თამარ დადიანი
უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში წარჩინებული სტუდენტები ტრადიციულად სახელმწიფო სტიპენდიას იღებენ, რომელიც სემესტრულად 150 ლარის ოდენობით განისზღვრება. სტიპენდია გამიზნულია იმ სტუდენტთა წახალისებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით და აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტის სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2014 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სტუდენტთა დაფინანსებას ე.წ. პრეზიდენტის სტიპენდია ერქვა, ახლა კი ის ამ სახელწოდებით – „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ ჩანაცვლდა, მაგრამ, ფაქტობრივად, არ შეცვლილა სტიპენდიატთა შერჩევის კრიტერიუმი, რაც, საერთო ჯამში, მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ანუ სტუდენტთა მაღალ შეფასებას გულისხმობს.
უნივერსიტეტში მოქმედებს სასწავლო და სახელობითი სტიპენდიები, ასევე წარჩინებული აბიტურიენტებისათვის სტიპენდიები. სასწავლო სტიპენდია მოიპოვება სტუდენტის მიერ ყოველსემესტრულად მიღწეული შედეგების საფუძველზე და მოქმედებს ერთი სემესტრის განმავლობაში; სახელობითი სტიპენდია არის კონკრეტულ დარგში გამოჩენილი მეცნიერის ან უნივერსიტეტის წინაშე დამსახურების მქონე პირის სახელობითი სტიპენდია, რომელიც გაიცემა კონკრეტულ მიმართულებაში (სასწავლო კურსი, დარგი, მეცნიერება, ნაშრომი, სპორტული ან კულტურული მიღწევა) მიღწეული შედეგებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა ბაკალავრიატის და დიპლომატიური მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე წინა სემესტრების შედეგების გათვალისწინებით ხდება. სტიპენდიის დაფინანსებისთვის შესარჩევ კანდიდატთა სია 100 ქულით განისაზღვრება. მათ შორის, 80 ქულა მაღალ აკადემიურ მოსწრებაში, რომელიც სტუდენტების მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით გამოიანგარიშება. 10 ქულა სამეცნიერო ნაშრომებში, ხოლო 10 ქულა საუნივესტიტეტო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისთვის. სტიპენდიით დაფინანსებისთვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასებას თსუ-ში უშუალოდ შესაბამისი ფაკულტეტი ახორციელებს, ხოლო სტუდენტთა ერთიანი სია რექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება.
ქულები სტუდენტებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი აქტივობებისა და ცოდნის დონით. აუცილებელია, რომ 24 კრედიტზე ნაკლები არ ქონდეს სემესტრში აღებული. გარდა ამისა, სემესტრის ბოლოს მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენთა სია უნივერსიტეტშიც გამოკრულია და შესაბამისად, სტუდენტმა უკვე იცის — გახდება თუ არა სტიპენდიატი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო სტიპენდიის გარდა ფაკულტეტებზე გაიცემა სახელობითი სტიპენდიები.
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დღესდღეობით სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად სახელობითი სტიპენდიებიც გაიცემა. თუ რა კრიტერიუმით შეირჩევიან სტუდენტები და რა მოთხოვნებს უყენებს მათ ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი საფინანსო — ეკონომიკურ საკითხებში აკაკი მიქაბერიძე:
— რამდენი სახის სტიპენდია არსებობს დღეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე და სულ რამდენი სტიპენდიატი გვყავს ?
— თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სახის სტიპენდიები:
- განათლების სამინისტროს სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც ინიშნება სემესტრულად და შეადგენს 750 ლარს (150 ლარი 5 თვის მანძილზე).
- აფხაზეთის ა/რ-ის ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია, რომელიც ინიშნება აკადემიური წლის მანძილზე და შეადგენს 2000 ლარს (200 ლარი 10 თვის მანძილზე).
- ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მიზნობრივი სტიპენდიები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხარჯების დაფინანსებას და საკუთრივ სტიპენდიებს, რაც ცვალებადია სემესტრების მიხედვით.
- „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია ინიშნება სემესტრულად და შეადგენს ერთჯერადად 650 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
- პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდია, ინიშნება სემესტრულად და შეადგენს 1250 ლარს (250 ლარი 5 თვის მანძილზე, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). აღნიშნული სტიპენდია, პირადად დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა.
გარდა ამისა, ფაკულტეტზე, ისევე, როგორც მთელ უნივერსიტეტში, მოქმედებს საუნივერსიტეტო დაფინანსების პროგრამა, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს უფინანსებს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ მოცულობას (ზოგიერთ შემთხვევაში, ქულათა თანაბრობის დროს ნაწილობრივ ოდენობას). ამჟამად ფაკულტეტზე 200-მდე სტიპენდიატი სტუდენტი გვყავს.
— რამდენად დიდია მოთხოვნა სტუდენტების მხრიდან სტიპენდიის მიღებისა?
— სტუდენტების მხრიდან სტიპენდიებზე მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მაღალია — ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სტუდენტთა მაღალი აკადემიური მოსწრება და ის აქტივობები, რომელიც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს სტუდენტებს სტიპენდიის მისაღებ კონკურსში. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველ სემესტრულად სრული 100 ქულიანი აკადემიური მოსწრება აქვს 20-მდე სტუდენტს.
— რის მიხედვით შეირჩევიან სტუდენტები სახელმწიფო თუ ამა თუ იმ სახელობითი სტიპენდიის მისაღებად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდენენ?
— სტიპენდანტების შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი არის აკადემიური მოსწრება, ანუ კარგი სწავლა, თუმცა ამის გარდა მნიშვნელოვანია სხვა დამატებითი აქტივობები, რომელიც სხვადასხვა სახელობითი თუ თემატური სტიპენდიის მიღების დროს შეიძლება განსხვავებული იყოს. ასეთია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება, ხოლო ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის შემთხვევაში ეს აქტივობები უნდა ეხებოდეს აფხაზეთის თემატიკას.
— მომავალში ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებები, ან ახალი სტიპენდიები ხომ არ დაწესდება?
— თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ყოველთვის ცდილობს სტუდენტების მოთხოვნებს მოარგოს რეგულაციები და შესაბამისად, გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად ხდება ამ მიმართულებით ცვლილებები. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის აქტიური მხარდაჭერით, ადმინისტრაცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სტრუქტურებთან, რათა მათი მხრიდან გამოხატული იყოს სტუდენტების მხარდაჭერა.