თამარ დადიანი
პოლიტიკის მეცნიერება იმიტომ აირჩია, რომ საზოგადოების შესწავლა აინტერესებდა. პიროვნულ განვითარებაზე დიდი როლი ოჯახმა იქონია, ყოველთვის ქონდა არჩევანის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, რამაც მომავალში არაერთხელ გაუწია დიდი სამსახური. ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორზე, ქალბატონ თამარ ქარაიაზე, რომელთან დიალოგმაც გვაჩვენა — ერთმანეთისაგან როგორ უნდა განასხვავო პოლიტიკის კეთება და პოლიტიკის შესწავლა?
გვესაუბრება ასისტენტ-პროფესორი თამარ ქარაია
— როდის გადაწყვიტეთ საქმიანობა სამეცნიერო მიმართულებით გაგეგრძელებინათ და რატომ გაგიჩნდათ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესწავლისადმი ინტერესი, რომელმაც პროფესიული არჩევანი გაგაკეთებინათ — დღეს თქვენ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით. მაშინ, როცა საქართველოში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, „პოლიტიკა ქალის საქმე არ არის“ და ა.შ., თქვენ ასეთ მსჯელობას საქმით დაუპირისპირდით. გვიპასუხეთ მთავარ კითხვაზე — რატომ?
— მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ გამიჩნდა ინტერესი — სწავლა პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო მიმართულებაზე გამეგრძელებინა. ამას ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი — უფრო ღრმად მეკვლია ის, რაც მაინტერესებდა და, ამავე დროს, მომცემოდა სწავლების შესაძლებლობა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო გამოცდილებად წარმომედგინა. მოდით, ერთმანეთისაგან განვასხვავოთ პოლიტიკის კეთება და პოლიტიკის შესწავლა. ქალები პოლიტიკაში არიან, თუმცა უფრო მეტად შემსრულებელ პოზიციებზე, ნაკლებად გადაწყვეტილებების მიმღებლებად, ამას ბევრი მიზეზი აქვს და მათი დიდი ნაწილის დაძლევა განათლებით არის შესაძლებელი, ამიტომაცაა უმნიშვნელოვანესი გოგონებისათვის განათლების მეტი შესაძლებლობების შექმნა.
რაც შეეხება პოლიტიკის შესწავლას, ჩვენი პროგრამა გოგონათა სიმცირეს არ განიცდის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ზოგადად, ქალთა გაძლიერება მიმაჩნია ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად, რომლის საფუძველში მათი განათლებით და უნარებით აღჭურვა დგას. განათლება და რეალიზაცია მისცემს ქალებს საშუალებს წინ აღუდგნენ ნებისმიერ ჩაგვრას ან ძალადობას, დაიცვან შვილები როგორც ძალადობისგან, ასევე აღზარდონ ჯანსაღი მომავალი თაობა.
— პოლიტიკური მეცნიერება არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის და აანალიზებს პოლიტიკურ მოვლენებს, ხოლო მისი მკვლევრები საყურადღებო ცოდნას ქმნიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ. თქვენი აზრით, რა მოგცათ პოლიტიკური პროცესების მეცნიერულად შესწავლამ და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გააზრებამ?
— პოლიტიკის მეცნიერება არ არის სპეციალობა, ის ე.წ. „ქოლგა“ მეცნიერებაა, რომელიც ძალიან ბევრ ასპექტს მოიცავს. შესაბამისად, მისი პრინციპების ცოდნა საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ — რა არის სწორი ან არასწორი, კარგი ან ცუდი და ჩვენი ქცევა ამის შესაბამისად დავგეგმოთ.
— რა როლი უკავია თქვენს ცხოვრებაში უნივერსიტეტსა და სტუდენტებს?
— უდიდესი როლი! უნივერსიტეტმა და სტუდენტებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ყველა ჩემი საქმიანობის სფერო სწორედ სტუდენტებთან ურთიერთობას შეეხება. სწავლება — ეს არის გამოცდილების გაზიარების პროცესი, რომლის დროსაც ორივე მხარე ხდება უფრო გამოცდილი, ინფორმირებული. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტრენინგზე სტუდენტებს მოვუყევი სტუდენტთა ერთი ჯგუფის პროექტის შესახებ, რომელიც ჩემი სალექციო კურსის — „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში განახორციელეს. ასევე კურსის ფარგლებში მოვამზადეთ სახელმძღვანელოს აუდიო ვერსია უსინათლოთათვის, რომელიც ბრაილის შრიფტის წინასიტყაობითა და შესაბამისი წესების დაცვით აუდიო წიგნად გამოიცა. მივიღეთ ფონდ „ღია საზოგადოების“ დაფინანსებაც — დაახლოებით 19 000 $, რომელიც მთლიანად უნივერსიტეტის ბიბლოთეკის უსინათლო სტუდენტთათვის ადაპტირებას და შესაბამისი ტექნიკის შეძენას მოხმარდა. ეს მოხდა 2012-2014 წლებში, მე მაშინ დამწყები ლექტორი ვიყავი და ამ სტუდენტებს როცა ვუყურებდი, მივხვდი, რომ არ იყო საკმარისი მხოლოდ აუდიტორიაში სწავლება. შესაძლებელი იყო მათთვის მთელი რიგი შესაძლებლობათა ველის შექმნა, სადაც ისინი განივითარებდნენ როგორც პრაქტიკულ უნარებს, ასევე თავად იქნებოდნენ საზოგადოებაში ცვლილებათა მომტანნი. სწავლების პროცესი არის დიდი მოტივატორი, რათა განვითარდე, მოემზადო, იკვლიო.
