თამარ დადიანი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 25 აპრილს, „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" (უსმა/USMA) პროექტის „მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის" ფარგლებში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების გამოსავლენი კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო ნაშრომების ავტორებს, პროფესორებს ვლადიმერ პაპავას, ვახტანგ ჭარაიას და ეკა ლეკაშვილს გადაეცათ ასოციაციის მიერ დაწესებული საპატიო პრიზი და სერტიფიკატი. კონკურსში გამარჯვებულებს ასოციაციის საპატიო პრიზი და სერტიფიკატი გადასცეს ასოციაციის თავმჯდომარემ ბესიკ ობოლაძემ, ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ შოთა დოღონაძემ და ასოციაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარემ გოჩა ცოფურაშვილმა.
კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომის ავტორი ეკა ლეკაშვილი თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე საქმიანობს. იგი აგრეთვე ტურიზმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტია. ინდუსტრიული პოლიტიკის კვლევით მაშინ დაინტერესდა, როცა გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სასტიპენდიო კონკურსსა და ვარშავაში სავაჭრო შესაძლებლობების მშენებლობის ტრენინგ-პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. აქედან მოყოლებული დღემდე აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან, რომლებიც ინდუსტრიული პოლიტიკის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე მუშაობენ. ახალგაზრდა, წარმატებულ მეცნიერს სტუდენტობიდანვე ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ ხედვასთან დაკავშირებით. პარალელურად, აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხით საზოგადოების ინტერესის ზრდის მიმართულებით და ამ თემაზე მრავალი სტატია აქვს გამოქვეყნებული.
თუ რატომ დაინტერესდა „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" პროექტით და რამ გადააწყვეტინა კონკურსში მონაწილეობა, ამაზე თავად ეკა ლეკაშვილი გვიამბობს...
— თქვენ გაიმარჯვეთ „უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის" პროექტში „მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის". რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობა, რას მოიცავს ეს პროექტი და რა მიზნებს ემსახურებოდა ამ პროექტის ფარგლებში გამართული საუკეთესო სამეცნიერო სტატიების კონკურსი?
— ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, როდესაც ასოციაციის სახელით დამიკავშირდნენ და მომაწოდეს ინფორმაცია კონკურსში გამარჯვების შესახებ — რომ ჩემი ავტორობით ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში" (N9,2020) გამოქვეყნებულმა სამეცნიერო სტატიამ — „ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების სისტემატიზაცია" — გაიმარჯვა პროექტის „მეცნიერება მდგრადი განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის" ფარგლებში გამართულ საუკეთესო სამეცნიერო სტატიების კონკურსში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაციის წევრებმა და ექსპერტებმა, პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, შეაფასეს 2017-2020 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა მკითხველისთვის. შემფასებლებს შემუშავებული ჰქონდათ შეფასების მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომლის კრიტერიუმებიც მიმართული იყო სამიზნე ნაშრომების გამოვლენისკენ. მათ შორის: ნაშრომის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან და სტრატეგიასთან შესაბამისობა და სხვა. კომისიას მოუწია უამრავი ნაშრომის შეფასება, რათა გამოევლინა გამარჯვებული უსაფრთხოების საკითხებზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომებიდან.
აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უსაფრთხოების საკითხების კვლევის პოპულარიზაციას სამეცნიერო წრეებში და საზოგადოებაში, ასევე, უსაფრთოების საკითხებზე ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას და ამ მიმართულებით პრობლემების დაძლევის გზების ძიებას. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებ-გვერდზე (http://usma.ge/).
— რა სფეროს შეეხებოდა კონკურსზე წარმოდგენილი ნაშრომები?
— მოცემული ეტაპისთვის კონკურსი ჩატარდა ეკონომიკური მიმართულების სამეცნიერო ნაშრომებისთვის. ასოციაციის თავმჯდომარის ბესიკ ობოლაძის განცხადებით, უსაფრთოების საკითხები ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მას მიენიჭა კოვიდ პანდემიის პირობებში. ცნობილია, რომ პანდემია შეფასდა, როგორც საომარი რეჟიმი, რომელსაც ახლავს ჰუმანური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა დანაკარგები. ამრიგად, წინ წამოიწია არა მარტო, ზოგადად, უსაფრთხოების, არამედ სოციალური, ჰუმანიტარული, სასურსათო, ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებმა. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კი აუცილებელია ამ მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლვები, სამეცნიერო საზოგადოების გააქტიურება და საკითხის პრიორიტეტულ რანგში აყვანა.
ეკონომიკის მიმართულებით კონკურსში გამარჯვებული 4 ნაშრომი გამოვლინდა, რომლებიც ეკონომიკურ, საფინანსო-სავალუტო უსაფრთხოების, ჯანდაცვის და სოციალური უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა.
დაჯილდოება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა 25 აპრილს. სხვა გამარჯვებულები სამეცნიერო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მეცნიერები არიან — აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ახალგაზრდა მეცნიერი ვახტანგ ჭარაია, პროფესორი თენგიზ ვერულავა და პროფესორი ნოდარ ხადური (გარდაცვალების შემდეგ). გამარჯვებულებს გადმოგვეცა საპატიო პრიზი და სერტიფიკატი. დაგეგმილია ამ კონკურსის ჩატარება შემდეგომ წლებშიც.
თქვენი სამეცნიერო ნაშრომის შესახებაც გვიამბეთ, რომელმაც ამ კონკურსში გაიმარჯვა....
