რა მოხდება, თუკი სამი გოჭი სამ რობოტად იქცევა, რომლებიც კაცობრიობისათვის თავშესაფრებს აშენებენ, ხოლო მგელი ჰაკერი გახდება, რომელსაც რობოტების განზრახვის ჩაშლა უნდა? როგორ შევიყვანთ თანამედროვე გმირებს: ზომბებს, ელფებს, მონსტრებს, რობოტებს, ავატარებს და სხვებს ცნობილ ზღაპრებში? — „კოვიდ-19“-ის პირობებში სახლში გამოკეტილ ჩვენს პატარებს ამ ახალ გასართობსა და სააზროვნო „თავსატეხს“ სთავაზობს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.
მოსწავლეებში ზოგადი განათლების, ფართო თვალსაწიერის განვითარების, მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით თსუ საბავშვო უნივერსიტეტი არაფორმალურ განათლებას წლებია სთავაზობს ქართული საზოგადოების კონკრეტულ სეგმენტს (სკოლის მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები). ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებაში საბავშვო უნივერსიტეტიც გადაეწყო დისტანციურ საქმიანობაზე და უკვე თვეზე მეტია, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უზიარებს ვიდეოებს, სთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს და კონკურსებს.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის დოქტორთან, პროფესორ ნინო პოპიაშვილთან ერთად შეიმუშავა და ახორციელებს ლექციების ციკლს — „საუბრები ქართულ ლიტერატურაზე“, სადაც განიხილება მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ლიტერატურიდან (ქართული ლიტერატურის პერიოდიზაცია; ქართული ნაციონალური ლიტერატურის კანონი; ქართული ჰაგიოგრაფიის განვითარების, პროზელიტიზმის, იგავ-არაკის, როგორც ჟანრის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუის“ საკვანძო საკითხები; პოეტური ენისა და პოეტური ლექსიკის თემა და სხვ.).
დოქტორ ნინო პოპიაშვილის ორგანიზებით, თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა ამჯერად დაიწყო კონკურსი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. კონკუსის სახელწოდებაა — „ზღაპარი და მისი ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნეში“.
„მხატვრული ლიტერატურა უნივერსალური ფენომენია. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ლიტერატურული ტექსტები, ზღაპრები, საინტერესო და მრავალმხრივი ინტერპრეტაციის წყაროა დღესაც. როგორია თანამეროვე ზღაპარი? რა ელემენტებს შეიტანს თანამედროვე ვირტუალური სივრცე ზღაპრის ტრანსფორმაციისას? — სწორედ ამაზე გასცემს პასუხს ჩვენი კონკურსის შედეგები. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩვენ შევარჩიეთ ოთხი ცნობილი ზღაპარი: „სამი გოჭის ზღაპარი“, „წითელქუდა“, „კომბლე“ და „ნაცარქექია“. კონკურსისთვის გამოვიწვიეთ თბილისის კლასიკური გიმნაზიის I (5) კლასის ხელმძღვანელი თეონა მამუჩიშვილი და თბილისის 133-ე საჯარო სკოლის IV (ე) კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ლოლომაძე, ასევე, ყველა დაინტერესებული მოსწავლე. მოსწავლეებმა უნდა გამოგზავნონ ნახატები, კომიქსები, ვიდეოები, ამბები, სადაც ცნობილი ზღაპრების გმირები თანამედროვე პერსონაჟები არიან. მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები უნდა გადმოიგზავნოს ელ.ფოსტაზე — junior@tsu.ge, რის შემდეგაც გამოქვეყნდება საბავშვო უნივერსიტეტის facebook-გვერდზე. კონკურსს უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, მათი პედაგოგები და მშობლები. ნაშრომების მიღება კვლავაც გრძელდება. დეტალურად თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ახალი გამოწვევის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=2ZiOobKKm6c", — აცხადებს კონკურსის ორგანიზატორი ნინო პოპიაშვილი.
გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ახლო მომავალში შემოგთავაზებთ მოსწავლეთა მიერ აღქმული ზღაპრების თანამედროვე ინტერპრეტაციებს.