— რამდენად დიდია დღეს ახალგაზრდებში პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლით დაინტერესება და რა პროცესები განაპირობებს ასეთ არჩევანს?
— დაინტერესება ნამდვილად დიდია. ფაკულტეტზე ერთ-ერთ ყველაზე არჩევად სპეციალობას წარმოადგენს. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი არჩევანის იმ ფართო ველს, რომელსაც პოლიტიკის მეცნიერება აძლევს ახალგაზრდებს. მათ ბევრი მიმართულებით განვითარების საშუალება აქვთ. ეს დარგი მიმართულებათა სიმწირეს ნამდვილად არ განიცდის.
— თქვენი, როგორც მეცნიერის, კვლევის საგანი თანამედროვე საქართველოს მეხსიერების პოლიტიკაა. როგორ მიდის მეხსიერების პოლიტიკის ფორმირების პროცესი დღეს საქართველოში და რა გავლენას ახდენს პოლიტიკის დღის წესრიგი მეხსიერების პოლიტიკის ფორმირებაზე?
— კოლექტიური მეხსიერების ფორმირება მნიშვნელოვანი მოვლენაა ერის ისტორიაში, განსაკუთრებით ჩვენნაირი ერისათვის, რომელსაც სჭირდება განვლილი გზის გააზრება. კოლექტიური მეხსიერება მიზნის დასახვის საშუალებასაც წარმოადგენს, ამით ქვეყანა იაზრებს — სად არ უნდა დაბრუნება, საით უნდა სვლა. ეს საკითხი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ძალიან გააქტიურდა, თუმცა მას ცენტრალიზებული და არათანმიმდევრული სახე ჰქონდა. არადა უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში. საზოგადოებამ უნდა გაიგოს არა მხოლოდ ის, რაა ცუდი და რაა კარგი, არამედ თავად უნდა მივიდეს ამ დასკვნამდე — თუ რატომ არის ეს კარგი ან ცუდი.
— საინტერესო სამეცნიერო მოღვაწეობის ისტორია გაქვთ, მეხსიერების პოლიტიკის კვლევის გარდა თქვენი მეცნიერული ნაშრომებიდან რომელს გამოჰყოფდით?
— ძალიან საინტერესო იყო მუშაობა სოციალურ მოძრაობებზე, კერძოდ ჰუდონის ჰიდროელექტროსადგურის წინააღმდეგ მიმართული აქტივიზმის ანალიზი, რომელიც მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ცოცხლობს და პერიოდულად აქტიურდება.
— საუნივერსიტეტო ცხოვრების პარალელურად თქვენ ჩართული ბრძანდებით საქართველოში სამოქალაქო განათლების დამკვიდრების პროცესში. ამ მიმართულებით ახლა რა აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებთ და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობის დონის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში?
— დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. თუ დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ეს მოქალაქეების გარეშე ვერ მოხდება, მათ უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობა, ისწავლონ ის თამაშის წესი, რა თამაშის წესებსაც ამ სისტემაში ცხოვრება მოითხოვს. ეს რთული პროცესია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პროგრესს ვხედავთ. ამ ეტაპზე ორ პროექტს ვახორციელებთ, ორივე მიზნად სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას ემსახურება. ერთი „სამოქალაქო ჩართულობის სკოლაა“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და გორში მცირე პროექტებს ახორციელებენ, რათა გააუმჯობესონ თავიანთ თემში არსებული სიტუაცია. ხოლო მეორე პროექტი სტუდენტებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა კოლაბორაციას ითვალისწინებს, ვისთან ერთადაც საზოგადოებაში არსებული რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის პრევენციაზე მუშაობენ თბილისში, შიდა ქართლში, აჭარასა და გურიაში. ორივე პროექტი ახალგაზრდებისთვის არის შესაძლებლობა — ისწავლონ როგორია აქტიური მოქალაქეობა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობის გაზიარება და, რაც მთავარია, თვითონ აკეთონ საქმე და დაეხმარონ სახელმწიფოს.
— დაბოლოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თქვენი ნაშრომების სამეცნიერო თემატიკა მეხსიერების პოლიტიკას, იდენტობის ტრანსფორმაციას, სოციალურ მოძრაობებსა და სამოქალაქო განათლებას უკავშირდება. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?
— ამ ეტაპზე ჩემს კოლეგასთან ერთად ვმუშაობ საქართველოში სოციალური მოძრაობის ძირითადი მახასიათებლების ანალიზზე, რაც უახლოეს მომავალში სტატიის სახით უნდა გამოიცეს.
* * *
თამარ ქარაია 2009 წლიდან ასევე მუშაობს ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტში მკვლევრად. თამარ ქარაიას კვლევის სფეროს განეკუთვნება: მეხსიერების პოლიტიკა, იდენტობის ტრანსფორმაცია, სოციალური მოძრაობები და სამოქალაქო განათლება. არის უცხოეთის რეცენზირებულ გამოცემებში დაბეჭდილი ნაშრომების ავტორი. ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებში, მათ შორის, კოლუმბიის (აშშ), მანჩესტერის (დიდი ბრიტანეთი), კოპენჰაგენის (დანია), ბელგრადის (სერბეთი), სოფიის (ბულგარეთი) და სხვა უნივერსიტეტებში. არის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მომზადებული სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს თანაავტორი. 2014 წლიდან არის „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი. თამარ ქარაია მუშაობს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევით პროექტზე: „სოციალური მოძრაობები საქართველოში“ და, ასევე, უძღვება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ დაფინასებულ პროექტს — „სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით“.