მაია ტორაძე
რა როლს თამაშობს გეოგრაფიული თავისებურებები არჩევნების შედეგებზე? — ამ კითხვაზე უპასუხებს თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი, რომლის საკვლევი ობიექტიც საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. პროექტის ფარგლებში მკვლევრები სხვადასხვა კვლევის მეთოდის გამოყენებით სწავლობენ — რატომაა განსხვავებული საარჩევნო მაჩვენებლები სხვადახვა ქალაქს, მხარესა და თუ გეოგრაფიულ დასახლებას შორის. კვლევის შედეგად გამოვლინდება ის ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ხმის მიცემის შედეგებზე.
„არჩევნების შედეგების შეფასების დროს მნიშვნელოვანია პოლიტოლოგიური და სოციოლოგიური დასკვნები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გეოგრაფიული მახასიათებლებიც. მოგეხსენებათ, ყველა მხარეს, ქალაქსა და მუნიციპალიტეტს თავისი სპეციფიკა აქვს, რომლის გამოც ამომრჩეველთა ქცევა განსხვავებულია. მაგალითად, თბილისის ამომრჩეველი განსხვავებულია ქუთაისელი ამომრჩევლისგან, კახეთის საარჩევნო შედეგები განსხვავდება სხვა მხარეების შედეგებისგან და ამაში, სხვა ფაქტორებთან ერთად, გეოგრაფიულ ფაქტორებსაც აქვს თავისი ადგილი. სწორედ ეს თავისებურებები გამოიკვეთება ჩვენი პროექტის ფარგლებში“, – გვითხრა პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა გიორგი გოგსაძემ.
პროექტის განხორციელებაში ჩართულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 3 პროფესორი და 4 სტუდენტი, რომელთაგან ერთი დოქტორანტია. მათ შესაძლებლობა მიეცემათ — პროექტის მიმდინარეობისას მიღებული მონაცემები გაიტანონ სამეცნიერო კონფერენციებზე.
შედეგების პრეზენტაცია გაიმართება 2022 წლის გაზაფხულზე. გათვალისწინებულია შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.