მოამზადა ნატო ობოლაძემ
თანამედროვე პროგრესული საზოგადოება ნებისმიერი კონფლიქტის დასარეგულირებლად უარს ამბობს ძალადობრივ მეთოდებზე და გამოსავალს კულტურულ, სამეცნიერო ან, უბრალოდ, ორი ეთნოსის წარმომადგენლების დიალოგის საფუძველზე ეძებს და აყალიბებს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გამწვავებულ ქართულ-ოსურ ურთიერთობებს მესამე მხარის აგრესიული პოლიტიკა (რუსეთის მხარე) კიდევ უფრო ართულებს და, ამავე დროს, ორმაგად აქტუალურსა და მნიშვნელოვანს ხდის მეცნიერების თანამშრომლობას, მათ ერთობლივ სამეცნიერო ნაშრომებს. ახლახან მათ რიცხვს ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი შეემატა, რომლის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნაირა ბეპიევია, რედაქტორები კი არიან: მწერალი და მთარგმნელი ცხინვალიდან მერი ცხოვრებოვა, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნინო პოპიაშვილი.
ამ დროისთვის ოსური ენა საქართველოს არაერთ სკოლაში ისწავლება: ქართლში — გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში (შავშვებში, წითელუბანში, ნიგოზაში), კახეთში — ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში (წიწკენაანთსერის, არეშფერნისა და ფონას სკოლებში), ოსურ ენას ასწავლიან, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ნაირა ბეპიევი აღნიშნავს, „ამ ლექსიკონის გამოყენებას ფართო არეალი აქვს. ის გამოადგება ყველას, ვისაც ამ ენის სწავლა სურს. წიგნს დართული აქვს ქართული და ოსური ანბანი, ტრანსლიტერაცია და სხვა სამეცნიერო აპარატურა, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს მსურველებს ოსური ენის შესწავლას.“ ამავე დროს, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი ერთგვარი „შუამავალი ენის“ ფუნქციასაც ჩამოართმევს რუსულ ენას, რადგან აქამდე ოსური ენის სწავლებისას, ძირითადად, სწორედ რუსულ-ოსურ და ოსურ-რუსულ ლექსიკონს იყენებდნენ.
ახალი ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონის შედგენის, გამოცემისა და გავრცელების დეტალების შესახებ პროფესორი ნაირა ბეპიევი გვესაუბრება.
— ქალბატონო ნაირა, რა იყო თქვენი მიზანი ქართულ-ოსურ და ოსურ- ქართულ სასკოლო ლექსიკონზე მუშაობისას?
— ამ გამოცემას მრავალმხრივი მიზანი აქვს. წიგნი აგრძელებს იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ქართულ-ოსური წიგნების შექმნითა და გამოცემით დაფუძნდა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან. ამასთან, სასკოლო ლექსიკონს აქვს კონკრეტულად ოსური და ქართული ენების შესწავლასთან დაკავშირებული მიზნები. ოსური და ქართული ენების შესწავლით დაინტერესებულები ამ ლექსიკონში შეძლებენ ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი სიტყვის პოვნას, რაც, ბუნებრივია, ოსური და ქართული ენების საფუძვლიანად შესწავლაში დაეხმარება მათ. წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს მეცნიერებს, მკვლევრებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მთარგმნელებს და ამ ენების საფუძვლიანად შესწავლის მსურველთ.
გარდა თავისი პირდაპირი საგანმანათლებლო დანიშნულებისა, ქართულ-ოსურ და ოსურ-ქართულ სასკოლო ლექსიკონს სამშვიდობო მნიშვნელობაც აქვს. ის დიდად შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენას ქართველთა და ოსთა შორის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ლექსიკონი იმ ხიდის დანიშნულებას შეიძენს, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია დღეს ქართულ-ოსურ ურთიერთობაში.
უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოვლენებმა ბევრად განაპირობა ის ფაქტი, რომ ოსური ენის სახელმძღვანელოების გამოცემა საერთოდაც საგრძნობლად შეფერხდა. იმ რეალობაში, როცა გაწყდა ძველად არსებული სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირები, სრულად მოიშალა¬ოსურენოვანი სასკოლო (და არა მარტო სასკოლო) წიგნების გამოცემის ტრადიცია, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ზრუნვა ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური სასკოლო ლექსიკონის გამოცემისათვის.
ეს წიგნი (ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი) პირველად გამოიცა და იგი ქართველი და ოსი ლექსიკოლოგების, ენათმეცნიერების, ლინგვისტების თანამშრომლობის შედეგია.
უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო სასკოლო ლექსიკონი, ქათულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონიც მრავალწლიანი მუშაობის შედეგად პირველად ჩვენ მიერ გამოიცა 2012, 2014, 2016, 2018 წლებში. სასკოლო ლექსიკონის შედგენისას ძირითადად ვეფუძნებოდით ჩვენ მიერ გამოცემულ ამ ფუნდამენტურ გამოცემას. რასაკვირველია, ვიყენებდით სხვა სახელმძღვანელოებსაც (იხ. წიგნში: დასახელებული ლიტერატურის სია).
— რამდენი ხანი მიმდინარეობდა ლექსიკონზე მუშაობა?
