ნატო ობოლაძე
თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩიხლაძე ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის 10 წლიან შედეგებს აფასებს. თანამშრომლობა ითვალისწინებდა ჯანდაცვისა და რეგისტრებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიის სფეროში არსებული ცოდნის ტრანსფერს ნორვეგიიდან საქართველოში და გამოცდილების გაზიარებას როგორც პრაქტიკულ, ასევე განათლების სფეროში.
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტისა და არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის კოლაბორაციული პროექტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში დაფინანსდა განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (SIU) მიერ 2012 წელს, პროექტის ფაგრლებში 2014 წელს საქართველოს და ნორვეგიის უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა აკადემიური თანამშრომლობის ხელშეკრულება. პროექტის კოორდინატორს ტრომსოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტს, პროფესორ ტორალფ ჰასვოლდის, საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, 2016 წელს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი სასწავლო კურსები, აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები როგორც ნორვეგიაში, ისე საქართველოში. ქართველი და ნორვეგიელი სამეცნიერო ხელმძღვანელების ხელშეწყობით თსუ მედიცინის ფაკულტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტებმა წარმატებით დაასრულეს სავალდებულო სასწავლო კურსები.
საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა 2016 წელს ევრაზიის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდა, სადაც 37 პროექტიდან 13 საუკეთესოს შორის პროექტი „საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ იყო. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, საქართველოს უნივერსიტეტი, გაეროს ბავშვთა ფონდი, კონსულტირება და ინფორმაცია ტექნოლოგების ინოვაციები.
„პროექტის პირველხარისხოვან ამოცანად საქართველოში ახალი, საერთაშორისო, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარება განისაზღვრა, რომელიც რეგისტრებისა და მოსახლეობის კვლევის ეპიდემიოლოგიაზე იქნებოდა ფოკუსირებული. თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ახალ ინგლისურენოვან პროგრამაზე მუშაობა 2016 წლიდან ტრომსოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით დაიწყო. ჩამოყალიბდა დარგობრივი კომიტეტი. პროგრამის შემუშავებისას გამოვიყენეთ ტრომსოს უნივერსიტეტის გამოცდილება, სამედიცინოს განათლების მსოფლიო ფედერაციის მაგისტრატურაში სწავლების სტანდარტები, ევროპული კომპეტენციები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში სამაგისტრო განათლებისთვის და თუნინგის გაიდლაინები საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში კომპეტენციების განვითარებისთვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალმა ინგლისურენოვანმა პროგრამამ პირველი აკრედიტაცია 2018 წელს მიიღო და ამავე წელს განხორციელდა სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტთა ერთსემესტრიანი და ხანმოკლე მობილობა არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტში; საქართველოს და ნორვეგიის უნივერსიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სასწავლო კურსებში, რომლებიც ორივე ქვეყანაში ქართველი და ნორვეგიელი პროფესორების ჩართულობით განხორციელდა; ნორვეგიელი პროფესორების მონაწილეობით განხორციელდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რამდენიმე სასწავლო კურსი; სტუდენტების ნაშრომები გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო, მათ შორის, იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში.
მეტად მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისთვის პროექტით გათვალისწინებული პრაქტიკა ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი კომპეტენციების შესაბამისობას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტუდენტებისთვის პროექტის ფარგლებში მომზადდა სპეციალური კურსი „რეგისტრებზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგია“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც სამაგისტრო, ისე სადოქტორო პროგრამის სტუდენტებმა. ამ მიმართულებით ცოდნის მიღება და კომპეტენციების გამომუშავება სტუდენტებს დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზის, მათ შორის, დაბადების რეგისტრის ბაზის გამოყენების საშუალებას აძლევს, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ამოქმედდა“, — აღნიშნა თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პროფესორმა, პროექტის კოორდინატორმა ნინო ჩიხლაძემ.
თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებულმა საქართველო-ნორვეგიის კოლაბორაციულმა პროექტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო განათლება მოიცვა. სამომავლოდ გამოცდილების გაზიარება სხვა საგანმანათლებლო პროგრამების — მედიცინისა და სტომატოლოგიის — მიმართულებით იგეგმება.