თამარ დადიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ყოველწლიური ინდექსირებული ელექტრონული ჟურნალის — „ზნენი“ — მეორე ნომერი გამოვიდა.
ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები არიან: თსუ-ის პროფესორი დემურ ჯალაღონია, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე (სამეცნიერო რედაქტორი), თსუ-ის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი, სტუდენტ ფილოსოფოსთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჭარხალაშვილი და თსუ-ის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტი მარიამ სილაგაძე.
ფილოსოფოს სტუდენტთა ელექტრონული ჟურნალი — „ზნენი“ — მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართულობას სამეცნიერო მუშაობაში. ჟურნალის მეორე ნომერში სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტების სამეცნიერო სტატიებია დაბეჭდილი.
პირველი სტატიის — „ვაქცინაცია, როგორც დღევანდელობის მთავარი ეთიკური დილემა“
— ავტორია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტი მარი სილაგაძე, რომელიც პანდემიის ფონზე ვაქცინაციისადმი საზოგადოების და ხელისუფლების მიდგომებზე საუბრობს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტის ნიკოლოზ ჭარხალაშვილის სტატიაში — „ტირანის ბედი პლატონის „სახელმწიფოს“ მიხედვით“ — საუბარია იმაზე, რომ პლატონის „სახელმწიფოს“ IX წიგნის მიხედვით უკეთ გავიაზროთ — თუ რას მოუტანს მმართველობის ტირანული ფორმა თავად მმართველსა და სახელმწიფოს. ტირანის ბედის ანალიზის ფონზე მივიღებთ სამართლიანი მმართველობის პრინციპებს.
თავის სტატიაში — „სამყაროს დუალისტური ბუნება: დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი“ — თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი დავით თაბორიძე ამბობს: „იქნება იმის მიმოხილვა, თუ რამ აიძულა მეცნიერული აზრი — მიეტოვებინა დეტერმინიზმის კლასიკური ხედვა (ბრწყინვალედ მანიფესტირებული ლაპლასის დემონში) და როგორ შეიძლება გავიგოთ სამყაროს დუალისტური ბუნება.“
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტის ღვთისავარ ჩაბრავას სტატია — „ინდუისტური ფილოსოფიის მორალურ-თეოლოგიური საფუძვლები“ — მოგვითხრობს ინდური ფილოსოფიის განვითარების პერიოდებზე და მის გავლენაზე მსოფლიო კულტურაში.
სტატიაში — „შესაძლებლობები და უნარები – სოციალური იერარქიის ბუნებრივი მიზეზი თუ სოციალური უთანასწორობის საბაბი? არისტოტელეს და დუნს სკოტის პასუხები“ — მოკლედ არის მიმოხილული ორი მოაზროვნის – არისტოტელესა და იოანე დუნს სკოტის შეხედულებები შესაძლებლობის ცნების გარშემო. სტატიის ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის პროგრამის დოქტორანტი ანა ლომაძე თავის სტატიაში ცდილობს პასუხები მოძებნოს შემდეგ კითხვებზე: რა არის ის შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი? შესაძლებელია თუ არა ყველა ადამიანს მივუყენოთ კონკრეტული შინაარსის შესაძლებლობა (მაგალითად, ბედნიერება) და ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი იმდენად აკმაყოფილებს ადამიანურობის კრიტერიუმებს, რამდენადაც ახორციელებს ამ შესაძლებლობას?
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის კერძო სამართლის მიმართულების II კურსის სტუდენტი ირაკლი ლეონიძე სტატიაში — „მხარეთა კეთილგანწყობილი ურთიერთობის კვლევა, როგორც თანამედროვეობის მორალური და მოსამართლის ეთიკური გამოწვევა“ — საუბრობს პოზიტიური დამოკიდებულების შესწავლის მნიშვნელობაზე სხვისი კანონიერი ინტერესების დაზიანების გარეშე და დავის საუკეთესო გადაწყვეტის გზების ძიებაზე.
ჟურნალში ასევე წარმოდგენილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტის ქეთევან სეფიაშვილის სტატია — „ნიკოს კაზანძაკისი — არასდროს არ მომინდება გარდაცვალება“, რომელიც მან ბერძნული ენიდან თარგმნა. ქართველ მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება მშობლიურ ენაზე გაიცნოს ჟურნალისტ იოლანდა ტერენციოსა და ნიკოს კაზანძაკის საინტერესო დიალოგი.
ეს იყო მცირე მიმოხილვა ჟურნალში წარმოდგენილი მასალებისა, რომელსაც სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დიდი ინტერესით გაეცნენ. თავად ჟურნალისა და მისი კონცეფციის შესახებ გვესაუბრება გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე.
— ქალბატონო ანასტასია, როგორ დაიბადა ჟურნალის შექმნის იდეა?
