ესაუბრა ნატო ობოლაძე
საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ათეულობით აქტივობას — ტრენინგებს, სტაჟირების პროგრამებს, საჯარო ლექციებს და ა.შ. აერთიანებს. პროექტში მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია. კონკრეტულად რა მიმართულებებია და როგორ შეუძლება ჩაერთონ ახალგაზრდები ორგანიზაციის პროექტებში, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ დამფუძნებელი ანზორ მეგრელიშვილი გვესაუბრება.
რა პრინციპით არჩევთ წევრებს და როგორ მოგმართონ მათ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მისაღებად?
შერჩევის პრინციპი ძალიან მარტივია — სტუდენტები უნდა იყვნენ მოტივირებულები, სოციალურად აქტიურები, ენერგიულები და მიზანსწრაფულები. მათ შეუძლიათ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე — საქართველოს სტუდენტური პარლამენტი — შეავსონ აპლიკაცია და საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი სტუდენტური ოჯახის წევრები გახდნენ.
თქვენ სულ ახლახანს შეხვედრა გქონდათ თსუ-ის რექტორთან გიორგი შარვაშიძესთან, ასევე თსუ-ის პროფესორებთან...
დიახ, ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა შედგა ბატონ გიორგი შარვაშიძესთან, რითაც ძალიან კმაყოფილები არიან ახალგაზრდები. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგის აქტიური თანამშრომლობისთვის და ასევე ყველა იმ ლექტორს, რომლებიც სტუდენტების თხოვნით, პირადად თუ დისტანციურად, სხვადასხვა საშუალებით, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ათასობით „სტუდენტ პარლამენტარ“ ახალგაზრდას.
თქვენი მიზანია არაფორმალური განათლების განვითარება ქვეყანაში, ახალი თაობის ლიდერების წარმოჩენა, საერთაშორისო კავშირების განმტკიცება. ამისათვის რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ სამომავლოდ?
ჩვენი ორგანიზაცია, ა(ა)იპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება" — ICSU — 12 მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და განახორციელებს საქართველოში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: ICSU-Courses — არაფორმალური განათლების კურსები ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, იურისპუდენციაში, ევროპულ ლიდერშიპში, საკანონმდებლო ტექნიკაში და ა.შ.; ICSU-Parliament — სტაჟირების პროგრამა პარლამენტში მერიასა თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, სადაც ახალგაზრდები დასაქმების პერსპექტივასთან ერთად ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ; ICSU-Municipality board — ცალკე აღნიშვნის ღირსია PBL-Internship -ის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მომავალ თაობას ვასწავლით მუნიციპალური პრობლემების საფეხურებრივ გამოვლენა-შესწავლა-ანალიზს და შემდეგ მათი გადაჭრის მეთოდების საჯარო პრეზენტაციას; ICSU-Events — კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები, შეკრებები, რომლებიც ჩატარდება საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში ნიჭიერი, ხელოვანი ახალგაზრდების ორგანიზებითა და ჩართულობით; ICSU-Speaker — სადაც ახალი თაობის ლიდერებს საჯარო გამოსვლების ტექნიკას და აუდიტორიასთან თუ მედიასთან ურთიერთობის სპეციფიკურ უნარებს შევასწავლით; ICSU-Master Class — მასტერკლასები მხოლოდ ლიდერებისათვის, რომელსაც წაიკითხავენ მოწვეული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები და ლექტორები; ICSU-Winter School — „ლიდერთა ზამთრის სკოლა“ — იმ ახალგაზრდა ლიდერების შეკრება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში სხვადასხვა