ნატო ობოლაძე
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი სასწავლო პროცესის სააუდიტორო სწავლების ფორმატით გაგრძელების მომხრეა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს და რამდენად შესაძლებელია სააუდიტორო სწავლების აღდგენა მეორე კორპუსში? ამ თემაზე თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია გვესაუბრება.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაძლო გაუმჯობესებასთან ერთად იურიდიული ფაკულტეტი გამოხატავს მზაობას სასწავლო პროცესის ნაწილობრივ სააუდიტორო სწავლების ფორმატში გაგრძელების შესახებ, თუმცა შესაბამისი სივრცისა და სასწავლო რესურსის გარეშე აღნიშნული შეუძლებელი იქნება. ნაწილობრივ სააუდიტორო სწავლების ფორმატის დაგეგმვის შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, დარჩეს სრულად დისტანციური სწავლების ეტაპზე ან თავისი ინტერესის შესაბამისად დაგეგმოს რამდენიმე კურსი ან სემინარი სააუდიტორო სწავლების ფორმატით.
გამომდინარე იქედან, რომ მეორე აკადემიური კორპუსი ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოების ფაზაშია და ფაკულტეტს სრულად ჯერ ისევ არ მიუღია შესაბამისი ავეჯი ადმინისტრაციისა და სასწავლო პროცესის სააუდიტორო სწავლების უზრუნველყოფისთვის, ვფიქრობ, რომ სააუდიტორო სწავლების აღდგენა მეორე კორპუსში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ საკითხების დროული მოგვარების გარეშე, შეუძლებელი იქნება“, — აცხადებს თამარ ზარანდია.
სააუდიტორო სწავლების აღდგენის შემთხვევაში რამდენად იქნება უსაფრთხოების ნორმების დაცვა შესაძლებელი? — ამ კითხვაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასეთ პასუხს გვცემს: „როგორც აღინიშნა, სააუდიტორო სწავლების აღდგენა არ გულისხმობს სრულად ყველა სალექციო და სასემინარო კურსის უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარებას. ამ შემთხვევაში სააუდიტორო სწავლების ფორმატით შემოთავაზებული იქნება სტუდენტებისთვის წინასწარ ცნობილი რამდენიმე საგანი და/ან სემინარები, რომელზე რეგისტრაციას სტუდენტი თავისი ინტერესის შესაბამისად განახორციელებს. ერთი მხრივ, სტუდენტის არჩევანია, დარჩება თუ არა ის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატში ან მიიღებს გადაწყვეტილებას სააუდიტორო სწავლების ფორმატში შემოთავაზებული რომელიმე კურსის არჩევის შესახებ. რა თქმა უნდა, ამ პროცესის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაბამისი რეგულაციები, თუმცა იმ ფონზე, რომ დღეის მდგომარეობით ფაკულტეტი არ არის აღჭურვილი აუცილებელი რესურსით, ეს ჩვენს მოლოდინს საგრძნობლად ცვლის. ასევე, ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია პანდემიის მდგომარეობაზეც“, — აღნიშნა თამარ ზარანდიამ.