— როგორც აღვნიშნეთ, ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ჯერ კიდევ 2012 წელს გამოსცა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული აკადემიური ლექსიკონი, რომელიც 50 000 სიტყვა-სტატიას მოიცავს. ეს იყო ასეთი სახის ლექსიკონის პირველი გამოცემა. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონის გამოცემის დიდმა მოთხოვნილებამ განაპირობა, რომ ჩვენს სამუშაო ჯგუფთან ერთად, ჩვენ მიერ უკვე გამოცემულ აკადემიურ ლექსიკონზე დაყრდნობით, შევადგინეთ და გამოვეცით აღნიშნული სასკოლო ლექსიკონი.
საკმაო ხანს ვიმუშავეთ, რათა მკითხველისათვის, ამ წიგნის მსურველთათვის შეგვედგინა და მიგვეწოდებინა სასკოლო ლექსიკონი თავისი სამეცნიერო აპარატურით.
— რამდენ სიტყვა-სტატიას მოიცავს ახალი სასკოლო ლექსიკონი?
— ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი მოიცავს 22 000-ზე მეტ სიტყვა-სტატიას და შედგენილია ორენოვანი ლექსიკონების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. საგულისხმოა, რომ სასკოლო ლექსიკონში შევიტანეთ არა მხოლოდ ცალკეული სიტყვები, არამედ ის სიტყვა-სტატიები, რომლებიც აუცილებელია ამ ორი ენის ფლობისათვის როგორც ენის შესწავლის დაწყებით ეტაპზე, ასევე, განვითარებულ საფეხურზეც.
სახელმძღვანელოში საკმაო ადგილი უკავია იდიომებს, ომონიმებს, პარონიმებსა და სხვ. ამასთანავე, წიგნს დართული აქვს ქართული და ოსური ფრაზეოლოგიზმები, ქართული და ოსური ანტონიმების მოკლე ლექსიკონი.
ოსური და ქართული ენების სპეციფიკის გათვალისწინებით, ლექსიკონებს დავურთეთ ქართული და ოსური ანბანები (ლათინური ტრანსლიტერაციით), შემოკლებათა განმარტებები, გრაფიკული ნიშნების განმარტებები და სხვა სამეცნიერო აპარატურა.
— რამდენად გაუმარტივებს ახალი ლექსიკონი სკოლის მოსწავლეებს ოსური ენის შესწავლას?
— ეს წიგნი (ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი) უღრესად მნივნელოვანია არა მარტო მოსწავლეთათვის, არამედ მასწავლებლებისთვისა და ამ ენით დაინტერსებული სხვა პირებისთვის. წარმოიდგინეთ, საუკუნეზე მეტია ისწავლება ოსური ენა საქართველოში, ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული სასკოლო ლექსიკონი კი არ არსებობდა. მასწავლებელს ან მოსწავლეს ტერმინები, ცნებები, მათი განმარტებები უნდა ეძებნათ რუსულ ლექსიკონებში. ადვილი გასაგებია, ეს რამხელა სირთულესთან (ზოგჯერ გაურკვევლობასთან) იყო დაკავშირებული. ახლა მოსწავლეებისათვის ეს პრობლემა ადვილად დასაძლევია.
— ვისი დაფინანსებით გამოიცა და როგორ გავრცელდება ახალი გამოცემა?
— ჩვენს ორგანიზაციას, ა(ა)იპ „კავკასიურ მოზაიკას“, მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი გამოცემულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამის — COBERM-ის მიერ. ჩვენი გამოცემული წიგნის გავრცელების ტრადიციული მეთოდი ასეთი იყო: ინიშნებოდა პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში (გორის სასწავლო უნივერსიტეტში, რეგიონის სკოლებში – ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში), ვიწვევდით დაინტერესებულ პირებს, ორგანიზაციებს და მათ ვურიგებდით ამ წიგნებს. ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, ეს გზა მოსახერხებელი არ არის. ვგეგმავთ წიგნების ადგილებზე ჩატანას და შემდეგ (როცა ამისი საშუალება იქნება) მის გავრცელებას.
— რამდენად შესაძლებელია, რომ ოსურ მხარეს მიაწოდოთ ეს ლექსიკონი და აქვთ თუ არა მათ ამის სურვილი?
— ჩვენი გამოცემების მიმართ ყველგან ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველებიცა და ოსებიც, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონებით დაინტერესდნენ სამეცნიერო წრეები, ენათმეცნიერები, ლინგვისტები, თარჯიმნები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ასევე — ამ ენების შემსწავლელი სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები. ეს წიგნი ხომ ორივე ენის პოპულარიზაციაა. ჩვენ ოსურ მხარეს, მათი სურვილის გათვალსიწინებით, მივაწოდეთ ჩვენი აკადემიური ლექსიკონის გარკვეული რაოდენობა. ამჟამადაც სასკოლო ლექსიკონზე დიდი მოთხოვნილებაა. ლექსიკონის გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში 1000-ზე მეტი დადებითი კომენტარი და გაზიარება, მათ შორის, ცხინვალის საგანმანათლებლო და პოლიტიკურ წრეებში, ვლადიკავკაზში, ისევე, როგორც საქართველოს რეგიონებში, დევნილთა დასახლებებში და უცხოურ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში. როგორც აღვნიშნეთ, იგეგმება ლექსიკონის პრეზენტაცია თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად.