თამარ დადიანი
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მასშტაბმა მთელი მსოფლიო მოიცვა და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ამ მოვლენებს მიღმა, რა თქმა უნდა, არც სპორტის სფერო დარჩენილა. ვირუსის გავრცელებამ შეაფერხა, ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ გააუქმა დაგეგმილი სპორტული მოვლენები, რომლებსაც როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით არაერთი გულშემატკივარი ელოდა. პანდემიის პირობებში ერთ-ერთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ სპორტსმენები, რომლებიც შეზღუდული ვარჯიშების გამო თანდათან კარგავენ სპორტულ ფორმას. ასეთ დროს მნიშვნელოვანი გახდა სპორტისა და კულტურის სექტორზე პანდემიის უარყოფითი ეფექტის გავლენის შემცირება. შექმნილმა სიტუაციამ, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია უნივერსიტეტების, სტუდენტების სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაზეც. თუ რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანდემიამ თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, ამის შესახებ გვესაუბრება დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ხარჯავანიძე.
— რა კვალი დაატყო თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის საქმიანობას პანდემიამ?
— კორონავირუსული პანდემიის გავლენა კულტურისა და სპორტის დეპარტამენტზე მართლაც რომ ხელშესახები იყო. ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობა, მოგეხსენებათ, სპეციფიურია და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან ჩართულობით მიმდინარეობს. სტუდენტური ცხოვრებისთვის მნიშნელოვან კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს სჭირდება შესაბამისი აუდიტორიის დასწრება, ვისთვისაც ჩვენი პროდუქტი იქმნება, ხოლო პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა ჩვენი საქმიანობა რამდენადმე შეაფერხა. გაურკვეველი ვადით გადაიდო და გაუქმდა არაერთი ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელთა მომხმარებელიც ათასობით უნივერსიტეტელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
— როგორ გაგრძელდა ამ პერიოდში თსუ-ის სპორტულ-კულტურული ცხოვრება? რა გამოწვევების წინაშე დადექით?
— პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა უნივერსიტეტის სპორტული ცხოვრება. დეპარტამენტი იძულებული გახდა შეეჩერებინა არაერთი სპორტული სექციის საქმიანობა და ბოლო დრომდე მოგვიწია მსგავსი სტატუს კვოს შენარჩუნება. სპორტსმენისთვის რთულია რეგულარული ვარჯიშების გარეშე ოპტიმალური სპორტული ფორმის შენარჩუნება და ეს გამოწვევა იქნება ჩვენთვის, თუმცა ველოდებით შეზღუდვების მოხსნას, რათა ისევ განვაახლოთ სპორტული აქტივობები.
კორონავირუსული პანდემიის პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა საუნივერსიტეტო კულტურისთვისაც. როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტს ჰყავს ხალხური ცეკვების ანსამბლი, კაპელა, საკმაოდ წარმატებულია „თსუ-გორდელაც“, უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტური თეატრი და ამ თითოეული მიმართულებით, ჩვენთანაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, აკრძალვებმა შეაფერხა შემოქმედებითი პროცესი. როგორც სპორტული სექციების შემთხვევაში, და კიდევ უფრო მძაფრად, პანდემია შეეხო კულტურულ ცხოვრებასაც. თუმცა, როგორც კი არსებული სიტუაცია შემსუბუქდება, დეპარტამენტი ტრადიციულად შესთავაზებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას ხარისხიან კულტურულ პროდუქტს.
— პანდემიის ფონზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, რა წარმატებებს მიაღწიეთ სპორტისა და კულტურის მიმართულებით?
— მიუხედავად პანდემისაა, დეპარტამენტს ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებებიც. აღსანიშნავია თსუ-ის ფუტსალის კლუბის „ფ.კ. თსუ“-ის მიერ საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის მოგება და ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის თამაში.
ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სპორტული დარბაზის გახსნა მაღლივში. აღნიშნული სპორტული დარბაზი კროსფიტის მიმართულებით მოქმედებს, რაც თანამედროვე ფიტნესის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და წარმატებული მიმდინარეობაა და შეზღუდვების მოხსნისთანავე იაფად მიაწოდებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას ძალიან ხარისხიან და ეფექტურ მომსახურებას.
— დღეს შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე რა აქტივობებს გეგმავთ, სექციებში მუშაობა თუ განახლდა და იქონია თუ არა გავლენა შეზღვუდების მოხსნამ სტუდენტების ჩართულობაზე?
— მოცემული მდგომარეობით, აქტიურად საქმიანობს თსუ-ის სტუდენტური თეატრი და გეგმავს, შესაძლებლობის ფარგლებში, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, მაქსიმალურად მოკლე დროში სპექტაკლის ჩვენებასაც. ასევე აღსანიშნავია ფუტსალისა და კალათბურთის პროფესიონალური კლუბების აქტიური სპორტული მუშაობაც. მიმდინარე წელს არ შეწყვეტილა საქართველოს ჩემპიონატები ფუტსალისა და კალათბურთის მიმართულებით და, შესაბამისად, ჩვენი გუნდებიც სრულად ჩართულნი არიან მათში.
— სამომავლოდ რა ღონისძიებებს გეგმავთ?
— როგორც აღვნიშნე, ჩვენი დეპარტამენტის საქმიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნაში არსებულ ეპიდ-მდგომარეობაზე. როგორც კი მოგვეცემა საშუალება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისა, დეპარტამენტი არაერთ დასამახსოვრებელ ღონისძიებას შესთავაზებს უნივერსიტეტს. ჩვენ გვაქვს მსგავსი პროექტების მართვის დიდი გამოცდილება და საუნივერსიტეტო საზოგადოებასაც ახსოვს არაერთი მასშტაბური პროექტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.