გვესაუბრება ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი გიორგი ოთხმეზური
პანდემიის შემთხვევები, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოფილა. მაგალითად, მე-13 საუკუნეში, მონღოლთა ბატონობის პირობებში, გავრცელდა შავი ჭირი. მუცლის სალმობა — ასეთი სახელით იხსენიებდნენ მას. მაშინ, მე-13 საუკუნის 60-იან წლებში, საბედნიეროდ, მან პანდემიის ხასიათი არ მიიღო, მაგრამ წარმოიდგინეთ — რა მდგომარეობა შეიქმნა ჯარში, რომელიც საზღვრისპირა ზოლში იდგა. იქ სანგრები იყო გათხრილი და ქართველი ჯარისკაცები მონღოლებთან ერთად მორიგეობდნენ ამ სასაზღვრო ზოლში. მეფე დავით მეშვიდეს ძე — გიორგი 1268 წელს და შემდეგ უკვე თავად დავითი 1270 წელს სწორედ იქ დაავადდნენ და ამ შავ ჭირს, მუცლის სალმობას შეეწირნენ.
პანდემიის ხასიათი ჰქონდა ჩვენთან შავი ჭირის აფეთქებას მე-14 საუკუნის შუა ხანებში. ეპიდემია, პერიოდული აფეთქებებით, თითქმის ნახევარი საუკუნე გაგრძელდა (თუ მეტი არა). 1246 წელს ეპიდემია ოქროს ურდოდან გავრცელდა ეგვიპტეში, ევროპაში, მოიცვა ტრაპიზონის იმპერია, შემოაღწია საქართველოშიც. ტრაპიზონელი ისტორიკოსი მიქელ პანარეტოსი წერს, რომ „პანდემია 7 თვე გაგრძელებულა. დაიღუპა ბევრი შვილი და ცოლ-ქმარი, ძმები, დედები და ნათესავები“, ანუ ოჯახები და საგვარეულოები ამოწყვეტილა. დაავადება იქიდან შემოვიდა საქართველოშიც. ცნობილი ლარგვისელი მოღვაწეები იყვნენ მამა-შვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანდაისძეები. 1348 წელს წერს ავგაროზ ბანდაისძე (ხელნაწერზე აქვს მინაწერი გაკეთებული), რომ „დიდი სიკუდილობა იყო საქართველოში“. ჩაცხრებოდა დაავადება და შემდეგ ისევ იფეთქებდა. მე-14 საუკუნის 60-იან წლებში ჰქონდა კიდევ ასეთ აფეთქებას ადგილი და ბაგრატ მეხუთეს მეუღლე — დედოფალი ანა შეეწირა შავ ჭირს. მე-14 საუკუნის 70-იან წლებში ტრაპიზონის იმპერიაში ხელმეორედ იფეთქა დაავადებამ. ტრაპიზონი ჩვენი მომიჯნავე ქვეყანა იყო (ჩვენს წყაროებში არ არის დაფიქსირებული ამის თაობაზე) და გამორიცხულია — დაავადება საქართველოშიც არ შემოჭრილიყო. ამ უბედურების გაგრძელებაა თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში. ხომ გაგიგიათ ასეთი გამოთქმა — „უბედურება მარტო არ მოდისო“. თემურ ლენგის ლაშქრობები ხომ მართლაც დიდი უბედურება იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას დაერთო 1400 წლის ახლო ხანებში კიდევ ერთი შავი ჭირის ეპიდემიის აფეთქება, რამაც პანდემიის სახე მიიღო. ავგაროზ ბანდაისძის შვილი — გრიგოლ ბანდაისძე 1400 წლის თემურ ლენგის ლაშქრობის მერე წერს (ლარგვისის პარაკლიტონზე აქვს მინაწერი გაკეთებული): „შემდგომად მცირედისა ჟამისა დავრჩი ობოლი ხუთთა ძმათაგან“, ხოლო „ამისსა შემდგომად“ მომიკლა ექვსი შვილი და მეუღლეო, ანუ მთელი მისი ოჯახი შეიწირა შავი ჭირის ეპიდემიამ.
...
რაც შეეხება დღევანდელობას, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. ერთი სასიამოვნო რეალობა გამოიკვეთა ამ ძნელბედობისას. რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „НЕТ ХУДА ВЕЗ ДОВРА“. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად უსამართლო კრიტიკას იღებდა სხვადასხვა პირების თუ პარტიების მხრიდან (ხშირ შემთხვევაში ყალბი ბრალდებებიც გაისმოდა მათ მიმართ), თურმე არათუ „უნიათო“, არამედ ძალიანაც ქმედუნარიანი ყოფილა. ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი მედიკოსები ასეთ მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებენ თავის მოვალეობას. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქართველ მედიკოსთაგან, ვინც ამ პანდემიასთან ბრძოლის სათავეშია, თითქმის ყველა მათგანს სწორედ საქართველოში აქვს განათლება მიღებული და მთელი თავისი პროფესიული კარიერა საქართველოში აქვს გავლილი. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას და ხელისუფლებასაც, რომ ძალიან კარგი იქნებოდა მადლიერება ჩვენი მესაზღვრეების მიმართაც გამოგვეხატა, როგორც ეს მედიკოსების მიმართ გავაკეთეთ. ისინიც ფრონტის წინა ხაზზე არიან. კარგი იქნება შეიქმნას მედიკოსებისა და მესაზღვრეების წამახალისებელი ფონდი.
ესაუბრა ნინო კაკულია