წერის სურვილი ჩნდება მაშინ, როდესაც გონებაში დაბადებული პერსონაჟები დამოუკიდებლად იწყებენ ლაპარაკს. საუბრის შინაარსი კი დამოკიდებულია სოციუმზე, სადაც მწერალი აღიზარდა, მის ხედვაზე, რომელიც ამავე სოციუმის გავლენითა და ერთგვარი პიროვნული „ფილტრის“ შედეგად ჩამოყალიბდა, მხატვრული ფორმები კი — ავტორის ლიტერატურულ გემოვნებაზე. ამგვარად დანახული, აღქმული და თავიდან დაბადებული პერსონაჟების სახეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ილია ჭანტურიას მოთხრობებში მრავალფეროვანია. წერის სტილი — თამამი, მდიდარი დიალექტიზმებით, სლენგით, ზოგჯერ დაცულია ლიტერატურული ენის ნორმები, ანუ ავტორი ამა თუ იმ მხტავრული სახის გასაცოცხლებლად თხრობის თავისუფალ მანერას იყენებს, გამოსახვის სხვადასხვა ფორმებს შორის ლავირებს, რაც მისი მოთხრობების ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ სიუჟეტებს ბუნებრივად ერგება.
„იშვიათად ვწერ-ხოლმე, მაქვს პერიოდები, როცა მიყოლებით რამდენიმე ტექსტი შეიძლება დავწერო, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებლად ვისვენებ და ეს დასვენება ხანდახან თვეები გრძელდება. თუმცა, როგორც კი რაღაც მოსაყოლი ამბები მოგროვდება, მერე ვერ ვისვენებ და აუცილებლად უნდა გადმოვცე. სწორედ ეს გადმოცემის სურვილი მაწერინებს, თითქოს ასეთია — მე რაღაც ვიცი და აი, დავჯდები ახლა და მოგიყვები. მოყოლის სურვილი დიდად მოქმედებს, ხანდახან ბრაზიც... ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, შეუძლებელია, მრავალ საკითხზე ხშირად ბრაზი და პროტესტი არ გაგიჩნდეს. მე კი ამ დროს ვწერ და რაღაცით ამ ბრაზსაც ვათვინიერებ, არ ვიკლავ, უბრალოდ, შესაბამის გზას ვაძლევ — ამაში წერა მეხმარება, თან ტექსტის წერას ცივი გონებაც სჭირდება-ხოლმე. ვწერ იმ ხალხზეც, ვინც ჩემს გარშემოა — სოციალურად დაბალ ფენაზე, მშრომელებზე, რომლებიც ვერ მოერგნენ წარმატების მიღწევის არსებულ თეორიებს... ვწერ ცხოვრებაში დამარცხებულებზე, რომლებისთვისაც ხშირად უცხოა ეს მოდერნული სამყარო, რასაც ვერ ეგუებიან და ცდილობენ რაღაცით გამოხატონ ეს და თქვან, მაგრამ მათი ხმა ხშირად მარგინალიზებულია ან საერთოდ ექოებადაა ქცეული, ხშირად ეს ექოც არ რჩება“, — ამბობს ილია ჭანტურია.
ილია ჭანტურიას ერთ-ერთი მოთხრობაა — „Tamunia-I-laviu“ — ეს არის ამბავი ქალაქში ჩასულ პროვინციელ გოგონაზე და ამ პროვინციაში გავრცელებულ ჭორებზე, პატარა ბიჭის უანგარო სიყვარულზე და ამ გოგონას ტრაგიკულ სიკვდილზე, მეზობლების მიერ სიკვდილის ფორმის განკითხვა-გაკიცხვაზე და პატარა ბიჭის გულწრფელ წუხილზე, ორ უკიდურეს დამოკიდებულებაზე, ადამიანურ სისასტიკეზე...
„დადას“ კუკლა — აქ უკვე საინფორმაციო მედიაში ყოველდღიურად გახმიანებული ახალი, თავ-ბოლო არეული ამბებია გაშარჟებულ-გაკრიტიკებული. მაგალითად, ერთ-ერთ პერსონაჟს, როგორც თანამედროვე საზოგადოების ახალგაზრდა თაობაში არსებულ ნეგატივის სახეს, ავტორმა სახელად ვარსქენ პიტიახში დაარქვა...
„მშვიდად, გაკვეთილი იწყება“ — როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია. მოთხრობა კონკურსისთვის (საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის) დაწერა, სადაც სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის სკოლის მოსწავლის — გაბოს ცხოვრებაა აღწერილი ადგილობრივებისთვის დამახასიათებელი დიალექტური სტილით. 20 წლის დამწყები მწერლისთვის უჩვეულო სიღრმით არის გადმოცემული მეზობლური, სკოლაში კოლეგიალური, ასევე რელიგიური და ცრუმორწმუნეობრივი დამოკიდებულებები. მოთხრობას ბოლომდე მიჰყვება სკოლის მოსწავლის განცდები დე-ფაქტო საზღვრიდან გატაცებულ მამაზე, რომელმაც ოკუპანტების დადგენილი წესები მამის საფლავის ნახვის მიზნით დაარღვია....
„ნიკუშამ წასვლა გადაწყვიტა“ — ეს მოთხრობა ილია ჭანტურიამ 18 წლისამ დაწერა. პატარა ბავშვის გადმოსახედიდან გადმოსცა ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და მტკივნეული პრობლემები: ძმის გარდაცვალების გამო განცდილი სიცარიელე, ტკივილი და სახლის დაკარგვით (მკურნალობის ხარჯების გამო) გამოწვეული „გაოცება“.
ახალგაზრდა მწერლის დანახული და მხტავრულ ლიტერატურულ რეალობაში მოქცეული თანამედროვე ქართული საზოგადოება საინტერესო აღმოჩნდა გამომცემლებისთვისაც. „ინტელექტმა“ მისი მოთხრობების კრებული ჯერ კიდევ 2018 წელს გამოსცა. ილია ჭანტურიას ნოველები სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაშიც ქვეყნდება. მისი ნამუშევრები მალე უნივერსიტეტელი მკითხველისთვის (და არა მარტო) თსუ-ის ტრადიციულ და ახლა უკვე განახლებულ ჟურნალ „პირველ სხივშიც“ დაიბეჭდება.
ახალგაზრდა პროზაიკოსმა ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III კურსზე სწავლობს. ამბობს, რომ სპეციალობა ლიტერატურის სიყვარულის გამო აირჩია.
„საყვარელი პროზაიკოსისა თუ პოეტის გამოყოფა ყოველთვის მიჭირდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“ ჩემი საყვარელი წიგნია, ხშირად ვუბრუნდებოდი მის კითხვას და ჩემთვის საუკეთესო პროზაიკოსი, ვფიქრობ, ეს ავტორია. იგი პროზაიკოსზე მეტად, ალბათ, უფრო ფილოსოფოსი და მეიგავეა. პოეტებიდან გალაკტიონს გამოვარჩევდი, „არტისტული ყვავილები“ იყო ჩემთვის ერთ-ერთი გარდამტეხი წიგნი და მაგიტომაც“, — განმარტა ილია ჭანტურიამ.
სამომავლოდ პედაგოგობას აპირებს, თუმცა, ამბობს, რომ ჯერ ამ მიზნამდე შორია: „დიდი დრო მჭირდება, უნდა ვისწავლო... ვფიქრობ, ამ საქმიანობას მომავალში დიდ დროს დავუთმობ“.
მოამზადა ნატო ობოლაძემ