მაია ტორაძე
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს თსუ-ის თანამშრომლის შვილებს ვხვდებით. უნივერსიტეტის გაზეთი ტრადიციას არც ამჯერად არღვევს და გვსურს გაგაცნოთ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათია კუპრაშვილის პატარა ქალიშვილი.
ანასტასია ყვავაძე ჯერ მხოლოდ 7 წლისაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული იმიჯი აქვს – გონიერი და თავისუფალი გოგოა, უყვარს ცხოველები, კითხულობს პატარა მოთხრობებს და მღერის დედიკოს და მამიკოს მეგობრებთან ერთად.
ტასიკო დედასთან – პროფესორ ნათია კუპრაშვილთან ერთად ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელში და იქაც უცნაურად საყვარელია – გორგოლაჭებზე შემდგარი აწყობს სუფრას, შეუძლია ყირამალა შემოიაროს ეზო, მთელი დღე ითამაშოს ოთხფეხა მეგობრებთან და ხტუნვა-ხტუნვით აკეთოს საქმე, რომელიც თავად მოსწონს.
ჯერ მხოლოდ პირველ კლასშია, მაგრამ მეცადინეობა არ ეზარება, უკვე იცის, რომ ძალიან მოსწონს მათემატიკა, აინტერესებს ამოცანების ამოხსნა და კოსმოსი.
კიდევ – პეპი უყვარს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომელ ჩვენგანს არ შეყვარებია ბავშვობაში პეპილოტა-დელიკატესა-ჟალუზინა-რუკოლპიტნა ეფრაიმის ასული გრძელწინდა. აი, ანასტასიას არა მხოლოდ მოსწონს, არამედ პეპიში საკუთარ თავსაც ხედავს – მე მგავს და ჩემი საყვარელი პერსონაჟიაო, განგვიცხადა. ვისაც ეს აპრეხილნაწნავებიანი წითური ჭორფლიანი გოგო უყვარს, ადვილად წარმოიდგენს ანასტასიასაც – როგორ ათენებს უკაცრიელ კუნძულზე ღამეს, როგორ დააჭენებს ცხენს, როგორ ეკვეთება უშიშრად ქურდებს და მხიარულად ცხოვრობს ნილსონთან და ორ მეგობართან ერთად. ჰო, პეპი მართლა ჰგავს ანასტასიას (და არა პირიქით) იმ განსხვავებით, რომ ანასტასიამ ორჯერ ორიც იცის და კიდევ ნოდარ დუმბაძის მოთხრობებსაც თავად კითხულობს.
ამ პატარა კნაჭა გოგოს საყვარელი მულტფილმებიც აქვს – „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ და „ლილო და სტიჩი“, „ალისა გაბედული და უცნაური გოგოა, ჩემს თავს კი შევადარებდი ლილოს, მულტფილმიდან „ლილო და სტიჩი“, – გვითხრა მან.
როცა გაიზრდება, ანასტასია ალბათ მადლობას ეტყვის მამას, რომ ასე დააახლოვა ბუნებას და ცხოველებს. ახლა მის სახლში 14 ძაღლი, ერთი კატა, სამი კუ და ერთი თუთიყუში ცხოვრობს. კაცმა რომ თქვას, ერთი ნილსონი აკლიათ და ზუსტად პეპის გარემოცვაა – ტასიკოსთვის ეს ბუნებრივი გარემოა – მხიარული, დატვირთული, მუდმივად მეგობრებით და სიკეთით სავსე. ამიტომაც თანაბრად უყვარს ხატვაც, სიმღერაც, ტანვარჯიშიც და მეგობრებთან ერთად თამაშიც.
თუ შეეკითხებით, ვინ უნდა გამოვიდეს, ზუსტად იცის, რომ ვეტერინარობაც და მსახიობობაც ერთნაირად უნდა. იმ გარემოში, სადაც ტასიკო იზრდება, არც ერთი პროფესიის სიყვარული უნდა გაგიკვირდეს და არც – მეორესი, მაგრამ როგორ უყურებს ამას ჟურნალისტი დედა, თავად ტასიკო გვიხსნის – „არაფერს მიშლის, მაგრამ სულ მირჩევს, რომ ის ვაკეთო, რაც გულით მინდა. თავისუფალ დროს ყოველთვის დედასთან ერთად ვატარებ. თუ დედა დაკავებულია, მასთან ერთად ვმუშაობ და ზოგჯერ ლექციებსაც ვესწრები“, – მოგვითხრო პატარა „სტუდენტმა“.
რა ენატრება ტასიკოს? მეგობრებთან ერთად ყოფნა, მხიარული თავგადასავლები და დედიკოსთან, მამიკოსთან და და-ძმასთან ერთად მოგზაურობა. თურმე ყველაზე მხიარულად კლასელებთან ერთად „გარდენიაში“ გართობა ახსოვს, ყველაზე ცხადად კი – ოჯახთან ერთად ევროპაში მანქანით მოგზაურობა.
ტასიკომ 1 ივნისი რომ ბავშვთა დაცვის დღეა, ჩვენგან გაიგო... დაფიქრდა და დიდივით გვითხრა – „ჩემი აზრით, ბავშვებს არ უნდა უჭირდეთ და უნდა ჰქონდეთ ლაღი და თავისუფალი ბავშვობა“.
გავა დრო. ანასტასიასაც ექნება თავისი ვილა „ყიყლიყო“, ეყოლება ბევრი ძაღლი, იმეგობრებს თუთიყუშებთან და ფისოებთან, იქნებ სცენაზეც გაიელვოს, იქნებ სულაც კოსმოსს გასწვდეს მისი გონება... მთავარი კი იქნება ერთი – ყველაფერს გააკეთებს, რომ სამყარო უკეთესი იყოს, ბავშვებს არ უჭირდეთ და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ, აი, ისეთი, როგორიც თავად ანასტასიას აქვს.