ნინო კაკულია
რას იტყოდა და რას მოიმოქმედებდა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელების პირველივე დღეს უკრაინოლოგი, ბატონი ოთარ ბაქანიძე, ცოცხალი რომ ყოფილიყო? — ეს კითხვა დავუსვით თსუ-ის უკრაინისტიკის ცენტრის თანამშრომელს, ფილოლოგიის დოქტორს ივანე მჭედელაძეს, რომელმაც გვიპასუხა, რომ ცენტრი აგრძელებს ოთარ ბაქანიძის ტრადიციას. ივანე მჭედელაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მყისიერად ეხმაურება და უკრაინელ კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაწილი, ვიზიარებთ ჩვენი უნივერსიტეტის პოზიციას — დღეს უკრაინელი ერის მხარდამჭერი სლოგანი გამოქვეყნდა და ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინაშე, ასევე პირადი დამოკიდებულებები და მორალური ვალდებულება. მათთან მუდმივად გვაქვს კავშირი და ვცდილობთ მათ მხარში დგომას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ყველა ერთსა და იგივეს გვპასუხობს — არიან ქალაქში და ემორჩილებიან იმ რეგულაციებს, რაც გაცემულია (იცით თქვენ — სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული და ადვილად ვერ გადაადგილდებიან); ცდილობენ, რომ არ აყვნენ პანიკას; სკოლები არ მუშაობს, სკოლები და ბაღები გაჩერებულია. მზად ვიყავით, რომ ჩამოსულიყვნენ ჩვენთან ოჯახებით, თუ მათთვის ეს უფრო უსაფრთხო იქნებოდა. ფორუმებზე ვადევნებ თვალ-ყურს და ძალიან მიხარია, რომ ბევრი ქართველი გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, რომ შეიფაროს ის უკრაინელები, რომლებიც საქართველოში არიან.
ჩვენ, ასევე, მუდმივად ვცდილობდით და ვცდილობთ, რომ უკრაინის ისტორიამ, კულტურამ, მწერლობამ ქართულ სამეცნიერო დისკურსში ღირსეული ადგილი დაიკავოს. საუბარია არა მარტო უკრაინის, არამედ, ზოგადად, დასავლეთ ევროპის კვლევებზე, რომელიც ძალიან აქტუალურია და ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ტრადიციები აქვს.
გავიხსენებ 2013-2014 წლების „ევრომაიდანის“ ცნობილ პროცესებს... მაშინ ძალიან დიდი საერთაშორისო კონგრესი იყო დაგეგმილი. 200 მეცნიერი ვიყავით მიწვეული და მხოლოდ 10 ჩავიდა, ამ 10-დან 4 ქართველი მკვლევარი ვიყავით. ეს მათთვის დიდი მხარდაჭერა იყო, ჩვენთვის კი — დიდი რისკის შემცველი,“ — აღნიშნავს ივანე მჭედელაძე.
უკრაინისტიკის დარგის განვითარება საქართველოში ოთარ ბაქანიძის სახელს უკავშირდება. ცენტრში ამბობენ, რომ სამეცნიერო-კვლევითი სკოლა, რომელიც ოთარ ბაქანიძემ 50 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა, დღეს წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.
„ჩვენი ამოცანაა — ვუპასუხოთ იმ თანამედროვე გამოწვევებს, რაც მეცნიერების წინაშე დგას, ავიღოთ თანამედროვე კონცეფციები და მიდგომები, რითიც ხდება ცივილიზებული კაცობრიობის კულტურული მონაპოვარის კვლევა. აი, ამას ვანხორციელებთ როგორც ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნების სპეციალისტებთან ერთად“, — აცხადებს ივანე მჭედელაძე.