მაია ტორაძე
თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა ელექტრონული ბაზა შექმნეს. ვებგვერდი www.arthistory.tsu.ge/murals, რომელიც უკვე გამართულად მუშაობს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საკონკურსო გრანტის ფარგლებში შეიქმნა. მასზე განთავსებულია ქართული კედლის მოხატულობების შესახებ სტატიები, რომელსაც ახლავს სრული ბიბლიოგრაფია, ფოტო და გრაფიკული მასალა.
პირველ ეტაპზე ვებგვერდზე განსათავსებლად საკმაოდ ვრცელი ქრონოლოგიური პერიოდი — VI-XI საუკუნეები განისაზღვრა. მონაცემთა ბაზაში, გარკვეული პრინციპების გათვალისწინებით, შეტანილია მოხატულობის 68 ნიმუში – მხოლოდ ის ძეგლები, რომელთა შესახებ არსებობს გამოკვლევები ან გარკვეული ინფორმაცია. ხოლო ის მოხატულობები, რომელთა თაობაზეც მხოლოდ მცირე ინფორმაცია იძებნება, ან მისი შინაარსისა თუ თარიღის შესახებ დასკვნები ჯერ არ არსებობს, ვებ-გვერდზე არ ატვირთულა, მაგრამ, რადგან გვერდი გახსნილი და ინტერაქტიულია, ახალი მასალის გაჩენის პარალელურად, ბაზა მუდმივად შეივსება და განახლდება.
თემის კომპლექსურობის მიუხედავად, ვებგვერდი მცირე დროში შეიქმნა, რაც პროექტის მოთხოვნებით იყო განპირობებული – გრანტის ფარგლებში ჯგუფს მხოლოდ ხუთი თვე ჰქონდა იმისთვის, რომ განსაზღვრულიყო არა მხოლოდ XI საუკუნემდე შექმნილი, არამედ შემდგომი, გვიანი ხანის მოხატულობებისთვის მახასიათებელი თავისებურებებიც, მოეძიებინა მასალები, ფოტოები და სქემები, დაემუშავებინა ისინი, შეექმნა სტატიები და ყველაფერი ვებ-გვერდის სტრუქტურაში ტექნიკურად და ვიზუალურად აესახა.
როგორც ჩვენთან საუბარში პროექტის კოორდინატორმა სალომე მელაძემ აღნიშნა, ჯგუფის მიზანი, მოხატულობების შესახებ მასალის სრულყოფასთან ერთად, ამ მრავალფეროვანი და უხვი მასალის სისტემატიზირება იყო, რათა გვერდი ადვილად გამოსაყენებელი და ინფორმაცია მარტივად მოსაძიებელი ყოფილიყო. „ჩვენი მცდელობის და პროექტში ჩართული პროგრამისტის გია შერვაშიძის დახმარებით შეიქმნა ბაზა — მკაფიოდ გამოხატული, მარტივი სტრუქტურით, სადაც დაინტერესებული პირი მართლაც საინტერესო და საჭირო ინფორმაციას იხილავს მოხატულობების შესახებ. ცვლილების ან ინფორმაციის დამატების საჭიროების შემთხვევაში გვერდზე მუშაობა მარტივად იქნება შესაძლებელი. ჩვენ მიერ შექმნილი ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა სამეცნიერო-პოპულარული ვებ-გვერდი განკუთვნილია როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვისა და სტუდენტებისთვის, ისე — ქართული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის“, – გვითხრა სალომე მელაძემ.
პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტში და ინსტიტუტთან არსებულ ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრში; პროექტის ხელმძღვანელია ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზაზა სხირტლაძე; ხოლო მონაწილეები არიან ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრატურის კურსდამთავრებულები: ქეთევან გონგაძე, თამარ ლეთოდიანი, ირაკლი თეზელაშვილი, სალომე მელაძე (პროექტის კოორდინატორი), ელისაბედ უგულავა, გია შერვაშიძე (ტექნიკური უზრუნველყოფა).