— ფილოსოფიის მიმართულების სტუდენტთა ჟურნალის შექმნის იდეა მოდის ჩვენი თაობის ოცნებიდან — გვქონოდა საკუთარი ბეჭდური პლატფორმა, სადაც შევძლებდით ჩვენი სამეცნიერო კვლევების წარმოდგენას. სპეციალური ჟურნალის არარსებობის გამო ჩვენთვის პრაქტიკულად გამორიცხული იყო სამეცნიერო სტატიის პუბლიკაცია. ამ ოცნების ხორცშესხმას დიდი დრო დასჭირდა და მასში განსაკუთრებული წვლილი, ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელობასა და პროფესორებთან ერთად, ჩვენს აქტიურ, მიზანდასახულ და ინტერესიან ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის. 2020 წლიდან მომზადდა და გამოიცა ორი ნომერი.
სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი სტუდენტური ფილოსოფიური ჟურნალი საქართველოში, ანუ, პირველი ინდექსირებული წელიწდეული ელექტრონული ჟურნალი. ჟურნალის ელექტრონული ფორმატით გამოცემის იდეა თანამედროვე მოთხოვნებიდან და გამოწვევებიდან მომდინარეობს. კომუნიკაციის ახალი ფორმების დამკვიდრება უფრო მოხერხებულად მიიჩნევს ჟურნალის ელექტრონული სახით გამოშვებას. მარტივი ხელმისაწვდომობა მეტად გააღვიძებს ინტერესს თეორიული განაზრებებისკენ, აზრის ფილოსოფიული კრეაციისკენ, ფილოსოფიური ლიტერატურის კითხვისკენ. ღიაობა, თავისუფალი წვდომა გაზრდის თსუ ფილოსოფიის მიმართულების ცნობადობას.
— გვითხარით ჟურნალის მიზნისა და კონცეფციის შესახებ...
— ჟურნალის მიზანია წაახალისოს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობა, ხელი შეუწყოს მათი ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი და აკადემიური კომუნიკაციის უნარების განვითარებას, ფილოსოფიის, თეოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ახალი თეორიული ცოდნის ფორმირებას, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევებისათვის სტუდენტთა უნარების მომზადებას, ხელს შეუწყობს დისკუსიის კულტურის ამაღლებას. ჟურნალი ხელს შეუწყობს მოტივირებულ და გამორჩეულ სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობაში ჩართვას. იგი საშუალებას მისცემს სტუდენტებს — გააცნონ საკუთარი ნაშრომები ფართო აკადემიურ საზოგადოებას. სტუდენტთა უმრავლესობისათვის ჩვენს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება იქცევა პირველ სამეცნიერო გამოცდილებად. სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში ჩართულობა, ერთის მხრივ, აამაღლებს მათ სამეცნიერო-კვლევით უნარებს, მეორეს მხრივ — განუვითარებს გუნდური მუშაობის უნარს. ამასთან, ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ დააგროვონ სამეცნიერო ტექსტების რედაქტირება-რეცენზირების გამოცდილება.
— რა თემატიკის მასალებს შევხვდებით ჟურნალის ფურცლებზე?
— ჟურნალი მოიცავს მრავალფეროვან, საინტერესო, დღევანდელობისთვის აქტუალურ სტატიებს რუბრიკების მიხედვით. ახალგაზრდა მკვლევართა ანალიტიკური პუბლიკაციები შესაბამისი სამეცნიერო აპარატითაა აღჭურვილი და ეხება მეტაფიზიკისა და ონტოლოგიის, მორალის ფილოსოფიისა და გამოყენებითი ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიის, რელიგიის ფილოსოფიის, ფილოსოფიის ისტორიის, ლოგიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტურის ფილოსოფიისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის და სხვა თანამედროვე პრობლემებსა თუ აქტუალურ საკითხებს.
ჟურნალში, გარდა სამეცნიერო სტატიებისა, განთავსებულია ახალი თარგმანები თანდართული კომენტარებით, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები. დაგეგმილია შეიქმნას სპეციალური რუბრიკა — „საინფორმაციო სამეცნიერო დაიჯესტი“, სადაც განთავსდება ინფორმაცია აკადემიურ სივრცეში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების (კონფერენციები, სიმპოზიუმები, საზაფხულო/ზამთრის სკოლები) და ახალი პუბლიკაციების შესახებ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჟურნალის მეორე ნომერში წარმოდგენილი პუბლიკაციების ავტორები არიან არა მხოლოდ ფილოსოფიის პროგრამის ბაკალავრები, მაგისტრი და დოქტორანტი სტუდენტები, არამედ თსუ-ის სხვა სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტებისა და პროგრამების წარმომადგენლები და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
— რა კრიტერიუმებით შეირჩევა სტატიები?
— სტატიების მიღება ჟურნალ „ზნენი“-ს მომდევნო ნომრისათვის ცხადდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ-გვერდზე ნახევარი წლით ადრე. ჟურნალის საკოორდინაციო საბჭოში შემოსული მასალები გადაეცემა შესაბამისი დარგის სპეციალისტს სარეცენზიოდ. დაბეჭდვა გადაწყდება ჟურნალის სამეცნიერო კოორდინატორთან და ნომრის რედაქტორთან შეთანხმებით. სტატიები, ასევე, მოწმდება პლაგიატზე. ამგვარად ჟურნალში წარმოდგენილი ყველა სტატია რეცენზირებულია და წარმოდგენილია შესაბამისი დარგის პროფესორთა რეკომენდაციებით.