თამარ დადიანი
ალმანახის ბედისწერაზე საუბრით დაიწყო „პირველ სხივის“ პირველ ნომერში დაბეჭდილი პროზისა და დრამატურგიის ნიმუშების მიმოხილვა პროფესორმა სალომე კაპანაძემ. „საქართველოში ყველა ჟურნალს, გაზეთსა თუ ალმანახს თავისი ბედისწერა აქვს. მათი სიცოცხლის მრუდი არ არის სწორხაზოვანი და ამხელს ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების მაჯისცემას... 2004 წელს ალმანახის გამოცემის შეჩერება „შავბნელ, საბჭოთა წარსულს“ დაუკავშირდა, ვინაიდან ისტორია თავიდან იწერებოდა და მისი არსებობა სიახლეების ფონზე ვიღაცას „ეუხერხულებოდა“. ასეთი ხელწერა დიდხანს გაჰყვა ჩვენს აზროვნებას და შეცდომების გადაფარვის საუკეთესო საშუალებად იქცა... ალმანახი „პირველი სხივი“ ჩვენი კულტურის ერთ-ერთი საინტერესო მატიანე, უახლესი „წარსულიდან“ ერთ-ერთი მართალი არგუმენტია, რომ ნებისმიერი სულიერი ჟამიანობის დროს ქართული მწერლობა მაინც რჩებოდა იმ კონსტიტუციის ერთგული, რომელიც მარადიულობის სახელით მართავს ლიტერატურულ პროცესებს. „პირველმა სხივმა“ არაერთი დამწყები მწერლის, მეცნიერისა და პუბლიცისტის ბიოგრაფია განსაზღვრა“, — აღნიშნა პროფესორმა სალომე კაპანაძემ.
პროზის რუბრიკიდან პირველი ნაწარმოები, რომელიც ქალბატონმა სალომემ მიმოიხილა, იყო ლაშა თაბუკაშვილის მოთხრობა „კომოციო“, რომელიც მან თავის თბილისს მიუძღვნა. „ბევრი რამის“ გარდაქმნა მხატვრულ ნარატივად ლაშა თაბუკაშვილის უცნაურად საყვარელი ხელწერაა არა მარტო პროზაში. მისი დრამატურგიაც ხშირად ამ კონცეპტს ეყრდნობა — რაც თავად ნახა და განიცადა. მწერლის ყველა მოთხრობის, პიესის სიუჟეტი თბილისში ვითარდება. თუკი ვინმე წარმოადგენს მეგაპოლისურ დრამატურგიასა და პროზას, ლაშა თაბუკაშვილი მათ შორისაა. კრიტიკოსმა სალომე კაპანაძემ ავტორს კარგი მთხრობელი უწოდა. მისი აზრით: „მწერლის ლიტერატურული გმირები არ გვტოვებენ, რადგან თავს პარაცხოვრებისეულ გმირად გრძნობ და სადღაც გეამაყება, რომ მწერლის ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო შენცა ხარ — პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიულ-სოციალური ექსპერიმენტების პირმშო. თავს ვალდებულად გრძნობ, რომ დაძლიო ცვლილებების ონტოლოგიური შიში და იცით რატომ? იმიტომ, რომ ყველა ცვლილებას კანონზომიერად თან სდევს საბედისწერო შეცდომები, რომელზეც ჩვენი თაობა დარჩა პასუხისმგებელი“, — ასეთ პერსონაჟებად ხედავს ქალბატონი სალომე მწერალ ლაშა თაბუკაშილის ლიტერატურულ გმირემს.
