ნინო კაკულია
ვისაც თეატრალური ნიჭი აქვს, მას შეუძლია თსუ-ის თეატრის „სხვენი“-ს დასში მოხვდეს და მსახიობი გახდეს. უნივერსიტეტის თეატრი პირველკურსელებსაც მისცემს თეატრალური დაოსტატების საშუალებას. „სხვენი“-ს დასში მოხვედრა ყველა სტუდენტს კონკურსის გზით შეუძლია. ცხადდება კონკურსი და შემდეგ უპირატესობა ეძლევა სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მსახიობისათვის საჭირო უნარებით: (მეტყველება, სმენა, ინსტრუმენტზე დაკვრა, ცეკვა, სიმღერა და ა.შ.). მიღება ხდება ყოველი წლის შემოდგომაზე.
თეატრი „სხვენი“ ახალგაზრდულია, დასი ძირითადად სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. იწვევენ პროფესიონალ მსახიობებსაც. ახალგაზრდა და დამწყები მსახიობებისათვის მათ გვერდით მუშაობა პროფესიონალიზმს ზრდის და აყალიბებს დისციპლინას.
თეატრი „სხვენი“ ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე. დაჯილდოვებულია პრიზებით და დიპლომებით.
დასი შეიკრიბა 15 სექტემბერს და დასახეს 2021 – 2022 წლების თეატრალური სეზონის გეგმები — თუ როგორ გააგრძელონ მუშაობა პანდემიის პირობებში.
„პირველ წლებში ჩვენ ვმუშაობდით როგორც პლასტიკის თეატრი, ხოლო მოგვიანებით კი როგორც დრამატული თეატრი. გამომდინარე იქიდან, რომ სარეპეტიციო სივრცე უნივერსიტეტის სხვენში გვაქვს, სპექტაკლებიც იქ იდგმება, შემდგომ კი უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მაყურებლის სამსჯავროზე გამოგვაქვს. დასში სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობის სტუდენტი-მსახიობები მოღვაწეობენ, როგორც პირველი კურსის, ასევე კურსდამთავრებულებიც, მაგისტრანტები. ამჟამად დასში 15 სტუდენტი მსახიობი ირიცხება. აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება — დადგან სპექტაკლი. მაგალითად, გიგა გოგიჩაძე გახლავთ რეჟისორი სპექტაკლისა „რექვიემი მონაზვნისათვის“, ასევე ქეთევან ოქუაშვილი გახლავთ ქორეოგრაფი სპექტაკლებისა — „მერი პოპინსი“, „ძალად ექიმი“ „ბერნარდა ალბას სახლი“. აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი თეატრის მხატვრის ზურა ბალანჩივაძის მიერ გაფორმებული სპექტაკლების შესახებ: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „პატარა უფლისწული“ „განკითხვის დღე“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „დოდოს მოლოდინში“. ჩვენი ორი სტუდენტი აგრძელებს სწავლას თეატრალურ უნივერსიტეტში. გვყვავს არაერთი გამარჯვებული მსახიობი, რომლებსაც გადაეცათ პრიზი ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. თეატრში მიღება ხდება ისევე, როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში“, — აღნიშნა ჩვენთან საუბარში თეატრის — „სხვენის“ ხელმძღვანელმა გოგი გომურაშვილმა.