2020 წლის დეკემბერში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ მეორე ნომერი გამოიცა.
ჟურნალი ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს ეძღვნება. მასში თავმოყრილია როგორც თეორიულ და მეთოდოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული, ისე რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ემპირიულ-კვლევითი ნაშრომები, აგრეთვე სამეცნიერო მიმოხილვები.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ გამოდის წელიწადში ერთხელ და აქვეყნებს ინტერდისციპლინურ კვლევით ნაშრომებს, რითაც ხელს უწყობს ფსიქოლოგიური მეცნიერების განვითარებას უფრო ფართო სამეცნიერო კონტექსტში.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სტატიები ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც მეტად უწყობს ხელს მათ პოპულარიზაციას: „ჟურნალის დაარსების მიზანია ჩვენი ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრირება. იგი ორენოვანია, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროფესორების კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ცნობილი გავხადოთ. ასევე, მათ ექნებათ ციტირების საშუალება, რითაც ჟურნალი თანდათანობით შეიძენს საერთაშორისო აღიარებას და, შესაბამისად, იმპაქტ-ფაქტორსაც. ამავე დროს, ეს კარგი საშუალებაა დოქტორანტებისთვის — გამოაქვეყნონ თავიანთი კვლევის შედეგები. მინდა გითხრათ, რომ ჟურნალი საკმაოდ მრავალფეროვანია და ორივე ნომერში დაიბეჭდა საინტერესო ემპირიული კვლევები ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში: სოციალურ ფსიქოლოგიაში, პიროვნების ფსიქოლოგიაში, ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიაში, ნეიროფსიქოლოგიაში“, – აღნიშნა ჩვენთან საუბარში თამარ გაგოშიძემ.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახლავთ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლალი სურმანიძე, ხოლო პასუხისმგებელი მდივანი – დიმიტრი ჩუბინიძე.
„ცხადია, ჟურნალის დაარსების მიზანს წარმოადგენს მეცნიერული ფსიქოლოგიური ცოდნის გავრცელება, სამეცნიერო პუბლიკაციის მაღალი სტანდარტების მხარდაჭერა, მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში ქართული ფსიქოლოგიური მეცნიერების ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჟურნალი არ აქვეყნებს რეფერატულ სტატიებს — როგორც წესი, მასში წარმოდგენილია ორიგინალური მასალები — ანალიტიკური, ძირითადად ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომები და, ამგვარად, ამ მასალებს უკვე თავისთავად აქვთ სამეცნიერო ღირებულება“, – განაცხადა ლალი სურმანიძემ.
ჟურნალი, ასევე, იმითაა გამორჩეული, რომ მასში სტატიების შერჩევა ორი დამოუკიდებელი რეცენზენტის მიერ ხდება ე.წ. „ბრმა" მეთოდით, რაც ამ ჟურნალს ე.წ. „peered-review" ჟურნალის სტატუსს ანიჭებს. როგორც ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, სარედაქციო კოლეგიაში უცხოელი მეცნიერებიც არიან, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საერთაშორისო ასპარეზე წარმოდგენაში. უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიური მეცნიერებების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო კომუნიკაციას ქართულ ენაზე.
ამჟამად ჟურნალის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები არიან: დავით ჩარკვიანი, ირაკლი იმედაძე (საქართველო), ალიოშა ნოიბაუერი (ავსტრია), ლია ყვავილაშვილი (დიდი ბრიტანეთი) და ქეთევან ჭანტურია (დიდი ბრიტანეთი); ხოლო ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შემდეგი პროფესორებისაგან შედგება: ნათელა იმედაძე, დალი ფარჯანაძე, თამარ გაგოშიძე, მარინე ჩიტაშვილი, ბოჟიდარ კაცზმარეკი, იამზე კუტალაძე, ტარა მერფი (დიდი ბრიტანეთი), ნანა სუმბაძე, მზია წერეთელი, დანიელ სტარკი (დიდი ბრიტანეთი), მედეა დესპოტაშვილი, ლუიზა არუთინოვი და მაია რობაქიძე.
წელსაც ჟურნალში თავმოყრილია სტატიები არაერთი აქტუალური ფსიქოლოგიური საკითხის შესახებ: მათ შორის ხათუნა მარწყვიშვილის, ნათია სორდიას და ალიოშა ნოიბაურის ნაშრომი სათაურით „დიდი ხუთეულის საკვლევი კითხვარების ქართულ ვერსიათა — ფსიქომეტრული მახასიათებლები“; ნაზი ფარსადანიშვილის და ანასტასია ქიტიაშვილის — „აღქმული სტიგმის კონსტრუქტის შესწავლა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანების მაგალითზე“; ირინე დოღაძისა და თამარ გაგოშიძის — „ნორმალურად განვითარებული ენობრივი უნარისა და ენის სპეციფიკური დარღვევის მქონე 6-4 წლის ქართულენოვანი ბავშვების ენობრივი პროდუქციის ლინგვისტური და ნეიროფსიქოლოგიური ანალიზი“; ნატა ასათიანის და მზია წერეთელის — „ბულინგის ფსიქოლოგიური ბუნება და განმაპირობებელი ფაქტორები“; ვახტანგ ნადარეიშვილის — „ფიქსირებული და სიტუაციური დისპოზიციური ფსიქიკური წარმონაქმნების ურთიერთმიმართება“ და ირაკლი იმედაძის — „თბილისის არაცნობიერის სიმპოზიუმი — მცირე რეტროსპექტივა“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 2019 წელს. როგორც ითქვა, „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ წელიწადში ერთხელ გამოიცემა და, შესაბამისად, მზადება 2021 წლის ახალი ნომრისთვის უკვე დაიწყო.
მოამზადა მაია ტორაძემ