ესაუბრა თამარ დადიანი
კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განათლების სისტემა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. სასწავლო აუდიტორიასა და საკლასო ოთახს მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად სისტემა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თუ როგორ ართმევს თავს თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი შექმნილ მდგომარეობას, ამაზე გვესაუბრება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი:
- როგორ მუშაობს ახალ რეალობაში თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრი?
- მსოფლიოს ახალმა დღის წესრიგმა თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრს ბიძგი მისცა მუშაობის ფორმატი სრულად დისტანციური გაეხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაემთხვა საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე მსურველთა რეგისტრაციის პერიოდი და ეს პროცესი მთლიანად დისტანციურად წარვმართეთ. ვეცადეთ, მსურველებისთვის რეგისტრაცია მაქსიმალურად გაგვემარტივებინა. მაგისტრანტებს ხელშეკრულებები ელექტრონულად შევავსებინეთ და ჩვენვე მოვიძიეთ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები. ამჟამად ამ კურსებზე სწავლა უკვე დაწყებულია. ონლაინ გაკვეთილების ჩასატარებლად ვიყენებთ სასწავლო პლატფორმა Zoom-ს. მისი მეშვეობით შესაძლებლობა გვაქვს ლაივ რეჟიმში ვიყოთ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში, ვიმუშაოთ წყვილებში ან ჯგუფში, დავსვათ კითხვები, გვქონდეს კომუნიკაცია მოსწავლეებთან და კოლეგებთან.
გარდა ამისა, დისტანციურად დავასრულეთ საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე დაწყებული სასერტიფიკატო კურსები სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ამ ეტაპზე დისტანციურად უკვე ჩატარებულია ტრენერების ტრენინგი დამწყებთათვის, მიმდინარეობს რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ვემზადებით სხვა კურსების დისტანციურად ჩასატარებლადაც. ჩვენს რეალობაში დისტანციური სწავლება ახალი გამოწვევაა, როგორც მასწავლებლებისა და ტრენერებისათვის, ასევე მსმენელებისთვისაც. ვცდილობთ, ჩვენს ტრენერებს სათანადო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებში და ჩვენი კურსების ნაწილი მაინც გადავაწყოთ დისტანციური სწავლების ფორმატზე, სადაც ამის შესაძლებლობას თავად კურსის სპეციფიკა გვაძლევს.
ონლაინ გრძელდება აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, არც შეგვიჩერებია.
- პანდემიის პირობებში როგორ გესახებათ, ზოგადად, განათლების გადაცემის და მიღების უწყვეტობა?
- საქართველოსნაირი ქვეყნების განათლების სისტემისთვის ეს ვითარება საკმაოდ დიდი გამოწვევაა, სადაც დისტანციური სწავლების მიმართულებით არც თუ დიდი გამოცდილება გვაქვს. უფრო მეტიც, ხშირად ტერმინოლოგიის დონეზეც კი ერთმანეთში ვურევთ დისტანციურ, ელექტრონულ, ონლაინ სწავლებას. ყველაფრის დასალაგებლად დრო, კარგად გააზრებული კომპლექსური, სქემატური, მოქნილი მიდგომების შემუშავებაა საჭირო, ასევე, მასწავლებელთა გადამზადება მეთოდოლოგიებში. ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ახლა სწრაფი რეაგირებაა ერთადერთი გამოსავალი. მიდგომები შეიძლება იყოს დიფერენცირებული სწავლების სხვადასვა ფორმისთვის. ასევე, განსხვავებულია გამოწვევებიც. უშუალოდ ჩვენს ცენტრზე თუ ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ სამიზნე აუდიტორიის სამი სეგმენტი: მოსწავლეები, აბიტურიენტები და ზრდასრულები. სამივე მათგანთან განსხვავებული მიდგომებისა და მეთოდების შემუშავებაა საჭირო მათი ასაკის, სოციალური სტატუსის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის და ა.შ. გათვალისწინებით.
სკოლის ასაკის მსმენელებთან მუშაობს ჩვენი „საბავშვო უნივერსიტეტი“. საბავშვო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული აქტივობები უფასოა და ამ ვითარებაში კარგი საშუალებაა მოსწავლეებისათვის დამატებითი სტიმულის მისაცემად, ასევე, მშობლების დასახმარებლად, რომ შინ გამოკეტილი ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩართონ.