ონლაინ საგაზაფხულო სკოლა
ახალი ინიციატივების და წამოწყების თობაზე თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მარინე ლომოური გვესაუბრება:
- ახალმა ვითარებამ ათასგვარი გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა და, მათ შორის, კომუნიკაციის პრობლემა. თუმცა ჩვენ ადრევე დავიჭირეთ თადარიგი, რადგან ჩვენი გეგმა მარტის თვისთვის (ამ გეგმას ჯერ კიდევ ახალი წლიდან ვამუშავებდით) იყო საგაზაფხულო სკოლის მოწყობა უფროსკლასელებისთვის. ამ მიზნით ვამზადებდით მასალებს, გავწერეთ განრიგი ლექტორებთან ერთად. ამ წინა სამუშაო პერიოდში, თებერვალში დაიწყო სწორედ საუბარი გლობალურ, სერიოზულ ეპიდემიურ მდგომარეობაზე და მაშინვე აშკარა გახდა, რომ ეს ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ასეთ პირობებში არ გვაქვს უფლება მოსწავლეები დავაყენოთ რისკის ქვეშ და ამიტომ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ საგაზაფხულო სკოლის პროექტი დისტანციურ ფორმატში განგვეხორციელებინა.
გარდა ჩვენი ძველი არაფორმალური მიზნებისა და საქმიანობის ფორმატისა, ახალ მოცემულობაში გადავწყვიტეთ — მეტად მიგვექცია ყურადღება იმ სირთულეებისათვის, რის წინაშეც აღმოჩნდნენ მოსწავლეები და მათი მშობლებიც, როდესაც სკოლის მოსწავლეებს დისტანციურად მოუწიათ გაკვეთილების და სკოლის პროგრამის ათვისება. ჩვენ მივმართეთ რამდენიმე ჩვენს მეგობარ პროფესორს, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, რომ დაგვხმარებოდნენ და მოსწავლებისა და მათი მშობლებისთვის რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინათ. აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი ახალგაზრდა პროფესორი ნინო პოპიაშვილი, რომელიც აქტიურად ჩაება ამ საქმეში და ქართული ლიტერატურის თანამედროვე ხედვების შესახებ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ლექცია-ჩანაწერი გააკეთა, რაც განვათავსეთ ჩვენს ონლაინ ველებში. მადლობა მინდა ვუთხრა არქიტექტორ ზურაბ ბაქრაძეს, რომელმაც მოსწავლეებისთვის თბილისი, როგორც ურბანული განვითარების მაგალითი, მიმოიხილა. ასევე, საინტერესო ლექციებს ატარებენ გია თორთლაძე და ლიტერატურის შესახებ ლევან ბერძენიშვილი. ჩვენ მომავლისთვის კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ. ახლა, როდესაც განათლების სამინისტრომ თავის თავზე აიღო ტელევიზიით გაკვეთილების ჩატარება და ამან ორგანიზებული ხასიათი მიიღო, ჩვენც ვეცდებით უკვე ნაწილობრივ ფორმალური განათლების ზღვარზე შევთავაზოთ მოსწავლეებს რაიმე საინტერესო. მაგალითად, ჩვენი თანამშრომელი, ქალბატონი აველინა დავითულიანი ამზადებს მათემატიკის კონკურსს უმცროსკლასელებისთვის. ეს ძალიან საინტერესო იქნება.
გარდა ამისა, ახალ გამოწვევებსაც, მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში სერიოზული ეპიდემიოლოგიური აფეთქებისთანავე, ასე ვუპასუხეთ — ჩვენ დავუკავშირდით ქვემო ქართლის სახალხო დამცველის ბიუროს და მათაც შევთავაზეთ დისტანციური დახმარება. მათ სჭირდებოდათ ფსიქოლოგის კონსულტაციები. მათ ასეთი დახმარება ჩვენ გავუწიეთ. ახლა, ამ ვითარებაში, არა მარტო მოსწავლეებს და მათ მშობლებს, საერთოდ ყველას სჭირდება გარკვეული მხარდაჭერა, რასაც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ.
