პროფესორმა მარინე ნაცვალაძემ აღნიშნა: „სამეცნიერო საზოგადოება რატი მექვაბიშვილის სახით შეიძენს კარგ მეცნიერს, საიმედო, პასუხისმგებლიან და კვალიფიციურ კოლეგას, რომელიც ჩვენი ფაკულტეტისთვის (ეკონომიკური ტერმინებით თუ ვიტყვით) „იშვითი და ძვირფასი რესურსია“, რადგან საქართველოში ქცევითი და ექსპერიმენტული ეკონომიკის მიმართულებით სამეცნიერო წრეებში მეცნიერთა სიმწირეა.“
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რატიმ უმაღლესი განათლება კარლოვის სახელობის პრაღის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც მას ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში, ხოლო ნოტინგემის უნივერისტეტში მაგისტრის ხარისხი მიენიჭა ქცევით ეკონომიკაში.
სადოქტორო სწავლების პერიოდში რატიმ შეძლო ორჯერ მოეპოვებინა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დოქტორანტებისათვის განკუთვნილი გრანტი (2013-2014 და 2019-2020 წლებში). აღნიშნული გრანტებით დაფინანსდა მისი სადოქტორო სასწავლო კომპონენტი და სამეცნიერო ეკონომიკური ექსპერიმენტული კვლევა.