თამარ დადიანი
„გააკეთე უფრო მეტი, ვიდრე შეგიძლია“, — აცხადებს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დოქტორანტი ნინო ლობჟანიძე, რომელიც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის მუდმივ განახლებაშია. ისე დიდია მისი თვალსაწიერი, რომ გგონია — ყველა ჰორიზონტს გადალახავს. ნინო ლობჟანიძე დღეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ სტუმარია:
— პასუხი მრავალ კითხვაზე შორეულ წლებში დევს. განცდები ადრეული წლებიდან ტოვებენ კვალს ჩვენში. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ საკუთარ ბავშვობას?
— მე დღეს ისევ ის ბავშვი ვარ, რაც ვიყავი. შეიცვალა ის, რომ პატარა დაბრკოლებები დიდ გამოწვევებად იქცა, თამაშები კი — რეალურ ცხოვრებად. ბავშვობაში არჩეულ გზას ვაგრძელებ დღესაც, უბრალოდ მაშინ პატარა ლამაზი ბილიკი იყო, რომელიც წლებთან ერთად გაიზარდა და გართულდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია არ დანებდე და გჯეროდეს შენი თავის. როგორც დედა მიყვება, თავიდანვე სერიოზული ბავშვი ვიყავი, ხშირად მხედავდნენ ფურცლებით ხელში საქმიანი სახით მოსიარულეს, რაც დღევანდელ რეალობას ნამდვილად შეესაბამება. დედა მიქმნიდა გარემოს, ერთად ვმუშაობდით დროის მენეჯმენტზე, მირჩევდა წიგნებს, მაძლევდა რჩევებს და მე მას ვუსმენდი. ასაკთან ერთად იცვლებოდნენ გმირებიც, იცვლებოდა მისწრაფებებიც, ვცეკვავდი, დავდიოდი მუსიკაზე, მხატვრული კითხვის წრეზე. სკოლაში გამორჩეულად მიყვარდა ორი საგანი — ლიტერატურა და მათემატიკა. ხშირად მახსენდება ჩემი პირველი დაბრკოლება ერთ-ერთი ამოცანის ამოხსნის დროს. ერთ ცდაზე ვერ მივიღე პასუხი, რაზეც დედამ ასეთი ფრაზა მითხრა: „კარგად დააკვირდი, პასუხი ყოველთის დასმულ კითხვაშივეა“. ამ ფრაზამ იმუშავა და დღემდე მუშაობს. არ ვეშვები არც ერთ გამოწვევას მანამ, სანამ მასშივე არ ვიპოვი გადაჭრის გზას. შეიძლება სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერ დავალებას თუ ცხოვრებისეულ სირთულეს ისე ვუდგები, როგორც ახალი შესაძლებლობების მომტან გამოწვევებს. ეს ჩემი ბავშვობის მონაპოვარია.
— რატომ შეაჩერე არჩევანი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით?
— ჩემი პირველი შეხება ეკონომიკასთან სკოლიდან იწყება. ისე დავინტერესდი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებით, რომ ESM-ის საკვირაო ბიზნეს-სკოლის კონკურსში გავედი და გამარჯვებულთა შორის მოვხვდი. ამ სკოლამ მომცა პირველი გამოცდილება ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხების ათვისებაში. აქვე დავწერე ჩემი პირველი ბიზნეს-გეგმა, რომლის საფუძველზეც მენეჯერ-რეფერენტის კვალიფიკაცია სკოლის ასაკშივე მომანიჭეს. აქედან გამომდინარე, არავის გაკვირვებია ჩემი გააზრებული არჩევანი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. რომელ უნივერსიტეტს ავირჩევდი, ამაზე არც კი მიფიქრია... ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ უნივერსიტეტად. ჩემს არჩევანში რომ არ შევცდი, ჩარიცხვიდან ორ კვირაში უკვე გამოჩნდა, როდესაც მათემატიკისა და ინგლისურის შიდა გამოცდების საფუძველზე მოვხვდი სპეციალურ ჯგუფში, სადაც საბაკალავრო სწავლების განმავლობაში სასწავლო კურსების ნაწილი ინგლისურ ენაზე გავიარე, რამაც დიდი გამოცდილება და სტიმული მომცა ჩემი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში ჩავრთულიყავი, რამაც კიდევ ახალი შესაძლებლობები გააჩინა ჩემს ცხოვრებაში. დღეს უკვე ეკონომიკის მიმართულებით სწავლების მესამე საფეხურს, დოქტორანტურას ვასრულებ და დღევანდელი გადმოსახედიდან ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. მიხარია, რომ გასულ წელს თსუ-ის პროგრამებისა და მიმდინარე მიღწევების შესახებ ინფორმაცია ჩემივე, 77-ე საჯარო სკოლის დამამათვრებელი კლასის მოსწავლეებს უკვე თსუ დესპანის როლში გავუზიარე. წლების შემდეგ სკოლაში დაბრუნება, მით უფრო თსუ-ელის რანგში, ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო.