თსუ საბავშო უნივერსიტეტმა ამ 10 წლის განმავლობაში გარკვეული ავტორიტეტი, გარკვეული ცნობადობა მოიპოვა. უკვე 10 წელია, რაც ვარსებობთ. ჩვენ უკუკავშირის საშუალებით ვაფასებთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობას. ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა, შეთავაზებული სიუჟეტი, გამოსვლა, ლექცია და ა.შ. პოულობს თავის მაყურებელს თუ მსმენელს. ეს მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. ყველას აქვს საშუალება გამოთქვას თავისი მოსაზრება, გაგვიზიაროს თავისი შთაბეჭდილება და ხედვა, რასაც სიამოვნებით ვიღებთ და ამ კონტაქტით, მით უფრო დღევანდელ მოცემულობაში, ვაძლიერებთ ურთიერთობებს.
„დისტანციური დესპანი“
ახალ წამოწყებაზე და ახალ დღის წესრიგზე თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლაშვილი გვესაუბრება:
-კარიერული განვითარების მხრივ ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ ონლაინ კონსულტაციებს, როგორც კარიერის დაგეგმვის კუთხით, ასევე, შრომის ბაზარზე პირადი პროფესიული ორიენტაციის მხრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა მათ სწორად გააკეთონ არჩევანი — რა აირჩიონ? რა დროს და სად სჯობს სტაჟირების გავლა? როგორ განვითარდნენ კარიერულად? უკვე თითქმის 70 სტუდენტზე მეტმა გაიარა ჩვენთან ონლაინ კონსულტაცია და დისტანციურად აქტიურად ჩავერთეთ ამ პროექტში.
დღის წესრიგში გვაქვს სახელმწიფო სტაჟირების პროგრამა, რაც ითვალისწინებდა უნივერსიტეტში სტუდენტის მოსვლას და წერილობითი თანხმობის გაკეთებას. საჯარო სამსახურის ბიუროსთან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თანხმობის მოპოვება სტუდენტებისგან დისტანციურად, ელექტრონულად გაგვეკეთებინა. პროექტში 200-ზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული. საქმის წარმოებაც მაქსიმალურად გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმში. სტუდენტს აღარ მოუწევს ადგილზე ჩვენს თანამშრომლებთან მოსვლა. სტუდენტურ საცხოვრებლებში მათ ყველანაირად ვუწყობთ ხელს, რომ იქ ცხოვრება მეტად შევუმსუბუქოდ.
სამწუხაროდ, არის მიმართულება, რასაც უშუალოდ კონტაქტი სჭირდება და დისტანციურად პროცესს ვერ მართავ. მაგალითად, დამსაქმებლების სტუდენტებთან შეხვედრა, ამ ეტაპზე, გამორიცხულია და, შესაბამისად, დასაქმების ფორუმის ონლაინ შეთავაზებაც სტუდენტებისთვის, შეუძლებელია, მით უფრო, ჩვენც არ ვიცით — პოსტ ვირუსული პერიოდის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა როგორ განვითარდება. ალბათ, შემდეგში უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. ახლა კი მხოლოდ რამდენიმე სერიოზულ დამსაქმებელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ონლაინ სტაჟირებების და ონლაინ ვაკანსიების შემოთავაზების კუთხით. პირველ ეტაპზე ეს ეხებოდა კომპიუტერულ აიტი ტექნოლოგიებს, ასევე, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს. ამის თაობაზე ინფორმაციას ჩვენ ვავრცელებთ ყველა იმ ონლაინ პლატფორმის საშუალებით, რაც თსუ-ს ხელთაა.
