შურთია ბეროშვილი
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტის კახაბერ ჭაფოძის კვლევის საგანს წარმოადგენს ომის ევოლუცია, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები. კვლევის ფარგლებში საინტერესო გამოცდილება იყო სტატიის გამოქვეყნება პოლონეთის სამეცნიერო ჟურნალში Ante Portas – SecurityStudies („კარიბჭესთან — უსაფრთხოების კვლევები“), რომელიც ინგლისურენოვანი რეფერირებადი ჟურნალია.
ახალგაზრდა მკვლევრის ინფორმაციით, სტატიაში „ომის ევოლუცია. ომის ბუნებისა და ხასიათის ცვალებადობისა თუ მდგრადობის (უცვლელობის) საკითხები“ განხილულია ომის ბუნებისა და ხასიათის ცვალებადობისა თუ მდგრადობის საკითხები, ომის ბუნებისა და ომის ხასიათის შედარება ომსა და ომის წარმოებასთან, ასევე, წარმოდგენილია ხედვა ომების ევოლუციასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომში გაანალიზებულია ისეთი სამხედრო თეორეტიკოსების ნაშრომები, როგორებიცაა: სუნ-ძი, კლაუზევიცი, მაიკლ ჰოვარდი, მარტინ ვან კრეველდი, მაქს ბუტი, მიუეტი, მერი კალდორი და ა.შ. ანტიკური ხანის სამხედრო თეორეტიკოსის სუნ-ძის ნაშრომის „ომის ხელოვნების“ ძირითადი აზრი წარმოჩენილია დღევანდელობის კონტექსტში.
„სტატიის მიზანი ომის ბუნებისა და ხასიათის ევოლუციის სპეციფიკური ასპექტების წარმოჩინებაა. მასში წარმოდგენილი ომის ოთხი თაობის ანალიზი მნიშვნელოვანია იმის გაგებისათვის, თუ რა იყო ომის თაობათა ცვლის ამძრავი. ამ მიდგომას მივყავართ მნიშვნელოვანი პრობლემების, როგორიცაა „თანამედროვე ომის წარმოებით გამოწვეული დილემების“ (რომლებმაც ომი შეიყვანეს აბსტრაქტულ განზომილებაში) გადაწყვეტამდე. ნაშრომში მოყვანილია კლაუზევიცის თეორიების მხარდამჭერი, ასევე საწინააღმდეგო თეორიები და მოსაზრებები, კერძოდ, კრეველდის, მაქს ბუტის, მერი კალდორისა და სხვების მოსაზრებები, რომლებმაც ომის ბუნება და ხასიათი სულ სხვა კუთხიდან გააანალიზეს და დაინახეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ომის აბსტრაქტულ ბუნებას ე.წ. „ომის ბურუსში“ შევყავართ და თანამედროვე სამხედრო თეორეტიკოსებისთვისაც კი ომის ჭეშმარიტი სახის ამოცნობა გადაუჭრელ დილემად რჩება. საბოლოოდ, ნაშრომში დასმულია და გამოკვეთილია პრობლემა, რომ საჭიროა სწორად გავაანალიზოთ ურთიერთგამომრიცხავი თეორიები, თანამედროვე მიდგომები, ისტორიული გამოცდილება და კონტექსტი. აუცილებელია, ამ ურთულესი საკითხის რელევანტურობის დადგენა თანამედროვე ეპოქასთან. ომის ბუნებისა და ხასიათის ევოლუციის თეორიული ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ ომის ჩატარებაზე გავლენას ახდენს ტექნოლოგიები, სამართალი, ეთიკა, კულტურა, სოციალური, პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაციის მეთოდები და სხვა ფაქტორები, რომლებიც იცვლება დროთა განმავლობაში და მათთან ერთად იცვლება ომის წარმოების მეთოდები და ხერხები, მაგრამ ომის ბუნება უცვლელი რჩება“, — ამბობს ახალგაზრდა მკვლევარი.