— მეცნიერული მუშაობის სურვილმა როდის გაიღვიძა თქვენში? როდის გადაწყვიტეთ საქმიანობა სამეცნიერო მიმართულებით გაგეგრძელებინათ? თქვენი სადოქტორო თემის შესახებაც გვიამბეთ...
— მეცნიერული მუშაობის სურვილი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის პროცესში გაჩნდა. სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის დროს გადავწყვიტე, რომ სწავლას დოქტორანტურის საფეხურზეც გავაგრძელებდი. ბევრი ვიფიქრე ჩემი სადოქტორი კვლევის თემაზე. მიმართულებად ისევ ეკონომიკა ავირჩიე და გადავწყვიტე მაკროეკონომიკისა და ეკნომიკური პოლიტიკის შემდეგ მიკროეკონომიკის კუთხით გამეგრძელებინა სწავლა.
ჩემი სადოქტორო თემა გახლავთ „კონკურენცია ქართული მინერალური წყლების ბაზარზე და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის შეფასება“. კვლევის ფარგლებში ჩემი მიზანი იყო კონკურენციის ანალიზისა და პროდუქტის კონკურენტუნარიანობის დონის შეფასების საფუძველზე საქართველოს მინერალური წყლების საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება. ვფიქრობ, რომ კონკურენცია და პროდუქტის კონკურენტუნარიანობა ქვეყნის ცალკეული დარგისთვის და, შესაბამისად, მთლიანი ეკონომიკისთვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კონკურენტუნარინობის კუთხით, ჩემი აზრით, ქართული მინერალური წყლებია, თუმცა, დარგი სათანადოდ არ არის შესწავლილი. შესაბამისად, ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც კონკურენციასა და პროდუქტის კონკურენტუნარიანობას შეისწავლის უშუალოდ ქართული მინერალური წყლების ბაზრისთვის.
უახლესი სამეცნიერო სტატია, რომელიც ამა წლის 30 მარტს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, ორმაგი შემოწმების საფუძველზე, ჩემი კვლევის ფარგლებში გამოქვეყნდა, გახლავთ „The Impact Assessment of Competitiveness on Export Growth in Georgian Mineral Water Sector (Based on Econometric Model)“. სტატიაში მინერალური წყლების კონკურენტუნარიანობის დონესა და ექსპორტს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად შემუშავებული ეკონომეტრიკული მოდელით გამოთვლილი და გაანალიზებულია ამხსნელ და შედეგობრივ ცვლადებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. ქართული მინერალური წყლების პროდუქტისათვის გამოვლენილია კონკურენტუნარიანობის დადებითი გავლენა ექსპორტზე.
— სულ მალე სწავლების მესამე საფეხურს — დოქტორანტურას ამთავრებთ. ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სასწავლო პროცესს, პროგრამებს და პროფესორ-მასწავლებელთა დამოკიდებულებას?