პაატა ნაცვლიშვილის შემოქმედებიდან ქალბატონმა სალომემ განსაკუთრებულად ორ მოთხრობაზე ისაუბრა: „შვიდი წინადადება პოსტმოდერნისტული ეკზერსისების დუჟინიდან“ და „თელეთ- მელეთი“. პირველი მოთხრობის ტექსტი 7 დამოუკიდებელი ამბისგან შედგება. „პოსტმოდერნისტული ინერცია ხშირად ისეთი თამამია, რომ შოკურ ეფექტს იწვევს. მხედველობაში მაქვს თამამი სექსუალური პასაჟები და მისი ადეკვატური ლექსიკა. გეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს ფარავს მთავარ სათქმელს, რადგან ასეთ დროს მინიმალისტურია მხატვრული ტექსტის აღქმა და გაძნელებულია ყურადღების კონცენტრაცია მთავარზე. მიუხედავად ამ დეტალებისა, მისი კონტექსტი დატვირთულია ჩვენი მორალურ-ზნეობრივი რეალობის მტკივნეული დეტალებით, რომელიც, პაროდირების მიუხედავად, არ გიტოვებს „სულერთიას“ განცდას. ეს დროსთან უცვლელ კავშირში მყოფი პოსტმოდერნისტული სევდაა, რომელიც მომავლის სახელით საუბრობს“, — ამბობს ქალბატონი სალომე და ხაზს უსვამს „,თელეთ-მელეთის“ ამბებში სკანდალურად საინტერესო თხრობას, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, ლუსტრაციაა ჩვენი მენტალური სიცოცხლის.
საინტერესოდ ისაუბრა ქალბატონმა სალომემ სოხუმელ მწერალზე გელა ჩქვანავაზე: „მის ლიტერატურულ წარმოსახვებში ყველაფერი მტკივნეულად ნამდვილი, სანდო და დამაჯერებელია. ალმანახში მისი ორი მოთხრობაა წარმოდგენილი — „ვარლამი მოკვდა“ და „მთა მიწაა“. ქართულ აზროვნებაში მთა ზნეობრივი სიმაღლის სიმბოლოა, მიწა კი — სალოცავი, ზნეობაზე მლოცველი ადამიანი კი სამყაროს ძარღვი. გელა ჩქვანავას მხატვრული ტექსტების რეალობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც უკვე ვახსენეთ, იმ მოგონებების გამოც იძენს, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. ალმანახში დაბეჭდილი მოთხრობებიც ამ სივრციდან არის, თუმცა ნარატივის კონტექსტი მწერლის სულისა და ცნობიერების გადაკვეთის ადგილია“, — ასე აფასებს ქალბატონი სალომე გელა ჩქვანავას შემოქმედებას.
ალმანახში დაბეჭდილია ნაწყვეტი ბექა ქურხულის ახალი რომანიდან „თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დუშთი-ყიფჩაღი“. ქალბატონი სალომე მას საინტერესო მწერლად თვლის, რომლის თხრობა დინამიკური და ენერგიულია: „ის შესვენების საშუალებას არ გაძლევს, რადგან ყოველი პასაჟი დატვირთულია იმ მნიშვნელოვანით, რომელიც მშვიდობამდე უნდა მივიდეს. ბექა ქურხული წერს ომზე, რათა ის თავიდან ააცილოს ადამიანებს. იგი ერთ-ერთი საინტერესოა მწერალია, რომელმაც ომის დისკურსის განაზრებას ეს სურვილი ჩაუთქვა“, — აღნიშნავს სალომე კაპანაძე და ეთანხმება ბექას, რომელიც ამბობს, რომ ადამიანური განცდები ეპოქების მიუხედავად ერთმანეთს ჰგავს და ყველაზე საიმედო თავშესაფარი მათთვის ყოველთვის სიყვარულია.
