გვესაუბრება თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიხლაძე
— ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ცნობილია, მაგრამ მათი ვინაობა — გასაიდუმლოებული. ეს საიდუმლო საზოგადოებაში არაერთ კითხვას აღძრავს. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოითხოვს მათი ვინაობის, მისამართის და ასაკის გამხელას. მსგავსი მოთხოვნა მარტივად აიხსნება: ადამიანებს ეშინიათ ვირუსის და უნდათ დისტანცია დაიცვან ყველასგან, ვინც კი ინფიცირებულებს უკავშირდება. თუმცა პაციენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა პიროვნების თავისუფლების უზენაეს უფლებას უკავშირდება – პირადი ცხოვრების საიდუმლოს. რატომ არ შეიძლება სახელების გამხელა და რა ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს საზოგადოების მოთხოვნასა და ექიმის მხრიდან ეთიკის დაცვას შორის?
— პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ეპიდემიებთან დაკავშირებული შეზღუდვები, მათ შორის, კარანტინის გამოცხადება წარმოქმნის კონფლიქტს ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს შორის. საერთაშორისო დონეზე არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები, მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ნებისმიერ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის გეგმა და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს ეთიკურ პრინციპებს და საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებს. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, არა მხოლოდ ეთიკური პრინციპებით, არამედ საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული პაციენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალობა და ხელშეუხებლობა. სამედიცინო პერსონალი ვალდებულია დაიცვას პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლეში, არამედ მისი გარდაცვალების შემდგომაც კი.
— რა შემთხვევაში არის მიზანშეწონილი დაინფიცირებულთა ვინაობის გამხელა?
— კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტისგან მიღებულია თანხმობა ან ინფორმაციის გაუმჟღავნელობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. დაინფიცირებული პირის ვინაობის გამხელის საჭიროება საზოგადოებისთვის სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების კუთხით, ქვეყანაში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების ფონზე, დღეს არ არსებობს. კორონავირუსის (COVID-19) პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ექიმები — თითოეული ეს რგოლი საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში და ერთობლივი ძალისხმევით ზრუნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, საზოგადოების და თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე.
— რას უნდა განსაზღვრავდეს ეთიკის გაიდლაინები ექიმებისთვის?
— ექიმის უზენაესი მოვალეობაა პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ექიმები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ რთულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციებშიც. საზოგადოების მხრიდანაც გონივრული და კანონიერი მოლოდინია, რომ ექიმები იზრუნებენ მათ ჯანმრთელობაზე. გაიდლაინი და კანონმდებლობა არ ავალდებულებს ექიმს გააგრძელოს საქმიანობა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ, მაგრამ ასეთი გარემოებების დროს ექიმი ხელმძღვანელობს მისი პირადი მორალური ვალდებულებით და აგრძელებს პაციენტზე ზრუნვას არაპროპორციულად გაზრდილი რისკის ქვეშ, ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე „საზოგადოებასთან დადებული ხელშეკრულებისთვის’’. საზოგადოებაში ხომ არ არსებობს სხვა სექტორი, რომელიც შეძლებს ეპიდემიების აფეთქების დროს უმკურნალოს დაინფიცირებულ პაციენტს ან ჩაატაროს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ეს გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ყველა სხვა სამედიცინო პერსონალის მორალურ ვალდებულებას. ამ პირობებში იზრდება სახელმწიფოს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა — მაქსიმალურად შეამცირონ სამედიცინო პერსონალისთვის რისკები, სათანადოდ უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალის ინფორმირება, დაცვა, მხარდაჭერა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
— პანდემიის დროს შეიძლება საჭირო გახდეს პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებმა არ გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება და პროტესტი?
— იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის დროს პროცესების დაგეგმვა და მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, და მათ შორის, პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა ეფუძნება ეთიკურ პრინციპებს და ღირებულებებს, მიმდინარე პროცესები არის ლეგიტიმური და ეფექტური, რაც, თავის მხრივ, საზოგადოებისგან ნდობის და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საფუძველი უნდა იყოს და არა უკმაყოფილების ან პროტესტის.
ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგეს, პროფესორ პაატა იმნაძეს და თსუ ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგეს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს, ასევე, მათ არაჩვეულებრივ გუნდს საქართველოში COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში აქტიური მონაწილეობისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ესაუბრა თამარ დადიანი