ნატო ობოლაძე
სამეცნიერო კვლევების განვითარების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამი ახალი რეგულაცია აამოქმედა: ძალაში შევიდა აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტთა კვლევების ხელშეწყობის ორი საუნივერსიტეტო წესი და დამტკიცდა პოსდოქტორანტურის (პოსტდოქტორანტად დასაქმების) ახალი დებულება. ცვლილებების შედეგად, უკვე მიმდინარე წლიდან, აკადემიურ პერსონალს, რომელმაც სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა SCOPUS ან Web of Science ბიბლიომეტრიულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში (რომლის CiteScore მეტია ან ტოლია 1-ის, ხოლო Impact factor მეტია ან ტოლია 0,5-ის), ფინანსური ჯილდო — 2500 ლარი გადაეცემა. ანალოგიური მაჩვენებლების მქონე ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნებისთვის დოქტორანტები 1000 ლარს მიიღებენ.
რაც შეეხება პოსდოქტორანტურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე 2 კვოტა გამოიყო. პოსტდოქტორანტის შერჩევა კონკურსის საფუძველზე ფაკულტეტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება. დებულების მიხედვით, წარმოდგენილი კვლევითი პროექტის შინაარსის გათვალისწინებით ხელშეკრულება 12-დან 24 თვემდე ვადით ფორმდება. ყოველთვიური ანაზღაურება 800 ლარს შეადგენს. ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის მაისიდან ამოქმედდა.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს დოქტორის ხარისხის მქონე პირი იმისათვის, რომ თსუ-ის პოსდოქორანტურაში გააგრძელოს კვლევითი საქმიანობა? რა უნდა გაითვალისწინოს აკადემიურმა პერსონალმა და დოქტორანტებმა წამახალისებელი ჯილდოს მისაღებად განაცხადის წარდგენისას და კონკრეტულად რა შედეგების მიღებაზეა ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განვითარების მიზნით მიღებული ცვლილებები? — ამ კითხვებზე თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილი გვპასუხობს.
რა შედეგების მიღება სურს თსუ-ს ახალი რეგულაციების ამოქმედებით?
ყოველ წელს თსუ-ის სახელით საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში 600-მდე სამეცნიერო სტატია ქვეყნდება, რაც კარგია, თუმცა არასაკმარისი. ჩვენ გვინდა ეს რიცხვი 1000-1500-მდე გავზარდოთ. ამისათვის აუცილებელია ხარისხის გაუმჯობესება როგორც სასწავლო, ასევე კვლევითი მიმართულებით. ჩვენი დეპარტამენტის მიზანია აკადემიური/სამეცნიერო პერსონალისთვის ისეთი რეგულაციების შემუშავება, რომელიც, ერთის მხრივ, მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების წარმოების მოთხოვნებს, მეორეს მხრივ კი, შემხვედრ, წამახალისებელ მექანიზმებს ითვალისწინებს. როდესაც აკადემიური პერსონალი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მეტს ასრულებს, მისი დაჯილდოვება ერთგვარი სტიმულია. ვალდებულებებში ვგულისხმობ ე.წ. მინიმალური სამეცნიერო სტანდარტით გაწერილ მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანია, რომ პროფესორმა სწორად დაგეგმოს თავისი აკადემიური წელი და იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში და ჯილდოს მისაღებად განაცხადს წარმოადგენს, მაშინ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტს ვეღარ დააკმაყოფილებს. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს სტანდარტში გაწერილი მოთხოვნები გაცილებით ადვილი შესასრულებელია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ და ჩვენ, რა თქმა უნდა, დროისა და გამოწვევების შესაბამისად ამ მოთხოვნებს შევცვლით.
რა არის გასათვალისწინებელი დოქტორანტების დაჯილდოებასთან დაკავშირებით
დოქტორანტების შემთხვევაში ისედაც არსებობს მოთხოვნა — დისერტაციის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა ერთი პუბლიკაციის გამოქვეყნება SCOPUS — ში ინდექსირებულ ჟურნალში/საკონფერენციო მასალებში. ამ შემთხვევაში ეს სამეცნიერო სტატია მათ შეუძლიათ ჯილდოს მისაღებად წარმოადგინონ, თუმცა შეზღუდვა ვრცელდება აკადემიურ პერსონალზე. თუ ის ამავე სტატიის თანაავტორია, წამახალისებელი ჯილდოს მოსაპოვებლად იგივე სამეცნიერო სტატიას ვერ წარმოადგენს, თუმცა შეუძლია მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის შესრულების მიზნით გამოიყენოს.
რაც შეეხება დასაქმებას, 2 პოსტდოქტორანტის დაფინანსება გათვალისწინებულია უნივერსიტეტის ცენტრალური ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტს ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს სურვილი ექნება, შეუძლია საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში პოსდოქტორანტების მისაღები კვოტა გაზარდონ.