ალმანახში ცნობილი ჟურნალისტის, თსუ-ის გაზეთის რედაქტორის ნინო კაკულიას ნოველებია დაბეჭდილი. როგორც ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, ეს ნოველები ისეთი სიფაქიზით არის დაწერილი, რომ ჟანრობრივად უფრო მინიატურას ჰგავს. „სამყაროს აღქმის ეს მანერა, ეს მხატვრული ყალიბი ჩვენთვის ძალიან მახლობელი ყოფილაო“- იხსენებს როსტომ ჩხეიძის სიტყვებს და ამბობს, რომ „ნინო კაკულიას მინიატურები ამ სიახლოვის ძალიან ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური და აზრობრივი დატვირთვით. „მე მინდა დავახასიათო ადამიანები, რომელთა ქცევის „სახე“ საერთოდ არ გავს ადამიანისას. ალბათ ასეთებიც უნდა არსებობდნენ, რათა მიხვდე — როგორი არ უნდა იყოს ადამიანი“, — წერს ერთგან ნინო კაკულია და თითოეულ „სახეს“ თითო არგუმენტს მიუსადაგებს. მიუხედავად ფილოსოფიური სჯანისა, ნინო კაკულიას მინიატურებში საოცრად დიდი სივრცეა, სადაც ადვილად სუნთქავ და ეს იმ „სიფაქიზის“ ბრალი უნდა იყოს, რომლის შექმნის ოსტატობაც მას აშკარად გააჩნია“, — აღნიშნავს პროფესორი სალომე კაპანაძე და არ შეიძლება არ დაეთანხმო, რადგან მთელი ცხოვრების არსის ორ სიტყვაში გადმოცემა ნამდვილად ავტორის დიდ ნიჭიერებასა და ოსტატობაზე მეტყველებს.
პროფესორი სალომე კაპანაძე თვლის, რომ რეჟისორი ბაცო კალატოზიშვილი ალმანახში განსხვავებული, საინტერესო შემოქმედებითი ავტოგრაფით არის წარმოდგენილი. „პოსტმოდერნისტული მცირე ტექსტია ბაცო კალატოზიშვილის „ძაფი“. მწერალი ქარაგმულად, არატრადიციული მხატვრული ხერხების გამოყენებით, ფაქტობრივად, საკუთარ თავგადასავალს გვიყვება, რომელიც სიზმრებად აქვს აკინძული და იმის მიუღებლობაზე მიგვანიშნებს, რასაც ადამიანურ მორალთან ვერ ათავსებს“, — ამბობს ქალბატონი სალომე და თავის გამოსვლაში ხაზს უსვამს განსაკუთრებულ ინტერესსა და მოლოდინს ახალი სახელების მიმართ: „თაზო ვაჩნაძის, დინა მირცხულავას, გოდე გორგილაძის სახელებს ბევრი დაიმახსოვრებს.“
პროფესორმა სალომე კაპანაძემ თავისი ყურადღება ალმანახში წარმოდგენილ რუბრიკა — დრამატურგიაზეც გაამახვილა: „როცა „პირველი სხივი“ ცალკე გამოყოფს ამ რუბრიკას, ნიშნავს, რომ სერიოზულ მონაწილეობას აპირებს დრამატურგების წახალისებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განვითარების ხაზი მაინც დინამიკურია და თამარ ბართაიას, ლაშა ბუღაძის, დავით გაბუნიას, ირაკლი სამსონაძის, დათო ტურაშვილის, ბასა ჯანიკაშვილის პიესები ეროვნული დრამატურგიის საინტერესო სახეს ქმნიან, თეატრმცოდნეები და თეატრის მკვლევრები მაინც აღნიშნავენ კარგი პიესების დეფიციტს და, წარუმატებლობის შემთხვევაში, სწორედ მას უწოდებენ „აქილევსის ქუსლს“.
ალმანახში წარმოდგენილი ზურა პაპიაშვილის პიესა ხუთი დამოუკიდებელი ამბისგან შედგება: „მკვდრები“, „ხუთწუთიანი ეპიზოდი ქუჩიდან“, „რობოტი პრეზიდენტი და საბავშვო ბაღის მასწავლებელი“, „გოგლიკოს გამოცდების ამბავი“ და „სკოლაში ვუნდერკინდია“, რომლებსაც, როგორც ქალბატონი სალომე აღნიშნავს, ეროვნული ყოფისთვის დამახასიათებელი ცხოვრებისეული ისტორიები აერთიანებს.