ნატო ობოლაძე
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საბჭომ დეკანის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია პროფესორი დიმიტრი კორძაია. საბჭოსთვის წადგენილ ფაკულტეტის განვითარების კონცეფციაში დეკანმა სასწავლო, კვლევითი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება-განვითარების გეგმა ასახა. დეკანი მედიცინის ფაკულტეტის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დანერგვას მიიჩნევს. კონკრეტულად რა, როგორ, როდის შეიცვლება და რა შედეგზეა ორიენტირებული მედიცინის ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია, დიმიტრი კორძაია ინტერვიუში განმარტავს.
— მედიცინის ფაკულტეტის განვითარების ახალი კონცეფცია წინა ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული სტრატეგიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც ფაკულტეტის საბჭოს სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი. ახალი კონცეფცია სრულ თანხვედრაშია ფაკულტეტის მისიასთან — სამედიცინო დარგის პროფესიონალებისა და მკვლევრების აღზრდა, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის ეროვნული სისტემის გაუმჯობესება და ჯანსაღი გარემოს განვითარების ხელშეწყობა, რაც აუცილებელია საზოგადოების კეთილდღეობისა და ჰარმონიზებული პროგრესისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო სამედიცინო-სამეცნიერო აზრის განვითარებაში მონაწილეობა.
ფაკულტეტზე მედიცინისა და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი, როგორც ქართული, ასევე, ინგლისურენოვანი პროგრამები ხორციელდება. აღნიშნულმა მოდიფიცირებულმა პროგრამებმა აკრედიტაცია გასულ წელს გაიარა და ამჟამად სასწავლო პროცესში მათი სრული იმპლემენტაციის პროცესი მიმდინარეობს. ასევე, გასულ წელს აკრედიტაცია გაიარა მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებმა, რომლებიც ძველი პროგრამებისგან განსხვავებით ბევრად გაუმჯობესებულია. მიღებული აკრედიტაციები ნიშნავს, რომ ჩვენი პროგრამები სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციამ (WFME) დაადგინა. შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის დიპლომს აქვს სრული საერთაშორისო ცნობადობა.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 2020 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გამოჩნდა უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო რანჟირების სისტემაში. მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 327-ე ადგილზე ვართ და გვაქვს ვერცხლის კატეგორია (კვლევის ინდიკატორების მიხედვით — 524-ე ადგილზე, ფინანსური მდგრადობის მიხედვით — 205-ე). საქართველოს სამედიცინო სკოლებისათვის ეს პირველი პრეცენდენტია. იმის გათვალისწინებით, რომ შეფასებული იყო რამდენიმე ათასი უმაღლესი სასწავლებელი, ვფიქრობ, არ არის ცუდი შედეგი, თუმცა აუცილებელია მისი ეტაპობრივი გაუმჯობესება.
— დასახული მიზნის მისაღწევად რა მიმართულებებით და რა სახის ცვლილებებს გეგმავთ?
— ჩვენი მთავარი მიზანია აკრედიტებული პროგრამების სასწავლო პროცესში სრულფასოვანი იმპლემენტაცია. ორიენტირი აღებული გვაქვს სწავლების ყველაზე იდეალური მეთოდის დანერგვისკენ, ვგულისხმობ სწავლა/სწავლებას კვლევით. ამისათვის ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით: მართვის ოპტიმიზაცია, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფინანსური უზრუნველყოფა. ფაკულტეტზე უკვე დაინერგა ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ფორმა — OSCE (სულ ბოლოს დაინერგა ეს ფორმა ქირურგიულ დისციპლინებში). ჩვენს ფაკულტეტზე მოქმედ სწავლების პროგრამებს ინტეგრირებული პროგრამა ჰქვია, რაც გულისხმობს საბაზო, გარდამავალი და კლინიკური ეტაპების საგნებს შორის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ინტეგრაციას. ამასთანავე, თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ ე.წ. „ფილტრი“ გამოცდა. „ფილტრის“ ბარიერის ვერ დაძლევის შემთხვევაში, სტუდენტს არ აქვს უფლება სწავლა გააგრძელოს შემდეგ ეტაპზე. ეს ბარიერი უკვე ამოქმედებულია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დღეს განახლებული სასწავლო პროგრამის პირველ კურსზე სწავლობენ.