თუ თსუ-ის ფაკულტეტებს გადავხედავთ, ნამდვილად ბევრი მიმართულებაა, თუნდაც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არაერთი დეპარტამენტია. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ თითოეული სამეცნიერო დარგი, მაგალითად, ფიზიკა ძალიან ბევრ საკვლევ საკითხს მოიცავს, ამიტომ პოსტდოქტორანტურის კონკურსების მიმდინარეობისას პრიორიტეტი მიენიჭება წარმოდგენილი პროექტების ხარისხს. კრიტერიუმებს თითოეული ფაკულტეტი საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე შეიმუშავებს.
შესაძლოა ვინმემ მაინც თქვას, რომ თითოეულ ფაკულტეტზე გამოყოფილი 2 ადგილი ცოტაა, თუმცა თვით პოსტდოქტორანტურის კარგად ამოქმედებაა მნიშვნელოვანი და შემდგომ უნდა ვიზრუნოთ ბიუჯეტის გაზრდაზეც. მხოლოდ რაოდენობას ნუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია ხარისხი, რადგან როგორც მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებიც განსხვავდებიან კვლევითი პროდუქტიულობით, შესაბამისად, კონკურსი საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ საუკეთესო დოქტორები. მთავარია, რომ პროცესი ჩატარდეს ობიექტურად და ურთიერთხელსაყრელი იყოს როგორც სტრუქტურული ერთეულისთვის, ისევე პოსტდოქტორანტისთვის.
პოსტდოქტორანტურის ამოქმედება შესაძლებლობაა როგორც ფაკულტეტისთვის, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის — ერთის მხრივ, ფაკულტეტი დაინტერესებულია ახალგაზრდა, ძლიერი მეცნიერის მოზიდვით, მეორეს მხრივ, პოსტდოქტორანტურის კანდიდატს ახალი მინიჭებული აქვს ხარისხი, არსად არ უკავია აკადემიური თანამდებობა და სჭირდება პლატფორმა, სადაც თავისი შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენს, განახორციელებს კვლევას და სამომავალოდ შესაძლებლობა ექნება — სამეცნიერო საქმიანობა უნივერსიტეტში გააგრძელოს.
და კიდევ, გასათვალისწინებელია, რომ უკვე დაფინანსებული კვლევითი პროექტები პოსდოქტორანტურაში დასაქმების საფუძველი ვერ გახდება. დოქტორანტს შეუძლია მომიჯნავე საკითხში მოამზადოს პროექტი და ის წარმოადგინოს კონკურსზე.
როდის გამოცხადდება პოსტდოქტორანტურის კონკურსები?
კონკურსის გამოცხადება დამოკიდებულია ფაკულტეტზე — ეს არის შესაძლებლობა და არა — ვალდებულება. ვალდებულების შემთხვევაში, შესაძლოა, საკონკურსო პროექტების ხარისხი დაეცეს. თუმცა, პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
აქვე დავამატებ, რომ პოსტდოქტორანტის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, კვლევის დასრულების შემდეგ შედეგები სამეცნიერო სტატიის სახით SCOPUS ან Web of Science ბიბლიომეტრიულ ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში გამოაქვეყნოს.
* * *
თსუ-ის პოსტდოქტორანტურის დებულებაში აღნიშნულია, რომ „პოსტდოქტორანტის მიერ უნივერსიტეტში განხორციელებადი პროექტის ფარგლებში მიღწეულ სამეცნიერო პროდუქტზე ქონებრივი საავტორო უფლებების თანამესაკუთრეს, ავტორთან ერთად, წარმოადგენს უნივერსიტეტი“ და „პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების პროცენტულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: 50% -უნივერსიტეტს და 50% — პოსტდოქტორანტს, რაც შეიძლება შეიცვალოს მოლაპარაკებების საფუძველზე მხოლოდ უნივერსიტეტის სასარგებლოდ“. აღნიშნულმა მუხლმა ახალგაზრდა მკვლევრებში შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. ამ საკითხს ასე ეხმიანება გიორგი ღვედაშვილი: „განსაკუთრებით ადრე ხდებოდა, თუმცა ახლაც არის შემთხვევები, როდესაც თსუ-ის პერსონალი საქპატენტში წარადგენდნენ გამოგონებას, როგორც მხოლოდ მათ ინტელექტუალურ საკუთრებას. თუმცა ეს არ არის საუნივერსიტეტო აზროვნება, როდესაც კვლევა ხორციელდება უნივერსიტეტის ბაზაზე, ცხადია უნივერსიტეტი პატენტის თანამესაკუთრეა. ეს კეთდება თსუ-ის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებისთვის, რომელიც პერმანენტულად საჭიროებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სათანადო სასწავლო-კვლევითი გარემოს შექმნას და ა.შ. შესაბამისად, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი მკვლევარს რამეს ართმევს, ეს ნიშნავს, რომ ის თავად არის უნივერსიტეტის ნაწილი და ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია“.