თამარ დადიანი
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროგრამა „ლოგოსი" მონაწილეობას მიიღებს თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე, რომლის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
„ამ საერთაშორისო ფესტივალში მისი დაარსების დღიდან ვმონაწილეობთ. ფართო აუდიტორიას ვაწვდით ინფორმაციას — თუ რა კეთდება წლიდან წლამდე ჩვენს გამომცემლობაში.
საერთოდ, ინსტიტუტის აკადემიური სექტორი წამოდგენილია სამი მიმართულებით: კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური ფილოლოგია და ახალი ბერძნული ფილოლოგია. აქედან გამომდინარე, ფესტივალზე წარმოდგენილი ვიქნებით ფართო თემატიკით: სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომები, თარგმანები ახალბერძნული, ძველბერძნული და ლათინური ენებიდან, ენციკლოპედია, ლექსიკონები და სახელმძღვანელოები.
იმედი მაქვს, ჩვენი ერთგული მკითხველი ბევრ საინტერესო წიგნს აღმოაჩენს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ გამოცემებში“, — აღნიშნა გამომცემლობა „ლოგოსის“ მთავარმა სპეციალისტმა გოჩა კევლიშვილმა.
ფესტივალი ოფიციალურად 26 მაისს 12:00-ზე გაიხსნება.
ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია თი ბი სი. ფესტივალს მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმა — ველი.