ნატო ობოლაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პანკისის ხეობაში დუისის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. პროექტი — „გაიცანი თსუ“ — მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციას, აბიტურიენტებისთვის პირველი ქართული უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, პროფორიენტაციის შესახებ ტრენინგსა და პანკისელების კულტურის, ადათ-წესების გაცნობა-შესწავლას. პროექტი თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა და 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ჩვენი მიზანი იყო თსუ-ის სტრუქტურის, სასწავლო სისტემის, ფაკულტეტებისა და შეთავაზებების გაცნობა იქაური ახალგაზრდებისთვის. შეხვედრებს ესწრებოდნენ აბიტურიენტები, ვისთვისაც ეს ინფორმაცია ყველაზე მეტად საინტერესო და საჭიროა. ასევე, გავაცანით ჩვენი, სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაც. ადგილობრივები ძალიან გახარებული და ბედნიერები იყვნენ ჩვენთან შეხვედრით, ვინაიდან სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა და ახლა ჰქონდათ შანსი მათვის სასურველ თემაზე დაესვათ კითხვა და გაეღრმავებინათ ცოდნა. პროექტის მეორე მიმართულება იყო მათი კულტურის და ადათ-წესების შესახებ ინფორმაციის მიღება. ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გავიგეთ, ბევრი ისეთი რამ იყო, რომ სიმართლეს გეტყვით და ძალიან გამაკირვა მსგავსმა წესებმა“, — განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა გრიშა ხაჩატუროვმა.
პანკისელი ახალგაზრდების თხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გასვლითი-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს: „რეგიონებში ხშირად არ აქვთ სრული ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებების პერმანენტულად ჩატარება და ახალგაზრდების კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა აუცილებელია“, — აცხადებენ პროექტის კოორდინატორები.
პროექტი- „გაიცანი თსუ“ — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად დაფინანსდა და განხორციელდა.