— ბაკალავრიატის დასასრულს კონკურსის წესით მოვხვდი ახალგაზრდულ პარლამენტში ერთი წლის მანდატით სწორედ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. პრაქტიკისა და თეორიის შერწყმის მიზნით, ამ სიახლემ განაპირობა ჩემი შემდგომი არჩევანი მაგისტრატურის საფეხურზე ეკონომიკური პოლიტიკისა და დიპლომატიის განხრით და არც შევმცდარვარ. აღნიშნული მიმართულების ლექტორებისგან საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება მივიღე. სწავლების მესამე საფეხურზე გადავწყვიტე უკვე მიკროეკონომიკის განხრა ამეთვისებინა. დიდი იმედი მაქვს, რომ სწავლების ამ საფეხურსაც წარმატებით დავხურავ და მასთან ერთად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ეტაპსაც. დოქტორანტურის საფეხურზე საუნივერსიტეტო სასწავლო კურსების სწავლის პროცესში მქონდა პატივი მემუშავა ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ პროფესიონალებთან, როგორებიც არიან აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორები ეთერ ღვინერია და თეა კალანდია. მათ ყველა ლექციასა და სემინარს დიდი ინტერესით ველოდი. აღნიშნული პერიოდი დღემდე ჩემი გამოცდილების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. უშუალოდ ჩემი ფაკულტეტის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია სტუდენტების საჭიროებებზე და მუდმივ განვითარებზე, რისთვისაც დიდი მადლობა პროფესორ გიორგი ღაღანიძესა და მის გუნდს.
— თქვენ ერასმუსის პროგრამის კურსდამთავრებული ბრძანდებით. რა გამოცდილება მოგცათ ამ პროგრამაში მონაწილეობამ და რამდენად განსხვავდება ევროპული განათლება ეროვნულისგან?
— დიახ, დოქტორანტურის საფეხურზე გადავწყვიტე საერთაშორისო გამოცდილება მიმეღო სწავლის კუთხითაც და მონაწილეობა მივიღე ერასმუსის გაცვლითი პროგრამის კონკურსში. მოვხვდი გამარჯვებულთა შორის და ნახევარი წლით სასწავლებლად გავემგზავრე ტუშას უნივერსიტეტში, იტალიაში. ამ პროგრამაში მონაწილეობამ საშუალება მომცა შემესწავლა და გამეზიარებინა ჩემი სპეციალობის, მიკროეკონომიკის განხრით არსებული საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების თეორიული და პრაქტიკული შედეგები. პროგრამის ფარგლებში მივიღე უდიდესი გამოცდილება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის, კროსკულტურული ელემენტების დაუფლებისა და, რაც ყველაზე საინტერესო იყო, გლობალურ პროცესებში თანამონაწილეობის კუთხით. ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ტუშას უნივერსიტეტის ეკონომიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯაკომო ბრანკა. მასთან ერთად დავამუშავე ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ნაწილი. იგი დამეხმარა ლიტერატურის დამუშავებაში და იტალიური მინერალური წყლების ბაზრის ძირითადი წარმომადგენლების საქმიანობის თავისებურებების გაანალიზებაში, რაც, საბოლოოდ, ჩემს ნაშრომში ავსახე. იტალიაში სწავლისას ჩავაბარე ორი ანგარიში, შუალედური და საბოლოო, რაზეც პროფესორმა ბრანკამ დადებითი დასკვნა დაწერა და შემდგომში ეს ანგარიში საქართველოში აღიარეს, როგორც კვლევითი ნაწილი.
რაც შეეხება განსხვავებას ევროპულ და ეროვნულ განათლებას შორის, ძირითადად გამოვყოფდი ინფრასტრუქტურასა და სტუდენტების ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. კიდევ ერთი განსხვავება, რაც ვიგრძენი სწავლის პროცესში, გახლავთ, მკაცრად რეგლამენტირებული დრო, წამების სიზუსტით დავალებების შესრულება და გაგზავნა, რაც სტუდენტებს უფრო მობილიზებულს ხდის. მთლიანობაში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გარკვეული განსხვავებებისა, ნამდვილად სულ უფრო იგრძნობა ჩვენი ქვეყნის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის პროცესის დაჩქარება, რაც ძალიან მახარებს.