ჩვენ გვაქვს ბევრისთვის უკვე კარგად ცნობილი პროექტი — „თსუ დესპანი“, რაც გულისხმობდა არდადეგების პერიოდში სტუდენტის მიერ მშობლიურ სკოლაში წასვლას და მოსწავლეების (აბიტურიენტების) მრავალმხრივ ინფორმირებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, პროექტების და ა.შ. ირგვლივ. შექმნილ სიტუაციაში ეს პროექტიც დისტანციურად ავამუშავეთ და დავარქვით „დისტანციური დესპანი“. რას გულისმობს ეს? ნებისმიერი ჩვენი სტუდენტი, რომელიც არის რეგიონში და დისტანციურად მონაწილეობს თსუ-ის ყველა საუნივერსიტეტო პროცესში, მათ ვატრენინგებთ დისტანციურად. ამ პროექტში უკვე ჩაერთო 200-ზე მეტი სტუდენტი. რა არის ძირითადი მესიჯი? აბიტურიენტების უმრავლესობას, რომელიც წელს აბარებს უმაღლესში, ნაკლები ინფორმაცია აქვს უნივერსიტეტების, მისი საბაკალავრო პროგრამების შესახებ წინა წლებთან შედარებით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ და ყველა სხვა უნივერსიტეტი უნივერსიტეტის ღია კარის დღეებს და აბტურიენტებთან გაცნობით შეხვედრებს ვიწყებდით თებერვლის ბოლოს, მარტიდან. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ღია კარის დღეების მოწყობა არ გამოგვივიდა არც ერთ უნივერსიტეტს. ბევრი უნივერსიტეტი გადავიდა ღია კარის დღეების ონლაინ მოწყობაზე და სწორედ ამის გაგრძელებაა ეს პროექტიც. თსუ-ის სტუდენტები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს დისტანციურად აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას უნივერსიტეტზე, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე — როგორ ხდება ჩვენთან სწავლა? როგორია სტუდენტური ცხოვრება?
კიდევ ერთ დამატებით სერვისს, რასაც აბიტურიენტებს ვთავაზობთ, ეს არის ონლაინ კონსულტაცია. საბავშო უნივერსიტეტის პროექტების კოორდინატორი დემეტრე მოდებაძე აბიტურიენტებს კვირაში რამოდენიმე დღე სთავაზობს ინდივიდუალურ ჩართვას, რა დროსაც უწევს კონსულტაციას — როგორ შეავსონ უნივერსიტეტების, ფაკულტეტების სია? რას უნდა მიაქციონ ყურადღება? რა შეიძლება იყოს პრიორიტეტი? რომელი საგანია ჩასაბარებელი და ასე შემდეგ. ამ მხრივ ჩვენი კონტაქტი აბიტურიენტებთან კიდევ უფრო მეტად ეფექტური გახდა ონლაინ სივრცეში.
გარდა თსუ-ის ონლაინ პლატფორმებისა, ვიყენებთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდსაც, სადაც მითითებულია ინფორმაცია ყველა იმ საკონტაქტო პირის შესახებ, რომელიც ამ პროექტშია ჩართული. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა უნივერსიტეტელს — ბაკალავრიატის, მაგისტრატურის თუ დოქტურანტურის სტუდენტს — ამ რთულ მოცემულობაში მოახერხონ თავის გარშემო მყოფ აბიტურიენტებს თუ სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც უშუალო კონტაქტები ახლა შეზღუდული აქვთ და მართლაც აინტერესებთ — რა ხდება უნივერსიტეტში, მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია დისტანციურად.
იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობაც მალე გაივლის და რაც კარგი მივიღეთ ამ დისტანციური საქმის წარმოებიდან, როგორც კარგ გამოცდილებას, დავტოვებთ მომავალშიც, მათ შორის, სტუდენტებთან კომუნიკაციის მხრივ. რამაც კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრა, რომ საჭიროა უშუალო კონტაქტები, ამ მიმართულებასაც კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით მომავალში. მაგალითად, საუბარია საერთო საცხოვრებლების — ლისის და ბაგების საქმიანობის სამეურნეო ნაწილზე. არის საკითხები, როდესაც გვჭიდება უშუალოდ კონტაქტი, თუმცა ამ მდგომარეობას ჩავარდნა არ მოჰყოლია და ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას.
ესაუბრა ნინო კაკულია