ნინი დადიანი თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტია. დამატებით იტაცებს ჟურნალისტიკა და ფსიქოლოგია. მარცხად მიაჩნია იმ შესაძლებლობებისა და შანსების არ გამოყენება, რასაც ცხოვრება სთავაზობს. სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამაზე მეტი ინფორმაცია გაეგო და უშუალოდ მიეღო მონაწილეობა პრაქტიკულ მეცადინეობებში.
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მომწონს საზოგადოებასთან ურთიერთობა, მასზე დაკვირვება და შესწავლა. საზოგადოების ცოდნა, მისი კვლევა და შესწავლა კარგი ინსპირაციაა ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად, ასევე, წერის ნიჭის განსავითარებლად. ვთვლი, რომ ჟურნალისტიკა არის ის, რომელსაც შეუძლია პროგრესული სოციალური ცვლილებები“, — ამბობს ნინი. მას მოსწონს, რომ დღევანდელი მედია გარემო ოპერატიულობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა არ მალავს იმ ნაკლს, რაც დღევანდელ მედიაში აშკარად ჩანს. „დღევანდელი მედია განიცდის ობიექტური ჟურნალისტიკის ნაკლებობას, რომელიც უფრო პოლიტიზირებულია და მიკერძოებული, ვიდრე ობიექტური. ვფიქრობ, რომ ხალხის ნდობა მედიის მიმართ შემცირებულია. ასევე, საზოგადოების ინტერესი ინტელექტუალური, სამეცნიერო და შემეცნებითი ინფორმაციის მიმართ შემცირებულია და არც მედია ზრუნავს ამ სფეროს გააქტუალურებაზე“, — ამბობს ნინი, რომელსაც მიაჩნია, რომ კრიტიკა, პირველ რიგში, თვითკრიტიკით უნდა იწყებოდეს. მისთვის პროგესი ასოცირდება რეალობის აღქმის, შეცდომის აღიარებისა და გამოსწორების უნარებთან.