ნატო ობოლაძე
ირაკლი ღარიბაშვილის სახელს საქართველოში არაერთი ისეთი პროექტის განხორციელება უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც სამეცნიერო საბიბლიოთეკო სექტორი მხოლოდ წიგნის კითხვასა და კვლევა-ძიებასთან აღარ ასოცირდება. უშუალოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რაც მენეჯმენტს, მომსახურებას და უნიკალური საბიბლიოთეკო ფონდის გადარჩენა-შენარჩუნებას უკავშირდება, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შესთავაზა ღია სივრცე, სადაც წიგნის კითხვის, გატანის, სამეცნიერო კვლევის და მსოფლიოში ავტორიტეტული ელექტრონული სამეცნიერო ბაზებით სარგებლობის გარდა, შესაძლებელია სხვადასხვა ტრენინგების გავლა, კულტურული პროექტების განხორციელება და მუსიკოსებისთვის რეპეტიციებიც კი...
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა, ღიაობის პრინციპით დაიწყო მეცნიერებისა და საზოგადოების დაახლოება.
„ძალიან იშვიათი თვისება ჰქონდა, ყოველთვის მომავლისკენ იყურებოდა. ყოველთვის ორიენტირებული იყო განვითარებაზე. წლების განმავლობაში იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, თუმცა მისი მანდატი საქმიანობის გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავდა: უამრავი სიახლე, რომელიც დაკავშირებულია საბიბლიოთეკო ასოციაციის ჩამოყალიბებასთან საქართველოში, კონტაქტების დამყარებასთან ევროპულ ქსელებთან.... ეს იყო ძალიან რთული სამუშაო, ირაკლის ჰქონდა ყველაზე დიდი ცოდნა იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წამოგვეღო სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, დავკავშირებოდით ჩვენს პარტნიორებს, გაგვეგო, თუ რა სისტემები მუშაობდა და როგორ შეიძლებოდა მათი ქართულ რეალობაზე მორგება“, — იხსენებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე.
„ბევრისთვის ბიბლიოთეკის დირექტორი მხოლოდ წიგნებთან და წიგნსაცავთან ასოცირდება, მაგრამ ირაკლის ჰქონდა განსხვავებული მიდგომები, რაც გულისხმობს საბიბლიოთეკო სექტორში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. ელექტრონული სამეცნიერო ბაზები, რომელიც დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებით დაინერგა საქართველოში, ის იყო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. ყოველთვის ცდილობდა, რომ შემოეტანა თანამედროვე ტექნოლოგიები და საბიბლიოთეკო (და არა მხოლოდ) სექტორი არ დარჩენილიყო ძველ დროში“, — განაცხადა თსუ-ის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა საღინაძემ.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის დაახლოება იყო.
„ჩვენ დავიწყეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და, ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი — INTEGRITY, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძებ ცნობადობის გაზრდას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება იფარებოდა — პოლიტიკის შექმნა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებები და ცნობადობის ამაღლება... ბატონი ირაკლი ყველა ამ მიმართულებაში აქტიურად ჩაერთო. როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკას ვქმნიდით, ის იყო პროცესის მონაწილე. ჩვენ ვეძებდით ადგილს, სადაც სტუდენტებს მხარდამჭერ ღონისძიებებს შევთავაზებდით, სადაც ტრენინგები, კონსულტაციები და ა.შ. გაიმართებოდა. ბატონმა ირაკლიმ მზადყოფნა გამოთქვა და მთელი თავისი გუნდით ამ პროექტის მთავარი მონაწილე გახდა. დღესაც ამ პროექტის მდგრადობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აკადემიური კეთილსინდისიერების მხარდამჭერი ღონისძიებები რეგულარულად ტარდება“, — აღნიშნა თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არაერთი მიმართულება განავითარა — შეიქმნა მომსახურების ახალი სისტემა და სტრატეგია, ამოქმედდა ელექტრონული სერვისები, რამაც საშუალება მოგვა პანდემიას მომზადებულები დავხვედროდით და მკითხველს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოვმსახურებოდით. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც კეთილმოეწყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი, რამაც მკითხველს საშუალება მისცა, რომ მოსულიყო არა მხოლოდ ბიბლიოთეკაში, არამედ დასასვენებელ-შემეცნებით სოციალურ სივრცეში.
მუდმივად ზრუნავდა თანამშრომლების განვითარებაზე, ისმენდა ახალ იდეებს და გვეხმარებოდა მათ განხორციელებაში, რაც მისი გუნდის პროფესიულ განვითარებასთან ერთად პიროვნულ ზრდასაც განაპირობებდა“, — აღნიშნა თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ნინო პავლიაშვილმა.
* * *
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი 1960 წელს თბილისში დაიბადა.
მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკისა და ენერგეტიკის ფაკულტეტი 1983 წელს დაამთავრა. 1983-1986 წლებში იყო მოსკოვის ოლქის კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ფილიალის ინჟინერი, 1990–1993 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993–2000 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგე; 2000–2006 წწ. საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე. 2006 წლიდან იყო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის არის „ქართულ ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზები ინტერნეტში საბიბლიოთეკო-საინფორმაციო ტერმინოლოგიის ინგლისურ-რუსულ-ქართული ინტერაქტიული ლექსიკონი“ (2001–2004); საქართველოს ბიბლიოთეკების სტატისტიკა-ინტერნეტ გამოცემა (2001); ჟურნალ „საქართველოს ბიბლიოთეკის“ ელექტრონული ვერსია (2003); საქართველოს ეროვნული სტანდარტი „ქართულ ასო-ნიშანთა კლავიატურაზე განლაგების ოპტიმიზაცია“ (2003–2004) და სხვა.