გვესაუბრება თსუ-ის საგარეო ურთიერთობის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა
თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი გასული წლის (2020) ყველაზე წარმატებულ დეპარტამენტად დასახელდა. ქალბატონო თეას მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, საერთაშორისო ფორუმები თუ პრეზენტაციები ყოველთვის გამორჩეული და საინტერესოა არა მარტო საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის, არამედ ცოდნის გაღრმავების, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის, მიღებისა და გაზიარების მსურველთათვის. თუ როგორ მიაღწია ამ წარმატებას თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტმა, ამის შესახებ გვესაუბრება დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა.
— როგორც ამბობენ, თსუ-ის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი ერთგვარად მედიატორია, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტი გარე სამყაროს უკავშირდება. თსუ-ის დღეს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი, 100-ზე მეტი გაცვლითი და 20-ზე მეტი უცხოენოვანი პროგრამა აქვს, რაც უდავოდ თქვენი დეპარტამენტის ეფექტური და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. თქვენი სამსახური, ცოტა ხნის წინ, გასული წლის თსუ-ის ყველაზე წარმატებულ დეპარტამენტადაც დასახელდა... რა არის თქვენი დეპარტამენტის სამაგალითო საქმიანობის საიდუმლო და თქვენი ხელმძღვანელობის წარმატების ფორმულა?
— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უცხოეთის 50-ზე მეტ ქვეყანაში 300-მდე მეტ უნივერსიტეტთან და კვლევით ცენტრთან აქვს აქტიური თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა მოიცავს როგორც სამეცნიერო ურთიერთობებს, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობას და სხვ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ურთიერთობების როგორც დამყარება, ასევე შენარჩუნებასა და გამყარებაზე ზრუნვა ჩვენი დეპარტამენტის უმთავრესი ამოცანაა და ჩვენი მცირერიცხოვანი გუნდი ამ საქმეს სიამაყით ემსახურება. ცხადია, კოვიდ-პანდემია ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობისთვისაც გამოწვევაა და ამ პირობებში ათმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენი შრომა და მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩათ ჩვენს კოლეგებს. ძალიან მეამაყება, რომ 2020 წლის საუკეთესო დეპარტამენტის ტიტული მივიღეთ — ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა.
რაც შეეხება საიდუმლოს, ჩემი აზრით, წარმატების ფორმულა საიდუმლო არაა — ეს არის ცოდნის, გამოცდილების და თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ამასთანავე, თუ ერთი სიტყვით უნდა დავახასიათო ჩემი თანამშრომლები და საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულება, ეს ერთი სიტყვა აუცილებლად გუნდურობა იქნება.
გარდა ამისა, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა და ვცდილობ — მაგალითი და მოტივაცია მივცე ჩემს თანამშრომლებს. სწავლა, უცხოურ უნივერსიტეტებში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, უცხოელი კოლეგების გამოცდილების შესწავლა ჩემი ყოველდღიურობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია.
— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ათეული წელია წარმატებულად ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამები. დაფინანსებული გრანტების რაოდენობა უკვე ასეულებს ითვლის... გვიამბეთ ამ მიმართულებით თქვენი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, რამაც ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა..
— ნამდვილად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობით უპირობო ლიდერია. 1995-2020 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 50-მდე პროექტში, ერაზმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟან-მონეს 2 პროექტში. მხოლოდ 2015-2020 წლებში თსუ მონაწილეობას იღებდა მობილობის 259 პროექტში ევროპის 26 ქვეყანაში 106 უნივერსიტეტთან ერთად, ხოლო ერაზმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ბოლო საკონკურსო განაცხადზე ჩვენი მონაწილეობით შესული პროექტების რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა; მათ შორის, 95 საპროექტო განაცხადმა დაფინანსება მოიპოვა. ეს ასეულობით ახალი სტიპენდიის გაცემის საშუალებას მოგვცემს უახლოესი 3 წლის განმავლობაში. ეს წარმატება, ცხადია, შემთხვევითი არ არის და მის უკან მთელი გუნდის მიზანმიმართული შრომა დგას, რომელიც მოიცავს საქმიანობის მთელ ციკლს გეგმის დასახვიდან პროექტის წარმატებულ განხორციელებამდე.
— მსოფლიოში მიმდინარე მწვავე ეპიდემიის ფონზე როგორ ახერხებდით საქმიანობას და რა გამოწვევების წინაშე დადექით?
— კოვიდ-პანდემია უდავოდ რთული გამოწვევა იყო, განსაკუთრებით დასაწყისში, შარშან გაზაფხულზე. არაერთი სირთულის წინაშე დავდექით: გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს სტუდენტებთან და მათ მშობლებთან კომუნიკაცია, სტუდენტების საერთაშორისო მოგზაურობასთან, საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტებისთვის სამედიცინო კონსულტაციების ორგანიზება; თსუ-ში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისთვის ელექტრონული სერვისების ორგანიზება, მათი უსაფრთხო დაბრუნება მშობლიურ ქვეყნებში და სხვა ძალიან მრავალი. ეს ყველაფერი ჩვენგან უმოკლეს დროში და ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით მოქმედებას მოითხოვდა. ვთვლი, რომ ყველა ძირითად გამოწვევას და დაბრკოლებას ღირსეულად გავართვით თავი. ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, პირდაპირი გაგებით, დღე-ღამეში 24 საათი ვმუშაობდით და ამისთვის სპეციალური მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რათა დაყოვნების გარეშე გვქონოდა კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულ საათობრივ სარტყელში არიან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან იოლი იყო, მაგრამ როგორც განსაკუთრებული ინტერვენცია, ნამდვილად შედეგიანი აღმოჩნდა.
— დეპარტამენტის სამომავლო გეგმების შესახებაც გვესაუბრეთ... ახალი პარტნიორები ხომ არ შემოგვემატებიან და რა მიმართულებით აპირებთ ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას?
— მიუხედავად ყველა სირთულისა, 2020 წლის განმავლობაში 32 ახალი ინსტიტუციური პარტნიორი შევიძინეთ; 2021 წლის განმავლობაში ჩვენი ძირითადი საქმიანობა იქნება ამ ახალი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ნაწილის განხორციელება; უკვე არსებული თანამშრომლობების მხარდაჭერა და გაძლიერება. ამასთანავე, გავაგრძელებთ ახალი ინსტიტუციური პარტნიორების მოძიებას; ასევე, შარშან რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან დავიწყეთ მოლაპარაკება ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელებაზე, რასაც გავაგრძელებთ მიმდინარე წელს. ამის პარალელურად, ცხადია, აქტიურად გავაგრძელებთ გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას. ყველაფრის მიუხედავად, თსუ-ს წელსაც არაერთი ევროპელი გაცვლითი სტუდენტი ეყოლება.
როგორც იცით, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ პერსონალის საერთაშორისო კვირეულს, ის ძალიან პოპულარულია ჩვენს კოლეგებს შორის და შარშან 150-მდე განაცხადი მივიღეთ 20 ქვეყნიდან, თუმცა პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ვერ ჩავატარეთ. წელს, გვიან შემოდგომაზე, ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება, არაერთი ჩვენი კოლეგა უკვე მოუთმენლად ელოდება თბილისში ვიზიტს.
მოამზადა თამარ დადიანმა