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში. განზრახულია, რომ ძველი ქართული კედლის მხატვრობის ძეგლთა ელექტრონული ბაზა საფუძვლად დაედოს უფრო ვრცელი მრავალტომეული კორპუსის ბეჭდურ გამოცემას.
პრეზენტაციაზე, რომელიც zoom-ის მეშვეობოთ 6 აპრილს გაიმართა, ისაუბრეს ვებგვერდის შექმნის მნიშვნელობასა და მომავალ პერსპექტივაზე. თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზაზა სხირტლაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ახალგაზრდობის ჩართულობას და აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი გრანტი, რომელიც თსუ-ში ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით მოიპოვეს. „უნივერსიტეტი არის ის უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ხელოვნებათმცოდნეობას, როგორც სამეცნიერო დარგს, ჩაეყარა საფუძველი. აქ 1919 წლის 3 იანვრიდან დაარსდა კათედრა. მას ხელმძღვანელობდა ამ დარგის ფუძემდებელი გიორგი ჩუბინაშვილი. აქიდან დაიწყო ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მათ შორის, კედლის მხატვრობის შესწავლა. განვლილი ათწლეულების განავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ, რადგანაც საქართველოში კულტურული მემკვიდრების ძეგლთა გამორჩეულად დიდი რაოდენობაა, სრული მონაცემები ყველა ძეგლის თაობაზე არ გვაქვს. ამ მონაცემების შეგროვება და განახლება იტვირთა თსუ-ის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ახალგაზრდულმა ფრთამ. ვებგვერდზე ატვირთული 70-მდე სტატია, თავისი ფოტოებით და სქემებით, არ გახლავთ კომპილაცია, ანუ რაიმე საფუძველზე შედგენილი – ეს არის, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი სტატიები, რომლებშიც არის აღწერა, წარწერები, მოკლე დახასიათება, ბიბლიოგრაფია, ფოტოები და სქემები. რაც მთავარია, ეს არ გახლავთ დახურული გვერდი, ანუ თუკი ვინმე მოგვაწვდის მასალას, თუ ვინმე გამოთქვამს შენიშვნას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ყველაფერი იქნება გათვალისწინებული და ეს ვებგვერდი თანდათანობით დაიხვეწება“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ზაზა სხირტლაძემ.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მიეცემათ ვებგვერდის კიდევ უფრო გამდიდრების საშუალება და ქართული კედლის მხატვრობის შესახებ ელექტრონული მონაცემები მომავალში მთლიანად მოიცავს შუა საუკუნეებს – XVIII საუკუნის ჩათვლით. ზაზა სხირტლაძის თქმით, იგეგმება ვებგვერდის ინგლისურენოვანი ვერსიის შექმნაც, რისთვისაც ფინანსების მოძიებაზე აქედანვე ზრუნავენ. „ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არა განათლების მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობა, მისი წარმომადგენლის ქეთევან ტრაპაიძის თანადგომა და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება. ასევე მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვებგვერდი სერვერზე განათავსა. თუ დაფინანსების მოპოვებას მოვახერხებთ და ხელშეწყობაც გვექნება, საბოლოო სახით, ჩვენ მივიღებთ შუასაუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა სრულ ბაზას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მეცნიერებისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მისი დაცვის, აგრეთვე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც“, – გვითხრა ზაზა სხირტლაძემ.
ხანგრძლივი, ოთხეტაპიანი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. შემდგომი სამი ეტაპი მოიცავს XII-XIII სს., XIV-XV სს. და XVI-XVIII საუკუნეების კედლის მხატვრობების შესწავლასა და ვებვერდზე განთავსებას. იქნებ ის დროც დადგეს, რომ ამ უნიკალური ხელოვნების ბეჭდური ალბომის შექმნაც ხელშესახები გახდეს.