მაია ტორაძემ
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მიხეილ ბახტაძე, უკვე წლებია, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებს სწავლობს და იკვლევს. ამ საკითხს ეხება მისი სამეცნიერო ნაშრომების სოლიდური ნაწილი, რომელიც მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში ქვეყნდება. ბოლო წლებში მან პოლონურ არქივებში საქართველოს შესახებ საინტერესო დოკუმენტაციას მიაკვლია. ამ დოკუმენტების სამეცნიერო მნიშვნელობასა და კვლევის პერსპექტივაზე ბატონი მიხეილი თავად გვესაუბრება:
– ბატონო მიხეილ, რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ქართულ-პოლონური ურთიერთობებით და როგორ დაიწყეთ ამ მიმართულებით აქტიური კვლევა?
– 2017 წელს შეიქმნა პოლონელ და ქართველ ისტორიკოსთა საერთაშორისო კომისია. კომისიის შექმნის ინიციატორები იყვნენ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი იან მალიცკი და ამავე ინსტიტუტის პროფესორი, პოლონეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, კომისიის თავმჯდომარე, ბატონი დავით ყოლბაია. კომისიის პარტნიორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვარშავის უნივერსიტეტი და, ასევე, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი. კომისია დღემდე მუშაობს პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პატრონაჟით და მისი წევრები არიან პოლონელი და ქართველი ისტორიკოსები. თავდაპირველად, კომისიის მიზანი იყო პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების შესწავლა 1917-1921 წლებში, თუმცა შემდგომ, მუშაობისას გამოიკვეთა, რომ საჭიროა ქრონოლოგიური ჩარჩოს გაზრდა 1939 წლამდე. გამოიცა კომისიის შრომების სამი ტომი, მზად არის დასაბეჭდად მეოთხე ტომიც. ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში.
კომისიაში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო მუშაობა და ჩემთვის დიდი პატივია მისი წევრობა. შესაბამისად, ამ კომისიის წევრობამ დიდწილად განსაზღვრა ჩემი სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაც — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია. ამ საკითხს ეძღვნება ჩემი რამდენიმე ნაშრომი: „1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან; პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია“ (ჟურნალი „ქართული ემიგრაცია“ № 3(6); 2015); „გენერალი ილია ოდიშელიძე“ (გამომცემლობა „არტანუჯი“ 2017); „საქართველოს ოკუპაციის პირველი მცდელობა 1920 წელს (სამხედრო მოქმედებათა მიმოხილვა)“ (საერთაშორისო კონფერენციის „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ მოხსენებათა კრებული, 2017); ორი დოკუმენტი საქართველოს არმიის ჩამოყალიბებისა და მდგომარეობის შესახებ (1918-1919 წლები)“’ ( საერთაშორისო კონფერენციის „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა — ტენდენციები და გამოწვევები“ მოხსენებათა კრებული. 2018); „ეროვნებათაშორის სამხედრო საბჭო (1917 დეკემბერი – 1918 თებერვალი)“ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე №1; 2019); „გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი“ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები XIV. 2019).
— როდის აღმოაჩინეთ, რომ პოლონეთში, შესაძლოა, ინახებოდა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები?
— მე მქონდა შეხება ქართულ-პოლონურ ურთიერთობებთან. 2019 წელს მომეცა საშუალება, ვარშავის უნივერსიტეტისა და პოლონეთის კიდევ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ინიციატივით დაარსებული ტიტუს ფილიპოვიჩის სტიპენდიის ფარგლებში, ერთი თვე ვარშავაში, ახალი ისტორიის არქივში (Archiwum Akt Nowych) მემუშავა. ამ არქივში ძალიან ბევრი საინტერესო დოკუმენტია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობაზე.
ეს დოკუმენტები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: 1) დოკუმენტები, რომლებიც შესწავლილია და გამოქვეყნებულია პოლონელი ან პოლონეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების მიერ. თუმცა ისინი შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რადგან უმეტესობა პოლონურ ენაზე გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებშია თავმოყრილი; 2) დოკუმენტები, რომლებიც ცნობილია პოლონელი მეცნიერებისთვის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ-ჯერობით, არ არის გამოქვეყნებული. 3) დოკუმენტები, რომლებსაც პოლონელმა მეცნიერებმა ყურადღება ნაკლებად მიაქციეს, რადგან მათთვის საინტერესო ინფორმაციას არ შეიცავდა, მაგრამ ეს დოკუმენტები საინტერესოა ქართველი მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის. Archiwum Akt Nowych-ში არსებული „ქართული“ დოკუმენტები სხვადასხვა ფონდშია გაბნეული.
