თამარ დადიანი
„ევროპისმცოდნეობა სწრაფად, მაგრამ გააზრებულად ავირჩიე. საქართველო, რომელსაც მტკიცე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვს, ისეთ კადრებს საჭიროებს, რომლებსაც ევროპის მიმართულებით საფუძვლიანი ცოდნა და უნარები გააჩნიათ. ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის განხორციელებასაც კომპლექსური ძალისხმევა სჭირდება. ვფიქრობ, ამ დარგის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული ძალისხმევა საქართველოს ევროპული მომავლის ხელშემწყობი იქნება. მჯერა, რომ პრინციპი — „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“ ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და ჩემი თავდაპირველი იდეაც ამ მიმართულების არჩევისას ის იყო, რომ ამ პროცესში გამორჩეული წვლილი შემეტანა“, — ასეთი თამამი განაცხადი აქვს თსუ-ის ევროპისმცოდნეობის მაგისტრანტს ნიკა კრაწაშვილს, რომელიც ღრმა ბავშვობაში ბანკირობას გეგმავდა, მე-8 კლასში — ფიზიკოსობას, მე-11 კლასში იურისტობას, მაგრამ მე-12 კლასში საბოლოოდ ირწმუნა, რომ მომავალში საქმიანობად საერთაშორისო ურთიერთობების სფერო უნდა აერჩია.
„უმნიშვნელო აქტივობასაც კი ახალ შესაძლებლობებზე გავყავარ, ახალ ადამიანებს მაცნობს, კონკრეტულ უნარს მიძლიერებს, ახალ გამოცდილებას მიტოვებს და სხვა თუ არაფერი, გონებრივ დივერსიფიკაციაში მეხმარება,“ — ამბობს თსუ-ის ევროპისმცოდნეობის მაგისტრანტი ნიკა კრაწაშვილი, რომელიც სტუდენტობის დასაწყისიდანვე ერთვება ისეთ აქტივობებში, როგორიცაა: თბილისის ამერიკული კუთხისა და SKYE კლუბები; ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თსუ-ის საზაფხულო სკოლები; საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ექსპერტის ლექციათა ციკლები და ტრენინგები; მოხალისეობრივი აქტივობები იუსტიციის სახლსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში; ადგილობრივი და საერთაშორისო სამუშაო შეხვედრები: საერთაშორისო სკოლა მონტენეგროში; გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ბრატისლავას ფორუმი სლოვაკეთში; Erasmus + პროექტები საქართველოში, ესტონეთსა და ესპანეთში; GIP-ის მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS); ესეების კონკურსები და ბევრი სხვა.
ამ ყველაფერთან ერთად ნიკა კრაწაშვილი, პრიორიტეტს სწავლის მაღალ ხარისხს ანიჭებს. „ბაკალავრიატი წითელ დიპლომზე დავასრულე. უშუალოდ საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტიურობა ჩემს სკოლაში თსუ-ის დესპანობას, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის საქმიანობაში ჩართულობას, მსოფლიო პოლიტიკის კურსზე ლექტორის ასისტენტობას, კონფერენციებში რეგულარულად გამოსვლასა და აკადემიური ნაშრომების გამოცემას უკავშირდება. ყველაზე მეტად კი გამოვარჩევდი გრძელვადიან Erasmus+ საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი საფრანგეთში, ლუმიერის უნივერსიტეტ ლიონ 2-ში. ამ ორმა პროგრამამ ყველაზე გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში და 5-5 თვიან პერიოდებში სამყარო 180 გრადუსით ამობრუნებული დამანახა“, — აცხადებს ნიკა, რომელიც უნივერსიტეტის ბოლო კურსზე პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკის ლექტორმა რონდელის ფონდის გრძელვადიან კვლევით პროექტში — „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ჩართო, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიური სიახლეებისა და სტატიების წერა დაიწყო.
რამდენიმე თვის წინ ნიკა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საპარლამენტო სტაჟირების პროგრამაზე შეარჩიეს ერთი წლის ვადით. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს სწორედ სტაჟირებით გათვალისწინებულ მოვალეობებსა და მაგისტრატურას უთმობს, თუმცა სხვა კონკურსებსა და პროექტებშიც ცდილობს მონაწილეობის მიღებას.
სამომავლოდ ნიკა ფიქრობს, რომ დიპლომატიით დაინტერესდეს, მისი ყურადღების სფეროში მუდმივად ექცევა უშუალოდ საქართველოს ურთიერთობები ევროპასთან და სურს — ამ ჭრილში გააგრძელოს საქმიანობაც. „ვგეგმავ, რომ სწავლა მაგისტრატურის დამთავრების შემდგომაც გავაგრძელო. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ, მათ შორის, უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ყოველთვის ვცდილობ, ახალი შესაძლებლობებისთვის გახსნილი ვიყო! ეს ბევრ რამეს აადვილებს...“- ამბობს ნიკა, რომელიც ფიქრობს, რომ მომავალი პროფესია „ევროპისმცოდნეობა“ დიდ ასპარეზზე გაიყვანს და წარმატებით შეასრულებს მისიას ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესში.