თამარ დადიანი
თსუ-ის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო სულ რაღაც 3 წელია, რაც შეიქმნა, რომლის უფლებამოსილება და მუშაობის წესი საბჭოს დებულებით განისაზღვრა. საბჭოს უფლებამოსილება ახლებულად განისაზღვრა და ცვლილებების საფუძველზე გამარტივდა მთელი რიგი პროცედურები, შემცირდა საკითხების განხილვის დროის მონაკვეთი. რა სტანდარტები და ახლებური მიდგომები, რა რეკომენდაციები შეიმუშავა თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ? — ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს აპარატის უფროსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დალი კანდელაკი.
— რა კრიტერიუმებით და სტანდარტებით განისაზღვრა თსუ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილება და მუშაობის წესი?
— თსუ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს უფლებამოსილება და მუშაობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით. აღსანიშნავია, რომ დებულების პირველ ვარიანტში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები და 2018 წელსვე საბჭოს უფლებამოსილება ახლებურად განისაზღვრა (აკადემიური საბჭოს დადგენილება N 244/2018, 27.12.2018). ცვლილების საფუძველზე გამარტივდა მთელი რიგი პროცედურები, შემცირდა საკითხების განხილვის დროის მონაკვეთი: თუ დებულების პირველადი ვარიანტით საბჭო ოთხჯერ განიხილავდა თითოეული დოქტორანტის დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს (რეცენზენტების დამტკიცება, დაცვის კომისიის დამტკიცება, დაცვის თარიღის დამტკიცება და აკადემიური ხარისხის მინიჭება), ამ ეტაპზე განიხილება ორჯერ (რეცენზენტებისა და დაცვის კომისიის დამტკიცება და აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ დაცვის კომისიის დასკვნის (შეფასების) განხილვა).
ცვლილების საფუძველზე საბჭო იხილავს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დადებით გადაწყვეტილებას (შეფასებას), ინფორმაციას დაცვის პროცედურების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების ან უარის თქმის შესახებ.
უმნიშვნელოვანესია, რომ საბჭო იღებს გადაწყვეტილებას სადისერტაციო ნაშრომზე აკადემიური ეთიკის დარღვევის არსებობის შემთხვევაში მინიჭებული აკადემიური ხარისხის საფუძვლიანობის შემოწმების თაობაზე.
— საბჭო 3 წელია უკვე, რაც წარმატებით ფუნქციონირებს. რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში და რა შედეგებს მიაღწიეთ ახლებური მიდგომებით?
— 3 წლის განმავლობაში სადისერტაციო საბჭომ დაამტკიცა დოქტორის ხარისხის მინიჭების თაობაზე ფაკულტეტებიდან წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ყველა დასკვნა (შეფასება).
აღსანიშნავია, რომ არ დადასტურებულა სადისერტაციო ნაშრომში გაყალბებული მონაცემების გამოყენების, პლაგიატის ფაქტი, ფაკულტეტების მხრიდან არ წარმოდგენილა სადისერტაციო საქმისწარმოებისას არასწორი მონაცემები.
საბჭომ დაამტკიცა დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი იმ დოქტორანტებისათვის, რომელთაც დოქტორანტურის დასრულების შემდეგ თსუ-სა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი უნდა მინიჭებოდათ (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა 2 და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2 დოქტორანტისთვის);
საბჭოს სრულყოფილად მუშაობისთვის ჯერ კიდევ პანდემიამდე შეიქმნა ელექტრონული სივრცე, ე.წ. „დისერტაციების ელექტრონული საცავი“, რომელზე წვდომაც მხოლოდ სადისერტაციო საბჭოს და აპარატის წევრებს გააჩნიათ. დისერტაციის შეფასებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აპარატის სამდივნოს შესაბამისი ფაკულტეტის წევრი PDF ფორმატის სახით განათავსებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაციას, რომელიც საბჭოს დებულებითაა განსაზღვრული.
სადისერტაციო საბჭომ შეიმუშავა სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმის ფორმა და განსაზღვრა მასში შემავალი კომპონენტები. ამ ფორმის შესაბამისად, ყველა ფაკულტეტი ერთი სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს ინფორმაციას დისერტაციის დაცვის მსვლელობის შესახებ.
სადისერტაციო საბჭომ განიხილა და დაამტკიცა ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ტენიკური მონაცემების ინსტრუქცია.
საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი განსახილველად თსუ სტუქტურულ ერთეულებს, ფაკულტეტებს გადაეცათ; შეჯერებული პროექტი დამტკიცდა აკადემიური საბჭოს მიერ (დადგენილება N 245/2018, 27.12.2018).
სადისერტაციო საბჭო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან დისტანციურ რეჟიმში მართავს სხდომებს. საბჭომ ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები დისერტაციების დაცვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარების თაობაზე და ფაკულტეტებს დისერტაციების კონფიდენციალურად შეფასების ონლაინ პლატფორმა შესთავაზა.
— საქმიანობის წარმართვის დროს, ალბათ, პრობლემებმაც იჩინა თავი...
— თსუ დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის გარდამავალი დებულებებით (მ. 14, პ.2) განსაზღვრულია, რომ 2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის დისერტაციის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაცია (საერთაშორისო რეცენზირებისთვის სტატიის წარმოდგენა), რაც ხორციელდება უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტისა და ფაკულტეტების შესაბამისი დებულებებით, რომლებიც მოქმედებდა დოქტორანტების ჩარიცხვის მომენტისთვის. ეს დათქმა ერთგვარ სიძნელეს ქმნის საბჭოს მუშაობაში, რადგან საბჭოს წევრებს დოქტორანტების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან დაკავშირებით ფაკულტეტებზე არსებული განსხვავებული პირობების გათვალისწინება უწევთ. 2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტების რაოდენობა კვლავ მაღალია.