წარმატებულ პროექტებს ანხორციელებენ; ICSU-Camp-“ზაფხულის ახალგაზრდული ქალაქი“ — საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ახალგაზრდული შეკრება-პროექტი მთლიანად აგებულია Crowdfounding-ის პრინციპებზე და საფუძვლებზე, რაც გულისხმობს ახალგაზრდების თანაჩართულობას და ემსახურება საქართველოს ყველა რაიონში და ქალაქში ინოვაციური მეთოდებით ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებას და მათი უნარების განვითარებას; ICSU- გაიცანი საქართველო — მოიცავს მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქებში ათასობით მოქალაქის განთავსებას სოფლის სახლებში, რისი მეშვეობითაც ხდება სოფლის, ქალაქისა თუ რაიონის პოპულარიზაცია და ეკონომიკური ნაკადების შედინება, ადგილობრივების დასაქმება და რაიონში არსებული კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალის გაცნობა; ICSU – My Magical Weekend — აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, რომ დაისვენონ ზამთრის კურორტებზე წარმოუდგენელ ფასად; ICSU — საჩუქარი მუნიციპალიტეტებს — პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა კულტურული უნარებით, საშუალება ეძლევათ SEU Art Project-ის პროფესიონალ პედაგოგებთან და ცნობილ მომღერლებთან თუ მსახიობებთან ერთად მუნიციპალიტეტებს დაუვიწყარი შოუ-კონცერტი აჩუქონ; ICSU – European Summer (Winter) Camp — ჩვენი ორგანიზაციის პროექტებში ჩართულ საუკეთესო, აქტიურ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანა. უახლოს მომავალში დამატებით პროექტს თუ რამეს შევმატებთ, აუცილებლად გაგაგებინებთ.
თქვენ განახორციელეთ პროექტი — „აღმოაჩინე საქართველო“, რომელიც ტურისტული სერვისების გაუმჯობესებისკენაც იყო მიმართული...
ამ პროექტის მიხედვით ვიღებთ საქართველოში ისეთ წერტილებს (დასახლებას – სოფელს, რაიონს), რომელთაც ტურისტული კუთხით დიდი პერსპექტივა გააჩნია და ვიწყებთ ამ წერტილების მუნიციპალურ-ტურისტული განვითარების ხელშეწყობას. პირველი ასეთი წერტილი, რომელიც საპილოტედ ავიღეთ, არის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი გორდი, ავიღეთ 25-მდე სოფლის სახლი და დავიწყეთ ამ სახლების სტიმულირება ჩვენი საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკის მეშვეობით, რათა ამ სახლების თანმიმდევრული დაახლოება მომხდარიყო საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტებთან. ბანაკის მიმდინარეობისას სეზონზე აღნიშნული სახლების მასპინძლების შემოსავალი 4-დან 6-ათას ლარამდეა, რომლის ნახევარსაც, ჩვენი შეთანხმების მიხედვით, ისინი სახლების ინფრასტრუქტურის განვითარებას ახმარენ, რათა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ სახლების ჯერ დაახლოება და შემდეგ მთლიანი გარდაქმნა მოხდეს საოჯახო ტიპის სასტუმროებად. მოწვეული გვყავს უცხოელი მოხალისეები, რომლებიც ბანაკის მონაწილეებს როგორც არაფორმალური განათლების საინტერესო ლექციებს, ასევე ნებისმიერი ახალგაზრდისათვის ესოდენ საჭირო უცხო ენის კურსებს (native-speaker party) სთავაზობენ. კულტურულ-გასართობი სეგმენტი – დისკოთეკები, პოეზიის საღამოები, კონცერტები, სპეციალური სტუმრები და ცნობილი სახეები, სპორტული ჩემპიონატები, კულინარული მასტერ-კლასები, ფერების ფესტივალი, ლაშქრობები, ცეკვების ფესტივალი, ქართული სოფლის ნაწარმის პრეზენტაციები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც სოფლის მოსახლეობისათვის, დამსვენებელი ახალგაზრდებისათვის და ტურისტებისათვის კომფორტულ, მიმზიდველ და საინტერესო გარემოს ქმნის. აღნიშნული პროექტი 2019 წლის ზაფხულს გაიმართა საქართველოს რვა რეგიონში.