— რას გულისხმობს „სწავლება კვლევით“ მეთოდი?
— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გაცილებით მეტი დოქტორანტია, ვიდრე საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია, რადგან ადასტურებს ფაკულტეტის დეპარტამენტების და კათედრების მაღალ კვლევით პოტენციალს (რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი ფაქტორია საერთაშორისო რანჟირების სისტემაში ფაკულტეტის გამოჩენისათვის). ცუდია ის, რომ ბევრ დოქტორანტს შეჩერებული აქვს აქტიური სტატუსი და უხანგრძლივდება სწავლის პერიოდი (რაც, ძირითადად, დოქტორანტთა პუბლიკაციების მიმართ წაყენებული მაღალი მოთხოვნებით არის გამოწვეული); მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ფაკულტეტზე კვლევას აწარმოებს 200-ზე მეტი დოქტორანტი. თუ ამას დავუმატებთ ჩვენი ფაკულტეტის რამდენიმე ათეულ მაგისტრანტს, აღმოჩნდება, რომ სამეცნიერო კვლევით დაკავებულია 300-მდე ახალგაზრდა მკვლევარი. ჩვენ დავიწყეთ თითოეულ მათგანთან ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა ჯგუფების „მიმაგრება“. ეს პროცესი ეტაპობრივია, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ 2-3 წელიწადში შესაძლებელია მივიღოთ „კვლევითი“ ფაკულტეტის მოდელი, სადაც სტუდენტთა დიდი უმრავლესობა ჩართულია სერიოზულ სამეცნიერო კვლევებში და აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესის თანმხლებ აქტივობებშიც (სამეცნიერო კონფერენციები, პუბლიკაციაები და ა.შ.).
— ამ დროისთვის რა ეტაპზეა ასეთი მიდგომის დანერგვა?
— ამ დროისთვის არსებობს სტუდენტთა 10-მდე ჯგუფი, რომლებიც ასეთი მოდელით მონაწილეობენ დოქტორანტთა კვლევებში.
დამატებით ვგეგმავთ სტუდენტების მიმაგრებას რეზიდენტებთანაც, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა კლინიკური ცოდნის გაღრმავებას, უნარების ათვისებას. ბოლო ორი წელია, ფაკულტეტზე უროლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ თემურ ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით რეზიდენტთა კლინიკური სამეცნიერო კონფერენციები ტარდება, მოხსენებები კლინიკურ ქეისებს ეფუძნება და ამ მოხსენებათა მომზადების პროცესში სტუდენტებიც არიან ჩართულნი.
— როგორ აფასებთ პანდემიის პერიოდში ფაკულტეტზე მიმდინარე „ონლაინ“ სასწავლო პროცესს და იგეგმება თუ არა ცვლილება საგაზაფხულო სემესტრიდან ?
— ვფიქრობ, რომ პანდემიის პირობებში ჩვენი ფაკულტეტის პროფესურას მოუწია ციფრული ტექნოლოგიების უკეთ ათვისება, სალექციო კურსების განახლება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა, რასაც დადებითად ვაფასებ. ამ პერიოდში არ შეჩერებულა სამეცნიერო კვლევები, პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში კვლევისთვის მეტი დროც დარჩა.
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს საგნები, რომლებსაც „ონლაინ“ ვერ ასწავლი. პანდემიის პერიოდში, კოვიდრეგულაციების დაცვით, სტუდენტთა მცირერიცხოვანი ჯგუფები შევადგინეთ და მეცადინეობები სააუდიტორო ფორმატში ტარდებოდა. მომავალი სემესტრიდან გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხოლოდ ე.წ. სანაკადო ლექციები (4-6 ჯგუფისთვის ერთდროულად) დარჩეს „ონლაინ“ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სწავლება ჩვეულებრივ ფორმატში წარვმართოთ. აუცილებელი იქნება „მცირე ჯგუფების“ ფორმატის შენარჩუნება კლინიკებში, სადაც, ძირითადად, მოწყვლადი საზოგადოებაა პაციენტების სახით და მათ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.