ადრეულ ეტაპზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ და სემესტრის დასაწყისშივე შევთავაზეთ მოსწავლეებს ის პროექტები, რომლებში ჩართვის სურვილსაც ისინი ჯერ კიდევ თებერვლის თვეში აფიქსირებდნენ. პირველი, რაც განვახორციელეთ, იყო „საგაზაფხულო სკოლა" უფროსკლასელთათვის, მოვახერხეთ და სიტუაციის დამძიმებამდე ჩავწერეთ არაერთი ვიდეო ლექცია, რომელიც ჩვენი სოციალური მედიის საშუალებით სრულად ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო აბიტურიენტთათვის შეგვეთავაზებინა დისტანციური კონსულტაცია, რომლითაც არაერთმა მოსწავლემ ისარგებლა და დღესაც სარგებლობს. ინდივიდუალური ჩართვით მათ მიიღეს ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი ფაკულტეტებისა და პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და იმ რეალობის შესახებ, რომელიც ელით ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. ამ შეთავაზების ვადები განუსაზღვრელია და ნებისმიერ დროს შეუძლია დაინტერესებულმა პირმა ამ სერვისით ისარგებლოს.
ჩვენ წლების განმავლობაში ვატარებდით ყველასთვის კარგად ნაცნობ პროექტს — „თსუ დესპანი". შექმნილმა სიტუაციამ მოგვცა ინსპირაცია — პროექტს ფორმატი შეეცვალა და დღეს პროგრამა „online Envoy" აქტიურ ფაზაშია. 200-ზე მეტი მოხალისე სტუდენტი დესპანი დისტანციურად უზიარებს აბიტურიენტებსა და უფროსკლასელებს მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი დაინტერესებულია — ეს პერიოდი ნებისმიერი კლასის მოსწავლისთვის საინტერესო, შემეცნებითი, მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ სამი ახალი პროექტი: გამოწვევა-კონკურსი — „ზღაპრის ტრანსფორმაცია", მათემატიკური კონკურსი — „4X4 ამოცანა და კიდევ ცოტა მეტი" და სტატიების კონკურსი — „პლანეტა პანდემიის შემდეგ".
და ბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს „საბავშვო უნივერსიტეტის“ youtube-გვერდთან დაკავშირებით, სადაც აქტიურად ვტვირთავთ ყველასთვის საინტერესო და გამოსადეგ ვიდეოებს — ეს ეხება როგორც აბიტურიენტებს (თსუ-ის ფაკულტეტების დეტალური მიმოხილვა), ასევე, ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს. ამ გვერდზე შეხვდებით როგორც საუბრებს ლიტერატურაზე, აგრეთვე, დისტანციურ ტერენინგ-კურსებსაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ამ პროექტებში ჩართულია არა მხოლოდ დედაქალაქის სკოლების მოსწავლეები, არამედ მთელი საქართველოს მოზარდები. გამოვყოფდი ქალაქ ფოთის საჯარო სკოლებთან აქტიურ თანამშრომლობას, რომელსაც მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ვახორციელებთ.
შეიძლება ითქვას, რომ არსებული სამომავლო გამოწვევების გათვალისწინებით, ყველაზე მოტივირებულები აბიტურიენტები და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსების სტუდენტები არიან. ეს თაობა კი საკმაოდ ადაპტირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან.
შედარებით რთულია და კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს ზრდასრულთა სეგმენტი. მათთვის დისტანციური სწავლების ფორმების შეთავაზებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მრავალი სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინება. ზრდასრულთა დიდ ნაწილს არ აქვს ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკური უნარები. ბევრი მათგანი შინ, მცირეწლოვან შვილებთან ერთად აღმოჩნდა გამოკეტილი და მობილიზება უჭირთ ამ მიმართულებით. ბევრი შეიძლება ფლობს კიდეც ონლაინ სწავლების უნარებს, მაგრამ ოჯახში არ აქვთ საკმარისი ტექნიკა, რომ განათლების მიღება დისტანციურად შეძლონ. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ზრდასრულთათვის მაქსიმალურად მოქნილი ონლაინ გარემოს შექმნაა აუცილებელი შესაბამისი ინსტრუქციებისა და მხარდაჭერის გათვალისწინებით. ცხადია, ამ სეგმენტში იგულისხმება მასწავლებლები, ინსტრუქტორები და ტრენერებიც.
- თსუ-ის უწყვეტი განათლების ცენტრს რა ინიციატივები აქვს სამომავლოდ?
- გარდა იმისა, რომ ჩვენი კურსების ნაწილს დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავაწყობთ და ისე შევთავაზებთ დაინტერესებულ მსმენელებს, ვგეგმავთ ახალი, აქტუალური კურსების შექმნასა და შეთავაზებასაც.
ზრდასრულთათვის სხვადასხვა თემაზე ვამზადებთ მცირე ზომის, საგანმანათლებლო ბლოგის ტიპის ჩანაწერების, პრეზენტაციების, ვიდეოების სერიას, რომელთა ნაწილი ჩვენი არსებული კურსებიდანაც იქნება აღებული და მათზე წვდომა სრულიად უსასყიდლოდაა შესაძლებელი.