თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველასთვის კარგად ნაცნობი პროექტი — „თსუ დესპანი“ ყოველწლიურად ხორციელდება. „თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც უკვე 9 წელია, რაც სკოლის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გასცემს, რაც მათ მომავალი პროფესიის გააზრებულ არჩევაში ეხმარება.
პროექტში მონაწილე სამივე საფეხურის სტუდენტები მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს აცნობენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტურ ცხოვრებასა და აქტივობებს.
პროექტში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.
პანდემიის ფონზე პროექტი „თსუ დესპანი“ განსხვავებული ფორმატით განხორციელდება. პროექტში მონაწილე მოხალისე სტუდენტები დისტანციურად გაუზიარებენ აბიტურიენტებსა და უფროსკლასელებს მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. თუ რა მეთოდებით აპირებენ პროექტის ორგანიზატორები და მონაწილეები სკოლებთან თანამშრომლობასა და დასახული მიზნების განხორციელებას, ამის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამის კოორდინატორი დემეტრე მოდებაძე.
— პროექტი „თსუ დესპანი" უკვე 9 წელია, რაც ხორციელდება. მიმდინარე წელს, ისტორიაში პირველად, პროექტი ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება. რას გულისხმობს ეს მეთოდი და რა სიახლეებს შემოგვთავაზებთ?
— არსებული რეალობის გათვალისწინებით, გუნდმა, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, იპოვა საუკეთესო გამოსავალი. პროექტი კვლავ ორიენტირებულია სტუდენტთა მოხალისეობრივ პრაქტიკასა და აბიტურიენტთა დახმარების გაწევაზე. შერჩეული ჰიბრიდული მეთოდის მიხედვით, პროექტის განხორციელება დაიწყება დისტანციურად. სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები zoom-პლატფორმის მეშვეობით, ხოლო დესპანები Microsoft Teams პროგრამის საშუალებით გააცნობენ აბიტურიენტებს უნივერსიტეტსა და სტუდენტურ ცხოვრებას. გაზაფხულზე კი, ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, ვიტოვებთ იმედს, რომ სასკოლო გარემოს ჩვეული სახით დავუბრუნდებით. თუ ეს ასე მოხდება, პროექტის განხორციელების პროცესი სასკოლო ოთახებში გადაინაცვლებს.
— დღეს არსებული პანდემიის ფონზე როგორ მოხდება სტუდენტთა მობილიზება და პროექტში ჩართულობის უზრუნველყოფა?
— ტრადიციულად, პროექტი სტუდენტთა დიდი ჩართულობით და აქტიურობით გამოირჩევა. სტუდენტებისათვის სასიხარულოა, როდესაც მშობლიურ სკოლას უბრუნდებიან და მადლიერებას ამ გზით გამოხატავენ. გასულ სემესტრში ჩვენ სატესტო რეჟიმში გავუშვით პროექტი „online envoy“, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოცხადდა და ამის ფონზე რეგისტრირებულთა რაოდენობა 300-ზე მეტია, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს ყოველივე გვიქმნის სასიამოვნო განცდას, რომ პროექტს პანდემიამ ვერაფერი დააკლო და ის კვლავ აქტუალურია ჩვენს სტუდენტებში. უკვე მეორე წელია, პროექტი „თსუ დესპანი" სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით „საბავშვო უნივერსიტეტთან“ ერთად ხორციელდება. ამ თანამშრომლობის წყალობით, პრეზენტაციის უნარების ტრენინგთან ერთად, დესპანებს წვდომა ექნებათ კარიერულ კურსზე, რომელიც მოიცავს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენას, გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შრომის ბაზრის კვლევას და სხვ. ამას გარდა, აქტიურობით გამორჩეული დესპანები ჩართულნი იქნებიან ჩვენს მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებშიც. ტექნიკური კუთხით პროექტს დაბრკოლება არ ექნება, რადგან ის, როგორც გასულ წლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება.
— რა აქტივობები იგეგმება პროექტის მეცხრე ნაკადის მონაწილეებისათვის?
— მეცხრე ნაკადის მონაწილეები გამორჩეული სეზონის დესპანები გახდნენ. მათ არაორდინარულ ვითარებაში უწევთ მშობლიურ სკოლაში დაბრუნება. განსაკუთრებით უცნაური ეს პირველსემესტრელი სტუდენტებისათვის იქნება, რომლებსაც ჯერ უნივერსიტეტთან შეხება მხოლოდ ვირტუალურად აქვთ. ჩვენი ძირითადი მიზანია ეს სტუდენტები მეტად დავაახლოოთ იმ გარემოს, რომელშიც ძალიან მალე მოუწევთ ადაპტაცია. ჩვენი სურვილია უნივერსიტეტის შესახებ მათ მეტი საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდოთ და გარდა ტრენინგებისა თავისუფალ შეხვედრებსაც გავუკეთოთ ორგანიზება.
როგორც უკვე აღვნიშნე, ტრენინგების და კურსების შეთავაზემა მათთვის საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ისინი პროექტისგან მიიღებენ იმ საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას, რჩევებს, რეკომენდაციებს, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. სასიამოვნოა მათი აქტიური ჩართულობა და, ამის საპასუხოდ, ჩვენი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს თითოეული დესპანისათვის.
მოამზადა თამარ დადიანმა