— რა სიახლეებია დაგეგმილი ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით?
— ბოლო ორი წლის მანძილზე მოხერხდა ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის დამატებით აღჭურვა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა. წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოიყო დაფინანსება და დაიწყო თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საბაზისო კორპუსების (რომლებიც განთავსებულია ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე) ფართომასშტაბიანი რემონტი; მიმდინარეობს სამეცნიერო ლაბორატორიების კეთილმოწყობა და აღჭურვა ევროპული სტანდარტის შესაბამისად; მიმდინარეობს აქტიური მოლაპრაკებები საუნივერსიტეტო კლინიკის შესაძენად. ამ დროისთვის თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს 50-მდე კლინიკური ბაზა აქვს, რომელსაც ამერიკული ჰოსპიტალიც შეემატა, სადაც უკვე მიმდინარეობს ქირურგიის სწავლება.
გაიზარდა ჩვენთან სწავლის მსურველ უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა. საშემოდგომო მიღებისთვის უკვე გვაქვს 100-მდე განცხადება. ეს ფაკულტეტის მზარდ პოპულარობას ადასტურებს და, ამასთანავე, ფინანსური მდგრადობის გარანტიაცაა.
— რა იგეგმება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის კუთხით?
— 2021 წელს, ჩემი ინიციატივით, მედიცინის ფაკულტეტზე საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ამ დროისთვის საბჭოში მსოფლიოს 9 ქვეყნიდან 15 მეცნიერია გაწევრიანებული. მრჩეველთა საბჭოს წევრის მოვალეობაა — შემოგვთავაზოს სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევა, საჯარო ლექციები და სხვ. ორ წელიწადში ერთხელ თსუ აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას აღნიშნული საბჭოს წევრების მონაწილეობით. საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, უნივერსიტეტის რექტორიც ესწრება, რაც საბჭოს წევრების ენთუზიაზმზე წამახალისებლად მოქმედებს. პირველი სამეცნიერო კონფერენცია მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრების მონაწილეობით წელს, 5-7 მაისს გაიმართება. ღონისძიება, სამეცნიერო მოხსენებების გარდა, საჯარო ლექციების ციკლსაც მოიცავს.
— თქვენ კარგად იცნობთ მსოფლიო პანდემიების ისტორიას. რას ფიქრობთ ომიკრონის შტამთან დაკავშირებით, დაასრულებს კოვიდ-პანდემიას?
— ჩემი დაკვირვებით, ომიკრონი იქცევა ისეთი „ჩვეულებრივი“ ვირუსივით, რომელიც მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, მაგრამ გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ვფიქრობ, თუ რამე ახალი მუტაცია არ მოხდება, ომიკრონი პანდემიას დაასრულებს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ აცრილთა და კოვიდგადატანილთა ჯამი იმ კრიტიკულ რიცხვს მიაღწევს, რომელიც საკმარისი იქნება დაავადების გავრცელების შეჩერებისათვის.
სამწუხაროდ, აცრების მაჩვენებლის თვალსაზრისით, საქართველო არ აღმოჩნდა განათლებული, კულტურული ერისათვის დამახასიათებელი პასუხისმგებლობით აღჭურვილი. აცრის „მსურველთა“ რაოდენობის მატება ფულადი წახალისების ინსტრუმენტის ამოქმედების შემდეგ, ადასტურებს, რომ აცრის მოწინააღმდეგეთა თუნდაც ეს ნაწილი იმდენად უარგუმენტოდ არ იცრებოდა, რომ მათი გადაწყვეტილება 200-მა ლარმა შეცვალა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტსაც, სხვა ინსტიტუციებთან ერთად, გასაძლიერებელი აქვს მუშაობა საზოგადოების სამედიცინო (ჯანდაცვითი) განათლებისთვის.