თამარ დადიანი
რა არის ნეორომარკეტინგი, რა მნიშვნელობა აქვს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში? რაში დაეხმარება ნეირომარკეტინგის ცოდნა სტუდენეტებს? — ამ საკითხების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ნოემბერს საჯარო ლექციას წაიკითხა მოწვეულმა ქოუჩმა, კომპანია MBG Group-ის პერსონალის მენეჯმენტის და ორგანიზაციული განვითარების დირექტორმა ლაშა მიქიაშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
ლექციაზე საუბარი იყო ნეირომეცნიერებაზე და მის როლზე ბიზნესში, ნეირომარკეტინგზე, როგორც რეკლამის ეფექტიან საშუალებაზე და ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელთა ქცევის მენეჯმენტის შესწავლასა და განვითარებაზე. თუ რა არის ნეორომარკეტინგი, რას შეისწავლის, რომელ ინდუსტრიაში გამოიყენება და რაში დაეხმარება მისი ცოდნა სტუდენტებს ამის შესახებ გვესაუბრება ქოუჩი ლაშა მიქიაშვილი.
„ნეირო მარკეტინგი თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართლებაა, რომელიც სათავეს იღებს 2002 წლიდან და ერთამეთში აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ნეირომეცნიერებას, იკვლევს პროდუქტის და სერვისის გავლენას მომხმარებელზე და ამით საშუალებას გვაძლევს გავზომოთ, დავაკორექტიროთ და გავაუმჯობესოთ პროდაქშენის ეფექტი — იქნება ეს რეკლამა, ნივთი, რომელსაც მომხმარებელი ფიზიკურად ეხება, თუ სერვისი, რომელსაც მომხმარებელი იღებს.
იქედან გამომდინარე, რომ თანამედროვე სამყაროში რეკლამა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, საჭიროა ვიცოდეთ — თუ რა ახდენს ჩვენზე, როგორც მომხმარებლებზე, გავლენას. მოცემული ინფორმაცია გვაძლევს საშალებას გავარჩიოთ ერთანეთსაგან ეფექტურსა და ეფექტიან გზას შორის რა განსხვავებაა და რა პრინციპებზე დაყრდნობით შეგვიძლია ჩვენ, მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჭიროა ვიცოდეთ რა სახის ინფორმაციას აგროვებენ კომპანიები და როგორ ახდენენ გავლენას ჩვენზე.
ლექცია სტუდენტს დაეხმარება აღმოაჩინოს თანამედროვე მარკეტინგის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, გაიგოს რამხელა ეფექტს ახდენს შეგრძნება და ემოცია გადაწყვეტილების მიღებაზე, როგორ იმართება ადამიანი და რამხელა მნიშვნელობა აქვს ვალიდაციას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების დროს“, — განაცხადა ლაშა მიქიაშვილმა.