მაია ტორაძე
ცოტა ხნის წინ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალ Europe-Asia Studies-ში (Routledge–ის გამოცემა, Impact Factor – 2.102) გამოქვეყნდა საინტერესო კვლევა — „რა აქცევს სოციალურ მოძრაობებს წარმატებულად: „გუდიაშვილის მოედნის მაგალითი“ (What Makes Social Movements Successful: The Case of Gudiashvili Square)." კვლევის ავტორები არიან თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა და მკვლევრები თამარ ამაშუკელი და სანდრო ტაბატაძე.
კვლევის ძირითად ასპექტებზე გვესაუბრება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა:
– დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდის საქართველოში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა სათანადოდ არ განიხილებოდა. ამან გამოიწვია როგორც ისტორიული ქალაქებისა და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ღირშესანიშნავი ურბანული ქსოვილის პრაქტიკულად სრული ამორტიზაცია, ასევე, თანხების დაზოგვისა თუ ქალაქის ბიუჯეტში თანხების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ არაადექვატური მიდგომები.
ქვეყანაში განვითარებულ სოციალურ მოძრაობებს და სამოქალაქო აქტივიზმის შემთხვევებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ იმ იშვიათ წარმატებულ მოძრაობას შორის, რომელსაც ადგილი აქვს/ჰქონდა საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემთხვევა სწორედ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით განვითარებულ სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება. მხედველობაში გვაქვს ჩვენ მიერ საკვლევ ობიექტად შერჩეული კამპანია, რომელიც ქალაქის, კონკრეტულად კი, თბილისის ურბანული მემკვიდრეობის გადარჩენას ემსახურებოდა — „დაიცავი გუდიაშვილის მოედანი!“
კვლევის ფარგლებში მოძრაობა შესწავლილია პოლიტიკური პროცესის თეორიულ ჭრილში. კვლევა მიზნად ისახავდა — დადგენილიყო ის უმთავრესი ფაქტორები, რამაც განაპირობა მოცემული მოძრაობის წარმატებულობა – ვინ იყო პროცესის წარმმართველი და როგორი იყო მასში ჩართული აქტორების ურთიერთკავშირი; რა გამოწვევების წინაშე იდგა მოძრაობა და რამდენად მისცა ბიძგი მოცემულმა მოძრაობამ კულტურულ/ისტორიული ძეგლების დაცვის აქტუალიზაციას საზოგადოებაში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული მემკვიდრეობის და თავად მოედნის, როგორც მნიშვნელოვანი საჯარო სივრცის, გადარჩენა თანმიმდევრული, სწორად წარმართული კამპანიის შედეგად მოხერხდა, რომლის პროცესშიც ორგანიზაციამ არაერთხელ მოახერხა თემის აქტუალობის შენარჩუნება და საპროტესტო მუხტის გაზრდა.
წარმატებული შედეგები განაპირობა: მოძრაობის არსებობის 9-10 წლიან პერიოდში სწორად წარმართულმა ფრეიმინგმა, მაორგანიზებელი სტრუქტურის გახსნილობამ, სუსტი/ძლიერი კავშირების ოპტიმალურმა კომბინირებამ და თბილისელებისთვის უცხო და აქამდე გამოუცდელმა საპროტესტო რეპერტუარის შერჩევამ, რომელმაც აქციაში ჩართულ მოქალაქეებს გაუჩინა განცდა, რომ ისინი იყვნენ აქციის ორგანიზატორები და არა მხოლოდ მონაწილეები. ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცენტრალური და ადგილობრივი დონის ხელისუფლებების ცვლილებამ და, შესაბამისად, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სწორად გამოყენებამ, რამაც „დაიცავი გუდიაშვილი“-ს საპროტესტო მოძრაობა ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, საინტერესო და გამორჩეულ მოძრაობად აქცია.
კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე: https://bit.ly/3w5eWDK