ინდუსტრიული პოლიტიკის კვლევით დაინტერესება 2014 წლიდან იწყება, როდესაც გავიმარჯვე გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სასტიპენდიო კონკურსში და მონაწილეობა მივიღე სავაჭრო შესაძლებლობების მშენებლობის ტრენინგ პროგრამაში, ვარშავაში Trade Capacity Building Training Programme – Caucasus and CIS (UNIDO-Institute). 2015 წლიდან აქტიურად ვთანამშრომლობ ადამიანებთან, რომლებიც ინდუსტრიული პოლიტიკის თეორიისა და პრაქტიკის საკითხებზე მუშაობენ. 2019 წელს მონაწილეობა მივიღე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავების ტრენინგ-პროგრამაში, რომელიც გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა საქართველოში. პარალელურად მუდმივად ვცდილობდი ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხით საზოგადოების დაინტერესებას და ამ თემაზე გამოვაქვეყნე სტატიები და მონაწილეობა მივიღე მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ვებინარსა და კონფერენციაში. ინდუსტრიალიზაცია გაეროს მდგრადი განვითარების მეცხრე მიზანია და სტატიამ თემატურად ამ კონკურსის მოთხოვნებს უპასუხა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ასპირანტობის წლებიდან ყოველთვის მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ ხედვასთან დაკავშირებით, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებისას უნდა გათვალისწინებული იყოს როგორც ფარდობითი უპირატესობის, ასევე მდგრადი განვითარების მიზნები. ამ მიდგომის სამართლიანობა ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნებზე გადის, სტაბილურ განვითარებას ემსახურება და მისი სამართლიანობა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომმა პერიოდმა არაერთხელ დაგვანახა.
რაც შეეხება გამარჯვებულ სამეცნიერო ნაშრომს, მასში სისტემატიზირებულია თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი ინდუსტრიული პოლიტიკის თეორიულ- მეთოდოლოგიური მიმართულებები. ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკურ-თეორიულ თვალსაზრისებსა და პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის მუდმივი წინააღმდეგობის ასპარეზია. ხოლო ინდუსტრიული პოლიტიკა უფრო მეტად ნორმატიული მიდგომის საფუძველზე ყალიბდება, რადგან მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. კვლევის მიზანია ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების თანმიმდევრული შესწავლა ინდუსტრიული პოლიტიკის შეფასების თეორიული ჩარჩოს ფორმირების მიზნით. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკა ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან ფირმების ფორმირების, მათი აგლომერაციის, ინოვაციებისა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ხელშეწყობას ღია ეკონომიკის პირობებში. ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის კონცეფტუალურ მიმართულებში განიხილება ზრდის ენდოგენური თეორია, რომელიც ემყარება ცოდნის და კვლევითი საქმიანობის დონეს ქვეყანაში; ეროვნული კონკურენტული უპირატესობის თეორია; ეროვნული საინოვაციო სისტემების კონცეფცია, რომელიც განიხილავს ინოვაციებზე ზეგავლენას საერთო ეროვნული ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან, სავაჭრო პოლიტიკისა და განათლების სექტორის, ინსტიტუტების ქცევიდან გამომდინარე. ამასთან, გაანალიზებულია ახალი ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე არსებული მოწინავე კვლევების შედეგები, რაც ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლებს და გამტარებლებს პრაქტიკულ საქმიანობაში ეხმარება. მხოლოდ წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკით არის შესაძლებელი იმ გარღვევის შევსება და სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რისი სურვილიც აქვს ჩვენს საზოგადოებას.
— რა მნიშვნელობა აქვს ასეთი პროექტების განხორციელებას და მსგავს პროექტებში მეცნიერების ჩართულობას?
— მსგავს პროექტებში ჩართულობა და გამარჯვება ნიშნავს მეცნიერის კვლევის შედეგების აღიარებას საზოგადოებრივი ჯგუფის ფარგლებში, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და დასაფასებელია. ამგვარი პროექტების არსებობა ხსნის ცალკეულ თემებზე კვალიფიციურ დისკუსიას და სამეცნიერო წრეებს აკავშირებს სხვა ინსტიტუტებთან, რაც საქართველოს რეალობაში ძალიან იშვიათია. ათწლეულებია ყველა პლატფორმიდან მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ბიზნესს, რომ არა მარტო ეკონომიკური პოლიტიკის, არამედ პოლიტიკის ყველა მიმართულების შემუშავებაში მეცნიერთა ჩართულობის გარეშე არ ხერხდება ქვეყნის განვითარება, თუმცა უშედეგოდ. ან თუ არსებობს ასეთი შემთხვევები, მათ ფორმალური ხასიათი აქვს. ჩვენნაირი მწირი სამეცნიერო რესურსების ქვეყანაში, როდესაც არ იყენებენ მაღალკვალიფიციურ რესურსს ამ პროცესში, ეს არის დიდი დანაშაული და რესურსების უყაირათო ფლანგვა — ეკონომისტის შეფასებაც რომ დავურთოთ. მრავალი კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულების პროპაგანდის მიზნით არის შექმნილი და აქვთ შესაბამისი დაფინანსების წყაროები. უნივერსიტეტებში კი დაფინანსების მოძიების ფიქრის გარდა, მეცნიერს უამრავი ფაქტორის გათვალისწინება უწევს, რომ კვლევის მიმართ ინტერესი აღძრას საზოგადოებაში. მაგრამ ჭეშმარიტი მეცნიერი ყოველთვის არის ობიექტური, რადგან იცის — რა მნიშვნელობა აქვს მიუკერძოებელ კვლევას. შესაბამისად, მოვუწოდებ სხვა ორგანიზაციებს და სტრუქტურებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებისკენ, ხოლო მეცნიერებს — მაღალხარისხისანი ნაშრომების შესრულებისკენ, რადგან ვფიქრობ, დგება დროება, როცა თქვენს ნაშრომებს წაიკითხავენ.