— საინტერესოა, კვლევის პერიოდში რა ტიპის ფონდები შეგხვდათ და როგორ არის გადანაწილებული აღნიშნული დოკუმენტაცია? რა საინტერესო ცნობებს გამოყოფდით ამ ფონდებიდან?
— ვარშავაში ყოფნისას ვნახეთ შემდეგი ფონდების ნაწილი: გენერალური შტაბის — ფონდი 1190, სამხედრო ატაშეების — 1191, სამხედრო სამინისტროს — 1192. მათ შორის ძალიან საინტერესოა სამხედრო ატაშეების ფონდი. ნაწილი ჩემ მიერ ნანახი დოკუმენტებიდან უკვე ვთარგმნე და გამოქვეყნდა. მათში არის ძალიან საინტერესო ცნობები. მაგალითად, ირკვევა, რომ 1922-1923 წლებში პოლონეთის სამხედრო ხელმძღვანელობა რეალურად განიხილავდა საქართველოში მოქმედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის იარაღის მოწოდების გზებსა და გეგმებს. იარაღი, აჯანყების დაწყების შემთხვევაში, უნდა გამოეგზავნათ რუმინეთის პორტ გალაციდან ბათუმში ან ფოთში; პოლონეთმა გადასცა ქართველებს რადიოსადგური რადიოსადაზვერო საქმიანობისთვის. ეს სადგური შემოიტანეს და ააწყვეს საქართველოში ზუსტად 1924 წლის აჯანყების წინ; პოლონეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო საქართველოში არსებული ვითარებით და მუდმივად ითხოვდა და იღებდა სათანადო ცნობებს; პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი სტანისლავ ჰალერი 1923 წელს საგანგებოდ ითხოვდა ინფორმაციას საქართველოში მოქმედი პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანული რაზმის შესახებ და სხვ.
– შემდგომში როგორ განავრცეთ კვლევა და რა გეხმარებოდათ ამაში?
– ტიტუს ფილიპოვიჩის სტიპენდიის ფარგლებში 2021 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ ვიყავი პოლონეთში. ამჟამად ვიმუშავე პოლონეთის ცენტრალურ სამხედრო არქივში. აქ ძალიან საინტერესო დოკუმენტებია საქართველოზე, ასევე პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცრებსა და გენერლებზე. ვნახე რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი 1920-1921 წლებისა, რომელიც ეხება საქართველოს. მაგალითად, ერთ-ერთია კონსტანტინოპოლში პოლონეთის სამხედრო წარმომადგენლის გენერალ პოჟეცკის მოხსენებითი ბარათი 1920 წლის მარტში თბილისში ყოფნის შესახებ.
– პოლონეთში არქივი მდიდარია სხვადასხვა დოკუმენტით საქართველოს შესახებ, ჩვენ არქივში რამდენად გვხვდება პოლონური წყაროები?
– უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს არქივებშიც მოიპოვება პოლონელთათვის მეტად საინტერესო დოკუმენტები. მაგალითად, საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება დოკუმენტები 1917-1918 წლებში სამხრეთ კავკასიაში შექმნილი პოლონური სამხედრო შენაერთების შესახებ. ეს შენაერთები რუსეთის იმპერიის კავკასიის არმიაში მოსამსახურე პოლონელმა ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა ჩამოაყალიბეს. დოკუმენტები უცნობი იყო პოლონელი კოლეგებისათვის და მეტად საინტერესოა მათთვის. ამ დოკუმენტების ნაწილი მე და ჩემმა კოლეგამ, დოქტორმა პავლე ლიბერამ უკვე გამოვაქვეყნეთ.
– ბუნებრივია, რომ ამ რაოდენობის დოკუმენტებს სრულად ვერ თარგმნიდით და შეისწავლიდით, ამიტომ საინტერესოა, სამომავლოდ აპირებთ თუ არა განაგრძოთ ამ მიმართულებით კვლევა და რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა?
– პოლონეთის არქივებში, როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი დოკუმენტია საქართველოსა და ქართველების შესახებ. მათი მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება მომავალი მუშაობის საკითხია. ძალიან კარგი იქნება თუ ახალგაზრდა მკვლევრები დაინტერესდებიან ამ საკითხებით და შეისწავლიან პოლონურ ენას. ამით მათ მიეცემათ ძალიან დიდი და საინტერესო ასპარეზი სამეცნიერო მუშაობისათვის.